Nuk
რა იწვევს ოსტეოართრიტს და როგორ ავიცილოთ თავიდან

თარიღი: 23 დეკემბერი, 2022

ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. დაავადება საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც.

 

რევმატოლოგი ხათუნა გერმისაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ოსტეოართრიტის სიმპტომების მართვა არამედიკამენტური მკურნალობით, კერძოდ წონის კორექციისა და სამკურნალო ვარჯიშებითაც ეფექტურად არის შესაძლებელი, თუმცა ეს პროგრესირებადი დაავადებაა.

 

ქალბატონო ხათუნა, რა არის ოსტეოართრიტი, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
ოსტეოართრიტი ადრე მოიხსენიებოდა, როგორც ოსტეოართროზი. ახალი დეფინიცია განაპირობა იმან, რომ აღნიშნულ დაავადებას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ანთებითი კომპონენტიც.

 

ეს არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც აზიანებს სახსრის ყველა კომპონენტს: ხრტილს, სინოვიუმს [სახსრების გარეთა საფარველი], სასახსრე ჩანთას, ძვალს, სახსრის მიმდებარე კუნთებს, კუნთების ძვალთან მიმაგრების ადგილებს – მყესებსა და იოგებს.

 

დაავადება პროგრესირებს და ვითარდება სახსრის დესტრუქცია, დეფორმაცია და დეფიგურაცია, აღნიშნული სახსრის ფუნქციის შეზღუდვით.

 

კონკრეტულად რა იწვევს სახსრის დეფორმაციას?
დეფორმაცია ძირითადად ვითარდება ძვლის და ხრტილის რემოდელირების ხარჯზე. ამის მიზეზია კიდითი ძვლოვანი წანაზარდები, რომელიც ოსტეოფიტების სახელწოდებითაა ცნობილი.

 

ადრე მათ მოსახლეობაში „მარილების“ სახელით მოიხსენიებდნენ, ახლა – უფრო იშვიათად. სინამდვილეში ეს არანაირად არის მარილების დაგროვება, არამედ – ხრტილის ზედაპირი იცვლება თვისობრივად, ცვდება, კარგავს თავის ფუნქციას, როგორც ამორტიზატორის, დამცავი ზედაპირის და შემდგომ გაშიშვლებული ძვალი, წანაზარდებით, იწვევს დეფორმაციას, რასაც ჩვენ ვიზუალურად, ხშირ შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ. ამის მაგალითია ხელის თითებზე განვითარებული „ჰებერდენის“ და „ბუშარის“ კვანძები.

 

რა ხდება დაავადების განვითარების მაპროვოცირებელი ორგანიზმში?
უპირველეს ყოვლისა ამ დაავადების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ჭარბი წონა და წონით სახსრის დატვირთვა; მდედრობითი სქესი, განსაკუთრებით, მენოპაუზის შემდეგ; გადატანილი სახსროვანი ტრავმები; ასევე, სახსრის ისეთი ხანგრძლივი ტრავმატიზაცია, როგორც ხდება პროფესიული სპორტის დროს.

 

დაავადების განვითარებას ასევე ხელს უწყობს შრომითი საქმიანობის თავისებურებანი, თანმხლები დაავადებები – დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, სახსრების ანთებითი დაავადებები (როდესაც მეორადად ვითარდება ოსტეოართრიტი და არა – როგორც პირველადი – ხრტილის დესტრუქციით და დეგრადაციით დაწყებული); შესაძლოა განვითარდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის თანდაყოლილი ან შეძენილი თავისებურებების ფონზე, როგორიც არის ტანდეგობის დარღვევა, ბრტყელტერფიანობა, სახსრების ჰიპერმობილობის სინდრომი, თანდაყოლილი დისპლაზიები.

 

რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს, ასევე, ადინამია და ჰიპოდინამია, ანუ ცხოვრების უმოძრაო წესი; ასაკი – როგორც წესი, ამ დაავადების განვითარება 45 წლის შემდეგ იწყება (დაავადების სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება), როდესაც პირველად ოსტეოართრიტზე ვსაუბრობთ, თუმცა, ანთებითი დაავადების ფონზე, შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.

 

როგორ ვლინდება ოსტეოართრიტი, რა ახასიათებს?
დაავადება ვლინდება ძირითადად ყრუ ხასიათის ტკივილით სახსარში. ტკივილი ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს, ხანგრძლივი სიარულისას და მცირდება ან სრულად გაივლის მოსვენებულ მდგომარეობაში.

 

დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, მსუბუქი სიმპტომატიკით და დიაგნოსტირება მოხდეს იმ ეტაპზე, როდესაც პაციენტს უკვე მოძრაობის შეზღუდვა აქვს, რაც სხვადასხვა ხარისხით ვლინდება – უმნიშვნელოდ გამოხატულიდან დაწყებული – ფუნქციის სრულ შეზღუდვამდე. სახსარში მოძრაობის შეზღუდვა ვითარდება ოსტეოფიტების ხარჯზე, კაფსულის გასქელების, სინოვიური გარსის ჰიპერპლაზიის და გამონაჟონის გამო. საბოლოოდ ვიღებთ სახსრების დეფორმაციას ქვე-ამოვარდნილობით [არასრული ამოვარდნილობა] და ამოვარდნილობით.

 

ოსტეოართრიტის დროს დილის შებოჭილობაც გვხვდება – იღვიძებს პაციენტი და პირველი, აქტიური მოძრაობების შესრულება უჭირს, მაგრამ ეს არ გრძელდება ნახევარ საათზე მეტ ხანს, განსხვავებით ანთებითი დაავადებისთვის დამახასიათებელი დილის შებოჭილობისგან, რომლის ხანგრძლივობაც საათზე მეტია.

 

რა ხდება, როცა ანთებითი კომპონენტი ემატება პროცესს?
თუ ანთებითი კომპონენტი დაერთო, ესე იგი, გაჩნდა გამონაჟონი სახსარში და ამას ოსტეოართრიტის ფონზე განვითარებული რეაქტიული სინოვიტი ჰქვია. სახსარი შესივებულია, ზომაში მომატებული, ადგილობრივად სიწითლე, როგორც ასეთი, არ ახასიათებს, მაგრამ შესაძლოა, შეინიშნოს ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, ანუ, შეხებით – ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან მეტ – ნაკლებად შეიძლება განსხვავებული იყოს.

 

ანთებითი კომპონენტის თანდართვა აღნიშნულ სახსარში მოძრაობის შეზღუდვით ვლინდება.

 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკა ხდება ძირითადად, კლინიკური ნიშნებით (ეს არის მუდმივი ხასიათის ტკივილი ერთ ან რამდენიმე სახსარში, რომელიც დატვირთვასთანაა კავშირშია, 30 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის დილის შებოჭილობა და ა.შ.), პაციენტის გასინჯვით, სახსრების შეფასებით და ანამნეზის შეგროვებით, თუმცა, დამხმარე მეთოდებიც გვჭირდება: ინსტრუმენტული-რენტგენოგრაფია – ოსტეოართრიტის სტადიის დასადგენად; ასევე – სახსრის ულტრასონოგრაფია (თანდართული რეაქტიული სინოვიტის სადიაგნოსტიკოდ), რათა მოხდეს გამონაჟონის რაოდენობის, რბილი ქსოვილების დაზიანების ხარისხის შეფასება.

 

იშვიათად მივმართავთ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას.

 

რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, მწვავე ფაზის, ანთებითი პროცესის მაჩვენებლები, როგორიცაა ერითროციტების დალექვის სიჩქარე და C რეაქტიული ცილა, ძირითადად ნორმის ფარგლებშია ოსტეოართრიტის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თანდართულია ანთებითი კომპონენტი, რეაქტიული სინოვიტი.

 

მკურნალობა როგორია დაავადების სხვადასხვა ეტაპზე?
ამ დროს მივმართავთ არამედიკამენტურ და მედიკამენტურ მკურნალობას.

 

ვიწყებთ პაციენტის ინფორმირებით. მან უნდა იცოდეს ამ დაავადების მიზეზები, რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ის ფაქტორები, რომელთა მართვაც შესაძლებელია და უნდა იცოდეს, რა არის პროგნოზი. თუკი ამას გააცნობიერებს პაციენტი, მაშინ უკვე შესაძლებელია არამედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობასაც მივაღწიოთ.

 

არამედიკამენტური მკურნალობის ფორმაა, მაგალითად, წონის კონტროლი.

 

კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში, პაციენტის რეალური წონის არანაკლებ 10%-ით შემცირება 50%-ით ამცირებს ტკივილის ინტენსივობას მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის დროს.

 

სწორად შერჩეულ სამკურნალო ვარჯიშს ისეთივე როლი აქვს ტკივილის მართვაში, როგორიც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, რომელსაც ვიყენებთ ოსტეოართრიტის მკურნალობის დროს.

 

ასევე ვიყენებთ ორთეზებს, იგივე ფიქსატორებს.

 

რაც შეეხება მედიკამენტურ  მკურნალობას, ეს ემსახურება ტკივილის მართვას. ესენია – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, რომლებიც ასევე გვეხმარება ანთებითი პროცესის კონტროლის მიღწევაში.

 

ზოგჯერ პაციენტი მიმართავს ექიმს, როდესაც ქვე-ამოვარდნილობა, სახსრის ამოვარდნილობა ვითარდება და სახსარი სრულიად ფუნქციადაკარგულია. ასეთ შემთხვევაში, კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია და ქირურგიული ჩარევა, კერძოდ – ენდოპროთეზირება, ანუ ხელოვნური სახსრის გამოყენება ხდება საჭირო (ძირითადად-მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ოსტეოართრიტის დროს). ენდოპროთეზირება, დღესდღეობით, წარმატებით ხორციელდება.

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის ნეგატიური ფაქტორები, რაც ბუნებრივ სახსარზე უარყოფითად ზემოქმედებდა, მაგალითად, ჭარბი წონა, ხელოვნური სახსრისთვისაც არასასურველ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

 

ამიტომ, წონის კონტროლი ამ შემთხვევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეთხოვება პაციენტს, მით უფრო, რომ ოსტეოართრიტი არ არის ერთი სახსრის დაავადება, ეს არის გენერალიზებული პროცესი და შესაძლოა, სხვა ნებისმიერი სახსარიც დაზიანდეს.

 

თვითმკურნალობა რამდენად საზიანო შეიძლება იყოს?
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები საჭიროა ტკივილის კუპირებისთვის. ჩვენ ვიყენებთ ანთებითი პროცესის კონტროლის მისაღწევად, მაგრამ მიუღებელია პაციენტების მიერ მათი თვითნებურად, მით უფრო, უკონტროლოდ გამოყენება.

 

დღეს ასევე ძალიან ხშირად ვხვდებით კვებითი დანამატების უკონტროლო მოხმარებას. ასეთი ძალიან ბევრი პრეპარატია შემოსული ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელსაც პაციენტები თვითნებურად მოიხმარენ. აღნიშნულ კვებით დანამატებს არ გააჩნია კვლევებით მხარდაჭერა. გვრჩება მხოლოდ გაწეული ხარჯები და რიგ შემთხვევებში – გამოხატული გვერდითი მოვლენები.

 

მნიშვნელოვანია მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობა – კვირაში სამი დღე 30 წუთი ფეხით სიარული. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი არჩევანი ოსტეოართრიტის განვითარების პრევენციისთვის და ტკივილის მართვის თვალსაზრისითაც, როდესაც უკვე ამ დაავადებასთან გვაქვს საქმე.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge