რას ნიშნავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ?

თარიღი: 07 დეკემბერი, 2017

რას ნიშნავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ?

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა (სგგდ) რიცხვს მიეკუთვნება ისეთი დაავადებები, რომელთა გადაცემა ხდება უპირატესად სქესობრივი კონტაქტით. სგგდ-ან ყველაზე მეტად გავრცელებულია: ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ათაშანგი (სიფილისი), გონორეა, ჰერპესი, მიკოპლაზმოზი-ურეაპლაზმოზი, B და C ჰეპატიტი, შიდსი.

როგორი ხდება სგგდ-თა გავრცელება?

დაინფიცირება შესაძლებელია ნებისმიერი გზით (ვაგინალური, ანალური, ორალური) განხორციელებული სქესობრივი აქტის დროს და ხანდახან აქტის გარეშეც – სასქესო ორგანოების შეხებითაც კი, განურჩევლად პატრნიორისა (როგორც შემთხვევით პარტნიორთან, ასევე ცოლქმრული ურთიერთობის დროს) და იმისა, სქესობრივი აქტი განხორციელდა ერთჯერადად, თუ მრავალჯერადად. ასე რომ, სქესობრივი ცხოვრების მქონე ნებისმიერი პირი დგას სგგდ-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

არსებობს ზოგიერთი სგგდ-ის გავრცელების სხვა გზებიც: 

მაგ: შიდსით, აგრეთვე B და C ჰეპატიტით დაინფიცირება შესაძლებელია დაავადებული პირის სისხლთან კონტაქტის გზით, ნახმარი შპრიცების ან ნემსების გამოყენებისას ან სისხლის გადასხმის შედეგად. 

სგგდ (შიდსის ჩათვლით) არ გადაიცემა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემთხვევითი კონტაქტებით, მაგ. შეხებით, ხელის ჩამორთმევით, სახელურებზე ხელის მოკიდებით,საერთო აბანოსა და საცურაო აუზის, ან საერთო ჭურჭლისა და საკვების გამოყენებით.

 

როგორია სგგდ-ს ნიშნები?

სგგდ-ს ნიშნები განსხვავებულია და სხვადასხვაგვარად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანს შენიშნავთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.

ქალებში ინფექციის უხშირესი ნიშნებია:

- უჩვეულო გამონადენი საშოდან, ან ცუდი სუნი;

- ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;

- წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;

- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;

-ტკივილი მუცლის ქვემო არეში.

მამაკაცებში ინფექციის უხშირესი ნიშნებია:

- ტკივილი ან წვა მოშარდვისას;

- სასქესო ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი;

- წყლულები, ბუშტუკები, სხვა გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები სასქესო ასოზე, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

სგგდ ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. თუ თქვენს პარტნიორს სგგდ აქვს, თავადაც შეიძლება დაინფიცირებული იყოთ, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დაავადების ნიშნები.

შიდსის ვირუსით დაინფიცირებისას დაავადების ნიშნები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოვლინდეს!

 

როგორ მოვიქცეთ სგგდ-ის ნიშნების აღმოჩენისას?

თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი შენიშნავთ სგგდ-ის რომელიმე ნიშანს ანუ თუ დაეჭვდით, რომ გაქვთ სგგდ, მაშინვე მიიღეთ ზომები:

1. მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და დროულად დაიწყეთ მკურნალობა, ვინაიდან სგგდ-ების უმრავლესობა ადვილად ემორჩილება დროულად დაწყებულ და სწორად წარმართულ მკურნალობას. კვალიფიციური ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევებს კონკრეტული ინფექციის დადგენისა და შესატყვისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით. მნიშვნელოვანია არამარტო სწორი მკურნალობის შერჩევა, არამედ მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა;

2. არ დაუშვათ ინფექციის გავრცელება, არ იქონიოთ სქესობრივი კავშირი მანამ, სანამ მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციას პარტნიორს გადასცემთ და მისგან კვლავ დაინფიცირდებით. თუ ვერ შეძლებთ სქესობრივი კონტაქტისათვის თავის არიდებას - გამოიყენეთ პრეზერვატივი;

3. დაეხმარეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორს მკურნალობაში: საჭიროა დაარწმუნოთ პარტნიორი ექიმთან მისვლისა და მკურნალობის ჩატარების აუცილებლობაში. თუ თქვენ იმკურნალებთ და პარტნიორი კი არა, შესაძლოა მისგან კვლავ დაინფიცირდეთ;

4. განმეორებით მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ განიკურნეთ.

გახსოვდეთ, განსაკუთრებით საშიშია თვითმკურნალობა!

მკურნალობის დაგვიანებული დაწყებისა ან არასწორად ჩატარებისას ჯამრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს:

• ქალებში სგგდ ხელს უწყობს ისეთი გართულებების განვითარებას, როგორიცაა მენჯის ღრუს ორგანოების ქრონიკული ანთება, საშვილოსნოს ყელის კიბო, სასქესო ორგანოების სხვა სიმსივნეები, უნაყოფობა, საშვილოსნოს გარე ორსულობა, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა;

• მამაკაცებში ინფექციის ფონზე ხშირად ვითარდება სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები (მაგ: პროსტატიტი), სტერილობა (უნაყოფობა), ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და სხვა გართულებები. 

სგგდ შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს.

როგორ შეიძლება სგგდ-ის თავიდან აცილება?

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გახსოვდეთ სგგდ-გან თავის დაცვის ერთადერთი საიმედო საშუალება არის უსაფრთხო სექსი.

• თავი მოარიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს.

• ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება ადამიანს წინდაუხედავს ხდის და ხელს უწყობსსგგდ-ის გავრცელებას.

• ყოველი შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს გამოყენეთ კონდომი (პრეზერვატივი).

როგორ მოვიქცეთ როდესაც ვგეგმავთ ოჯახის შექმნას?

ქორწინებამდე მიმართეთ ექიმს (ვენეროლოგს) მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა ჩივილები რათა თავიდან იყოს აცილებული სგგდ -ს გადადება მეუღლეზე და ზემოთ ნახსენები პრობლემები.