Nuk
რატომ არ დგება ორსულობა, როდესაც ქალს ყველა ანალიზი ნორმაში აქვს

თარიღი: 17 თებერვალი, 2021

რა დროს არის სახეზე უნაყოფობის დიაგნოზი, როდის იღებს ექიმი გადაწვეტილებას ინ ვიტრო განაყოფიერებაზე და რა ეტაპებია გასავლელი წინასწარ – ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს ქართულ ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა “რეპროარტის” დირექტორი, საქართველოს რეპროდუცქიული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე ლიკა ჭყონია პასუხობს

ქალბატონო ლიკა, საინტერესოა გაიზარდა თუ არა უშვილობის დიაგნოზების რიცხვი როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში? თუ უბრალოდ ადამიანებმა შეხედეს უფრო ღიად ამ თემას და დაიწყეს იმაზე საუბარი, რაზეც აქამდე არ საუბრობდნენ?
ლიკა ჭყონია: ამ შეკითხვაზე ორნაირი პასუხი შემიძლია გაგცეთ. პირველი, რის გამოც უნაყოფობის დიაგნოზების რაოდენობა გაიზარდა ის არის, რომ ჩვენ უფრო ღრმა კვლეევბის ჩატარების საშუალება მოგვეცა. სხვა შემთხვევაში ამ ადამიანებს უბრალოდ სხვა დიაგნოზი ექნებოდათ. რასაკვირველია, ამაში გარკვეული როლი იმანაც შეასრულა, რომ ჩვენი მენტალობა შეიცვალა და ადამიანებმა დაიწყეს საუბარი იმ პრობლემებზე, რაზეც ადრე არ საუბრობდნენ ასე ღიად. შესაბამისად მომართვიანობაც გაიზარდა, რაც ძალიან კარგია. საბედნიეროდ, ადამიანებს აღარ რცხვენიათ და აცნობიერებენ, რომ უნაყოფობა სამედიცინო პრობლემაა, დიაგნოზია და ამაში არაფერია სამარცხვინო.

რა არის უშვილობა, რა დროს სვამს ექიმი ამ დიაგნოზს? როდის ითვლება, რომ სახეზეა არა რაღაც დროებითი დაბრკოლება, არამედ უშვილობა და უკვე სხვა ტიპის ჩარევაა საჭირო?
ლიკა ჭყონია: უნაყოფობის დეფინიცია ძალიან კარგად აქვს განმარტებული “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას”. ზოგადად, უნაყოფობის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც წყვილს ერთი წლის განმავლობაში აქვს დაუცველი სქესობრივი ცხოვრება და ორსულობა არ დგება. თუ ვისგან და რისგან არის გამოწვეული ეს დიაგნოზი, ეს უკვე ირკვევა მას შემდეგ, რაც წყვილი ექიმთან მივა და კვლევებს ჩაიტარებს, თორემ თუ დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის თავზე ორსულობა არ დგება, ეს უკვე იძლევა უნაყოფობის დიაგნოზის დასმის საფუძველს. თუ ქალბატონი 35 წელზე უფროსია, ერთი წელიც არ უნდა მოიცადოს და ექიმს ექვსი თვის შემდეგ მიაკითხოს. თუმცა, სამართლიანი არ არის, როდესაც ხაზი მხოლოდ ქალის ასაკს ესმევა. ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მამაკაცის როგორც ასაკი, ასევე ცხოვრების წესიც.

ერთი წლის განმავლობაში დაუცველი სქესობრივი ცხოვრება გულისხმობს მხოლოდ ოვულაციის დღეებში ურთიერთობას თუ ზოგადად?
ლიკა ჭყონია: იგულისხმება რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, დღეების განსაზღვრის გარეშე.

როდესაც უნაყოფობის მიზეზებზე ვსაუბრობთ, მთავარი მიზეზები, რასაც ექიმები ასახელებენ ხოლმე, არის მაგალითად ჩიყვის პრობლემა, ინსულინრეზისტენტობა და ა.შ. თუმცა გვხვდება შემთხვევები, როდესაც ორსულობა დგება ისეთი ქალის ორგანიზმში, სადაც სამედიცინო კუთხით წესით არ უნდა დადგეს და პირიქითაც, ქალს კვლევების მხრივ ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ ორსულობა არ დგება. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე?
ლიკა ჭყონია: ზოგადად თუ უნაყოფობის დიაგნოზი არ არის, ორსულობის დადგომის შანსი ყოველთვის არსებობს, მათ შორის ინსულინრეზისტენტობის და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროსაც… ზოგადად პირველი კვლევა, რომელსაც ვატარებთ, არის რეპროდუქციული სისტემის ჰორმონების კვლევა, რომ დავსვათ დიაგნოზი. არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელსაც ჩვენც მივდევთ და ყველა ექიმმა იცის, თუ რა კვლევები ჩაატაროს დიაგნოზის დასასმელად.

 

თქვენ ახსენეთ შემთხვევები, როდესაც თითქოს ყველაფერი რიგზეა, ფოლიკული დროზე მწიფდება და ა.შ, მაგრამ ორსულობა არ დგება. საქმე იმაშია, რომ ფოლიკული შეიძლება მწიფდება, მაგრამ მასში რა არის, ეს ჩვენ არ ვიცით. უფრო სწორად არ ვიცოდით. ინ ვიტრო განაყოფიერებების რიცხვის ზრდამ და რეპროდუქციული გენეტიკის განვითარებამ მოგვცა შანსი, რომ ამ მიმართულებით დიდი ცოდნა მიგვეღო და მინდა გითხრათ, რომ ეს აბსოლუტურად ფანტასტიური ერაა, როდესაც შესაძლებელი გახდა ემბრიონის ბიოლოგიის და გენეტიკის გამოკვლევა. თვალით შეიძლება არაჩვეულებრივი ემბრიონი იყოს, მაგრამ არ ჩანს მისი ქრომოსომების სტრუქტურა, მდგომარეობა და ა.შ. ამის დანახვა სწორედ ამ არაჩვეულებრივი მეთოდის, პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების მეშვეობით შეიძლება. თუმცა ემბრიონი ჯანმრთელი რომც იყოს, არც ეს არის 100%-იანი გარანტია, რომ ორსულობა დადგება. თუმცა ამ მხრივ ყოველდღიურად წინ მივდივართ…

ქალბატონო ლიკა, თქვენი კლინიკა ამ მრივ ერთ-ერთი მოწინავეა და ბუნებრივია, მსმენელისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა ეტაპებს მოიცავს თქვენს კლინიკაში წყვილის გზა პირველი ვიზიტიდან და დიაგნოზიდან კონკრეტულ მანიპულაციამდე?
ლიკა ჭყონია: პირველ რიგში, ჩვენ ვცდილობთ კვლევები რაც შეიძლება მოკლე დროში ჩავატაროთ, რადგან არიან პაციენტები, ვისთვისაც ერთი თვის დაგვიანებაც კი გადამწყვეტია და ამ შანსის გაშვების შემთხვევაში შესაძლოა მათ შვილი აღარ ეყოლოთ. ეს რასაკვირველია ასაკთან არის დაკავშირებული. 38-39 წლის ქალბატონის შემთხვევაში ყოველი თვე შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ქალი იბადება კვერცხუჯრედების გარკვეული მარაგით. ამ კვერცხუჯრედებიდან ყველა არ არის სიცოცხლისუნარიანი, რომლიდანაც შეიძლება ჯანმრთელი ნაყოფი განვითარდეს. ასეთია საერთო რაოდენობის 70%. ხშირად ამბობენ, რომ გაკეთდა ყველა კვლევა, ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ არ დგება ორსულობა. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც განაყოფიერდა ის კვერცხუჯრედი, რომელსაც არ ჰქონდა განვითარების შესაძლებლობა.

ყოფით ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით მაგალითებს, როდესაც წყვილს ჰქონდა უნაყოფობის დიაგნოზი, გასული იყო ერთ წელზე მეტი მათი რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დადგა ორსულობა. ასეთი შემთხვევები ერთგვარი იმედის ნაპერწკალია მათთვის, ვინც წლებია ებრძვის ამ პრობლემას. რა დროს არის აუცილებელი ინ ვიტრო განაყოფიერება და როდის შეუძლია წყვილს, უბრალოდ დაელოდოს ასეთ შემთხვევას
ლიკა ჭყონია:  ჩემი აზრით,პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და სხვისი მაგალითით ცხოვრება არ შეიძლება. განსაკუთრებით ეს მედიცინას ეხება. ხშირად მოსულა პაციენტი და უთქვამს, რომ მისმა მეზობელმა 46 წლის ასაკში, თავისი კვერცხუჯრედით გააჩინა ბავშვი, რაც სიმართლე არ არის – მან დონორის კვერცხუჯრედი გამოიყენა. რასაკვირველია, ამ ადამიანს არ სურს თავისი საიდუმლოს გამხელა, თუმცა ტყუილის თქმით სხვა ადამიანს უკეტავს იმ გზას, რომელიც შესაძლოა მისთვის ერთადერთია.

ზოგადად ინ ვიტრო განაყოფიერება ერთადერთი გამოსავალი არ არის, ყველა წყვილის შემთხვევა ინდივიდუალურია და მკურნალობის მეთოდებიც განსხვავდება. რაც შეეხება ლოდინს, თუკი თქვენი ასაკი ხელს გიწყობთ და შინაგანადაც მზად ხართ, შეგიძლიათ დაელოდოთ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ორსულობა ან დადგება, ან არა.

რა გამოსავალს გვთავაზობს მედიცინა მაშინ, როდესაც უშვილობა მამაკაცის მიზეზითაა გამოწვეული?
ლიკა ჭყონია:  დღესდღეობით მედიცინას ქალის გარდა, მამაკაცის დახმარების შესაძლებლობაც აქვს. გააჩნია მიზეზს და დიაგნოზს. თუმცა ვიტყვი, რომ ცხოვრების წესში რაღაცის შეცვლამაც შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს პრობლემის გადაჭრაზე. თუნდაც სიგარეტისათვის თავის დანებება შესაძლოა ძალიან წაადგეს პრობლემის მოგვარებას…

ქალბატონო ლიკა, ჩვენ უკვე ვახსენეთ ქალის ასაკი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაა – რა უნდა იცოდნენ ქალებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ასაკის შესახებ?
ლიკა ჭყონია: ქალის რეპროდუქციული ფუნქცია კლებისაკენ, როგორც წესი 35 წლის ასაკის შემდეგ მიდის. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც ეს უფრო ახალგაზრდა ასაკში ხდება. ეს არის გარკვეული გენეტიკური პრობლემებით განპირობებული დაავადება. მნაადრევი კლიმაქსი შეიძლება 28 წლის ასაკშიც კი განვითარდეს. 35 წლის შემდეგ რეპროდუქციული ფუნქცია იწყებს კლებას, 39 წლის ასაკის შემდეგ კი კრიტიკულად ეცემა. ყველაზემნიშვნელოვანი ის არის, რომ ქალი იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა საჭირო მომენტი არ გამოეპაროს.

წეღან ბრძანეთ, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება ყველას არ სჭირდება. რა დროს არის ის საჭირო?
ლიკა ჭყონია: ცალსახად საჭიროა, როდესაც ქალს მილები არ აქვს წესრიგში. ასევე მამაკაცის პრობლემის შემთხვევაში, როდესაც სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირეა. აუცილებლად საჭიროა პოლიკისტოზური საკვერცხეების შემთხვევაშიც, როცა პაციენტმა ყველაფერი სხვა უკვე სცადა. ზოგადად ინ ვიტრო განაყოფიერების რეკომენდაცია სხვა ჩვენებების დროსაც შეიძლება გაიცეს, ამ ჩვენებების სია გრძელია, თუმცა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ინ ვიტრო განაყოფიერება საჭირო ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებშია.

პაციენტები ხშირად არ უჯერებენ ექიმის რჩევას, ამბობენ რომ მზად არ არიან ინ ვიტრო განაყოფიერების ჩასატარებლად. ეს რასაკვრიველია მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მაინც ვურჩევდი, რომ ექიმს დაუჯერონ.

ისიც საჭიროა, რომ ექიმმაც დროულად მისცეს პაციენტს ეს რეკომენდაცია, რადგან არც ინ ვიტრო განაყოფიერება არის ჯადოსნობა, მისი გამოყენების შემთხვევაშიც ადამიანს შვილის გაჩენის შანსი შესაძლოა 40%, 60% და ა.შ. ჰქონდეს. 100%-იანი მედიცინაში არაფერია.

ქალბატონო ლიკა, ინ ვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობა საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ მართვას? თუ ისევე იმართება, როგორც ჩვეულებრივი ორსულობა?
ლიკა ჭყონია: ინ ვიტრო განაყოფიერებას სპეციალური მართვა მხოლოდ პირველი კვირების განმავლობაში სჭირდება, როდესაც ხდება გარკვეული ჰორმონალური პრეპარატებით დახმარება. როგორც წესი ეს 7 კვირამდე გრძელდება, გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება 12 კვირამდეც გაგრძელდეს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. შემდეგ არის უკვე ჩვეულებრივი ორსულობა. საქართველოში ითვლება, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებით დამდგარი ორსულობა უნდა დასრულდეს საკეისრო კვეთით და მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთშიც და ჩვენთანაც, თითქმის ერთი და იგივე ასაკობრივი ჯგუფის ორსულებზე ვსაუბრობთ, იქ ინ ვიტრო განაყოფიერება რისკად არ ითვლება, ჩვენთან კი.

თქვენ ახსენეთ კვერცხუჯრედების განლევა. როგორ უნდა გავიგოთ რა მარაგია დარჩენილი?
ლიკა ჭყონია: ამისთვის არსებობს სპეციალური კვლევები და რასაკვირველია, ანალიზებიც. სწორედ ამისთვის არის საჭირო პროფესიონალთან მისვლა, რომელიც ზუსტად საირო კვლევებს ჩაატარებს.

როგორც აღნიშნეთ, ინ ვიტრო განაყოფიერების რეკომენდაცია ყოველთვის არ გაიცემა, თუმცა იცდით და მკურნალობას მიმართავთ თუ არა მაშინაც, როდესაც საქმე ასაკოვან წყვილს ეხება?
ლიკა ჭყონია: ასეთ შემთხვევაში ვცდილობთ დაყოვნება არ მოხდეს, რადგან ასაკთან ერთად იკლებს ინ ვიტრო განაყოფიერებით დაორსულების შანსიც. როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს შემთხვევები, როცა ერთი თვეც შეიძლება გადამწყვეტი იყოს.

თუ ადამიანმა გადაწყვიტა ინ ვიტრო განაყოფიერება, მან უნდა აარჩიოს კლინიკა, ექიმი და ა.შ. რას უნდა მივაქციოთ ასეთ დროს ყურადღება? ძალიან ხშირად წყვილები საქართველოდან სხვა ქვეყნებში მიფრინავენ ანალიზების ან პროცედურისთვის…
ლიკა ჭყონია: განვითარებულ ქვეყნებში ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარების მსურველთათვის არსებობს სპეციალური რეგისტრი, სადაც მოცემულია ინფორმაცია ყველა იმ კლინიკის შესახებ ,რომელიც ეწევა აღნიშნულ საქმიანობას. აღნიშნულ რეგისტრში მოცემულია მონაცემები ამ კლინიკის შესახებ, რამდენი პროცედურა ჩატარდა, რამდნეი დასრულდა წარმატებით და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან აღნიშნული რეგისტრი არარსებობს და პაციენტებს ჩვენს შესახებ ამბების გაგება მხოლოდ ჩვენგან ან ნაცნობებისგან შეუძლიათ.  ჩვენი დიდი სურვილია, რომ გაკეთდეს ასეთი რეგისტრიც საქათველოში, რომელიც პაციენტებს მისცემს არჩევანის საშუალებას.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი უცხო ქვეყნიდან, მათ შორის განვითარებული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან პაციენტები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ფასები შედარებით დაბალია, არამედ იმიტომაც, რომ შედეგები გვაქვს კარგი. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპროდუქციული მედიცინის კუთხით საქართველომ მსოფლიო რუკაზე თავისი ადგილი უკვე დაიკავა.

კონკრეტულად თქვენი კლინიკის შესახებ რომ გვითხრათ, რა სამომავლო გეგმები გაქვთ? ვიცით, რომ გაფართოებას გეგმავთ… რა სიახლეები ელით მომავალ პაციენტებს?
ლიკა ჭყონია:  ახლახანს ჩვენთან გაიხსნა ბიო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც გათვლილია გენურ კვლევებზე. ჩვენი სურვილი და ოცნებაა რეპროდუქციული გენტიკის განვითარება საქართველოში. გვინდა, რომ ადგილზევე კეთდებოდეს ის ანალიზები, რასაც ამერიკაში ვაგზავნით. გვსურს, რომ  პრენატალური დიაგნოსტიკა იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს უცხოეთში კეთდება. ასევე გვინდა, რომ განვითარდეს ის გენეტიკური კვლევები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, პაციენტს გავცეთ ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რატომაა უნაყოფო. ამ საქმეში მოლეკულური გენეტიკის წარმომადგენელი წარმატებული მეცნიერები არიან ჩართული როგორც ამერიკიდან, ასევე საქართველოდან და იმედი გვაქვს ყველაფერი გამოვა…


წყარო: https://fortuna.ge