Nuk
რატომ არის წყალი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?

თარიღი: 14 ოქტომბერი, 2020

წყალი მთლიანი სხეულის 60%–ს შეადგენს. გამოირჩევა როგორც სასარგებლო, ისე სამკურნალო თვისებებით.

დეჰიდრატაცია (ანუ გაუწყლოება) იწვევს ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს. ამ დროს ვითარდება:
- დაღლილობა;
- გამოფიტვა;
- თავის ტკივილი;
- გულის აჩქარება;
- სისუსტე;
- ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- მეხსიერების გაუარესება.

თავის ტვინის დაახლოებით 70-80% წყლისგან შედგება. გაუწყლოების დროს სხეული და გონება სტრესში ვარდება, ხოლო წყურვილის  შეგრძნება უკვე მსუბუქ დეჰიდრატაციაზე მიუთითებს.  

ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას, ახლავე დალიეთ ეს მაცოცხლებელი სითხე!

წყლის სასარგებლო თვისებებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი.

წარმოგიდგენთ წყლის სასარგებლო თვისებებს:
- წყალი იმუნიტეტს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება. მისი ადეკვატური რაოდენობით მიღება განაპირობებს თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას.  წყლის დახმარებით ორივე ორგანო ორგანიზმიდან დევნის მავნე, ტოქსიკურ  ნივთიერებებს; ამიტომაც ვურჩევთ ხოლმე გაციებისა და რიგი დაავადებების დროს ბევრი სითხის მიღებას;
- წყალი სიმსუქნისა და დიაბეტის საპროფილაქტიკო საშუალებაცაა. გაუწყლოების დროს ინსულინისა და შაქრის ცვლა არასწორ რეჟიმში მიმდინარეობს;
- საზოგადოებაში გავრცელებული აზრი თითქოს წყალი ასუქებს, მითია. რეალურად წყალი ხელს უწყობს წონის კლების პროცესს, ვინაიდან იწვევს დანაყრების შეგრძნებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით ცივი წყალი;
- მისი საშუალებით სწორად და რეჟიმულად გამომუშავდება მელატონინი (ძილის ჰორმონი);
- აუცილებელია რეკომენდებული რაოდენობის წყლის მიღება ოსტეოქონდროზის, ართროზის, ართრიტის, ძვლებისა და სახსრების სხვა დაავადებების დროს, რადგან წყალი კვებავს ხრტილოვან და ძვლოვან ქსოვილს;
- წყალი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. საკვების მონელება იწყება პირის ღრუდან ნერწყვის მეშვეობით,  რომლის საფუძველსაც წარმოადგენს წყალი. წყლის დეფიციტი განაპირობებს ნაწლავების პერისტალტიკის დაქვეითებას, განავლოვანი მასების პასაჟის გაძნელებას და შესაბამისად, შეკრულობას;
- იცავს ორგანიზმს გადახურებისგან. სწორედ ამიტომ ზაფხულში განსაკუთრებით რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლის მიღება;
- წყალი ძალიან მნიშვნელოვანია სახის კანისთვის, რადგან მონაწილეობს კოლაგენის (კოლაგენი – ცილა, რომელიც შემაერთებელ ქსოვილს სიმტკიცესა და სიმკვრივეს ანიჭებს) სინთეზში. გაუწყლოება ხელს უწყობს კანის დაბერებას და დანაოჭებას. კანის სიმშრალისა და თმის მტვრევადობის მიზეზი შესაძლოა დეჰიდრატაცია იყოს.
- წყალი ანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავიანობას, რაც გასტრიტისა და კუჭის წყლულოვანი დაავადებების გამწვავებას აგვაშორებს თავიდან.
- მსოფლიოში შეინიშნება  შარდკენჭოვანი დაავადების სიხშირის ზრდა,  რისი ერთ-ერთი მიზეზიც გაუწყლოებაა.  წყალი შარდში შლის მარილებსა და მინერალებს, გაუწყლოების დროს კი ასეთი მარილებისაგან წარმოიქმნება მყარი კრისტალები და თირკმლის კენჭები.

 

წყარო: https://kirurgia.ge/