Nuk
რჩევები Covid-19 დროს

თარიღი: 10 სექტემბერი, 2021

ლალი ანდრიაშვილი

მედიცინის დოქტორი, ოჯახის ექიმი

 

რას განიცდის პაციენტი Covid -19 ის დროს? როგორია მისი სუბიექტური მდგომარეობა და როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის შემსუბუქება?

 

მალე ორი წელი გახდება, რაც მსოფლიო covid-19 ის პანდემიამ მოიცვა და ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. დაგროვდა მდიდარი მასალა და გამოცდილება, რის საფუძველზეც მეცნიერების და ექიმების მიერ შეიქმნა  დაავადების პრევენციისთვის დაცვის საშუალებები, პროფილაქტიკური აცრები, დაავადების მიმდინარეობის მართვის გაიდლაინები.კოვიდის თუ პოსტკოვიდური მდგომარეობის მართვის სქემები. მაგრამ რა ეტაპებს გადის თვითონ პაციენტი ემოციურად? როგორია მისი სუბიექტური დამოკიდებულება დაავადების მიმართ? შესაძლებელია თუ არა დახმარება?

დაავადების დაწყებიდან პაციენტის განცდები და ემოციები კრიზისის  ეტაპებს და სტადიებს  გადის და დახმარებაც  შესაბამისი უნდა იყოს.

1. უარყოფა  - როდესაც პაციენტს ეწყება დაავადების პირველი ნიშნები, ცდილობს დაარწმუნოს თავი, რომ  ეს კოვიდი არ იქნება, ალბათ გავცივდი, კონდენციონერთან ვიჯექი, ცუდად მეძინა, გადავიღალე და ა.შ

აუცილებელია:  პირველი სიმპტომის დაწყებისთანავე სასწრაფოდ შესაძლო კონტაქტების გახსენება და ტესტირება! თუ სწრაფი ტესტი უარყოფითია  უნდა გაკეთდეს PSR ! მაქსიმალურად ემოციის გარეშე ქმედება! მთავარია დროული დიაგნოსტიკა და დაკვალიანება!

2. დამნაშავის ძებნა - რატომ დამემართა, ნუთუ პირბადე მოვიხსენი? ის ადამიანი ჩემთან ახლოს იჯდა და ახველებდა, არასწორი აკრძალვების ბრალია და ა.შ

აუცილებელია: კონტაქტის გახსენება,როგორც კოვიდინფიცირებულთან, ვინც შესაძლოა იყოს წყარო და ასევე ბოლო დღეების  კონტაქტები. ემოციის გაერეშე მათთან დროული კომუნიკაცია და კოვიდდადებითობის შეტყობინება. მთავარია რომ ადამიანებმა იცოდნენ ამის შესახებ თვითონ ინფიცირებულისგან  და არა სხვა წყაროებიდან, თუმცა რა თქმა უნდა საბედნიეროდ ყველა კონტაქტი  არ ინფიცირდება. 

3. თავის დამშვიდება - არც ისე რთულადაა საქმე? უამრავმა ადამიანმა გადაიტანა გართულების გარეშე, ბოლოსდაბოლოს ვირუსია, დღეს მედიცინა მრავალ დაავადებას ამარცხებს!

აუცილებელია: პრობლემების სერიოზული აღქმა, covid-19  მართალია ხშირად მიდის მსუბუქად, გართულებების გარეშე, მაგრამ ასევე ძალზედ ხშირია სტაციონარიზაციის თუ ინტენსიური თერაპიის საჭიროება! ამიტომ დაავადების დასაწყისიდანვე ყველა რეკომენდაციის და ინსტრუქციის ზედმიწევნით და გულდასმით შესრულება: პოზიტიური ფიქრები, აქტიური მოძრაობა, სუნთქვითი ვარჯიშები,სითხის მიღება,სასიცოცხლო მაჩვენებლებზე(სუნთქვა, პულსი, ტემპერატურა) დაკვირვება,იმუნურ ფაზაში ანალიზების კონტროლი და ექიმის დანიშნულების შესრულება!

4. უიმედობა-უსუსურობის განცდა - მე ამას ვერ გადავიტან, მთელი სხეული მტკივა, ძალა არ მაქვს, მოძრაობა არ შემიძლია,სიცხემ ყველა რესურსი წამართვა და ა.შ.

აუცილებელია: ყველა რეკომენდაციის შესრულება (მე-3 პუქტი), იმის გახსენება, რომ ადამიანს უამრავი რესურსი, ძალა და თვითგანკურნების საოცარი შესაძლებლობები აქვს, რომელიც დაავადების დაძლევაში ეხმარება! მაქსიმალური მობილიზებით,დროული და სწორი ნაბიჯებით,  კვალიფიციური დახმარებით და ფხიზელი ცნობიერებით,იმუნური ძალები აქტიურდება და დაავადება იხევს უკან.

5. დანებება ან გამოსავლის ძიება - დაავადება რთულია, მე ამას ვერ გადავიტან, ან... გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაქსიმალურად შევეცდები  დანაკარგის და გართულების  გარეშე ვიპოვო საუკეთესო გამოსავალი.

აუცილებელია:  საკარანტინო დროის დაცვა,დიაგნოსტიკის და მკურნალობის ზედმიწევნით შესრულება, გართულებების პრევენცია, ნარჩენი მოვლენების შემთხვევაში დროული დიაგნოსტიკა, პოსტკოვიდური მდგომარეობის მართვა და გამოცდილებების გაზიარება სამედიცინო დარგის სპეციალისტებისა თუ ახლობლებისთვის.

კრიზისის ეტაპების ცოდნა  და მათი მართვა მნიშვნელოვანია,როგორც პაციენტისთვის ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის.

 

გისურვებთ კრიზისის წარმატებით გადალახვას და ჯანმრთელობას!