Nuk
რეკომენდაციები ოსტეოპოროზით დაავადებულთათვის

თარიღი: 14 მაისი, 2020

ოსტეოპოროზული მოტეხილობა უვითარდება 50 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს (IOF); ოსტეოპოროზული მოტეხილობა ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და სარძევე ჯირკვლის კიბო ერთად. დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს მანამ, სანამ მოტეხილობა განვითარდება. პაციენტებში ოსტეოპოროზული მოტეხილობით სიკვდილიანობა აღწევს 45%-ს, 33% კი რჩება ინვალიდი.

მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოპოროზით დაავადებული პაციენტები არ განეკუთვნებიან COVID-19-ის გართულების რისკ ჯგუფს, მოტეხილობისგან თავის არიდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის რთულ პერიოდში.

ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდი (IOF) და ოსტეოპოროზის სამეფო საზოგადოება (ROS) ეხმაურება და მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარ რეკომენდაციას ,,სოციალური დისტანცირების” შესახებ და ხანდაზმულ და ოსტეოპოროზით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთაც შეექმნათ

ანტიოსტეოპოროზული მკურნალობის გაგრძელების პრობლემა, აძლევს შემდეგ რჩევებს:
ინტრავენური ბისფოსფონატები (აკლასტა, ბონვივა) შედარებით დიდხანს რჩება ორგანიზმში და ინარჩუნებს მოქმედების პლატოს, ამიტომ მორიგი ინფუზიის რამდენიმე კვირით ან თვით გადადება მნიშვნელოვნად არ აისახება ძვლის მდგომარეობაზე

ასევე ნაკლებად მოსალოდნელია ძვლის მინერალური სიმკვრივის გაუარესება პერორალური ბისფოსფონატების (ლონდრომაქსი, ოსტალონი, რისებონი) რამდენიმე კვირით გადადების შემთხვევაში
სასურველია დენოსუმაბის (პროლია) მომდევნო ინექცია არ გადადოთ 4 კვირაზე მეტი ხნით, რადგან მკურნალობის დადებითი ეფექტი მოკლე დროში იკარგება
განაგრძეთ D ვიტამინისა და კალციუმის პრეპარატების მიღება დანიშნულებისამებრ, იმ შემთხვევაშიც, თუ მოგიხდათ ძირითადი ანტიოსტეოპოროზული პრეპარატის მიღების გადავადება
მიიღეთ კალციუმითა და ცილით მდიდარი საკვები, რადგან სწორედ კალციუმი და ცილა წარმოადგენს ძვლის ძირითად ,,საშენ მასალას”. ძვლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს ასევე სხვა მრავალი ვიტამინი, მინერალი და ნუტრიენტი. მათზე მოთხოვნილების შევსება შესაძლებელია მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვებით: რძის პროდუქტები, თევზეული, ბოსტნეული, ხილი, ხორცეული, პარკოსნები, თხილეული, მარცვლოვნები...
განაგრძეთ უსაფრთხო ვარჯიშების ჩატარება სახლის პირობებში ან გარეთ დისტანციის წესების დაცვით. ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ძვალწარმოქმნის პროცესს!
სოციალური იზოლაციის პირობებში მოერიდეთ ხანგრძლივი დროით უძრავ (მჯდომარე ან მწოლიარე) მდგომარეობაში ყოფნას

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის და კოფეინის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი. 80%-ში COVID-19 მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით და უმეტეს შემთხვევაში გამოსავალი არის გამოჯანმრთელება. ვიმედოვნებთ, რომ მაღალი თვითშეგნებითა და სოციალური დისტანცირების დაცვით უახლოეს მომავალში გადავლახავთ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას!

წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)
https://www.aversi.ge/