როგორ ავირჩიოთ საწოვარი და როგორ გადავაჩვიოთ მას პატარა

თარიღი: 11 ოქტომბერი, 2018

როგორ ავირჩიოთ საწოვარი და როგორ გადავაჩვიოთ მას პატარა

წოვის რეფლექსი ბავშვს დაბადებისთანავე დაჰყვება. ეს თანშობილი ანუ უპირობო რეფლექსია, რომელიც მას კვებისათვის სჭირდება. 

დღენაკლ ახალშობილებს ან ზოგიერთი პათოლოგიით დაბადებულ პატარებს წოვის რეფლექსი შესაძლოა არ ჰქონდეთ და ამ შემთხვევაში მათ ზონდით კვებავენ.

გარდა ამისა, წოვა ჩვილს აწყნარებს და მშვიდ ძილში ეხმარება.

გსმენიათ რაიმე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNISEF) „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოს ინიციატივის“ შესახებ? 

ამ ინციატივის მე-7 პუნქტი ამბობს - „არ მისცეთ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილს ხელოვნური საწოვრები, მათ შორის მატყუარები“. 

იცით რატომ? საწოვრების გამოყენების შემდეგ ახალობილების დიდი ნაწილი უარს ამბობს ძუძუთი კვებაზე. 

ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილისათვის კომფორტს დედასთან კავშირი და ხშირი ძუძუთი კვება ქმნის, ამიტომ ასეთი პატარები ხშირად მატყუარა საწოვარზე თავად ამბობენ უარს.

ხელოვნური კვების დროს კი ხან მატყურა საწოვარი ქმნის კომფორტს, ხანაც ჩვილის დიდი თითის წოვა. მატყუარას ამ შემთხვევაში დამატებითი სარგებელი აქვს - როცა თქვენ გსურთ გადააჩვიოთ პატარა წოვას, მარტყუარას ადვილად დამალავთ, პატარას თითს კი ვერაფერს მოუხერხებთ!

კომფორტის და ძილის ხელშეწყობის გარდა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მატყუარა საწოვრის წოვას კიდევ ერთი სარგებელი აქვს - ის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომისაგან გვიცავს.

თუმცა გახანგრძლივებულ წოვას ნამდვილად არ მოაქვს სიკეთე. ხანგრძლივი წოვა კბილების მინანქრის დაზიანებას, თანკბილვის და მეტყველების დარღვევას იწვევს. გარდა ამისა, ხშირად საწოვარი თავად გვევლინება ინფექციის წყაროდ, თუ პატარა დაბინძურებულ, გაურეცხავ საწოვარს თქვენი კონტროლის გარეშე იყენებს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხანგრძლივი წოვა შუა ყურის ინფექციების შესაძლო გამომწვევადაც შეიძლება იქცეს.

 

ვირჩევთ საწოვარს - ლატექსის თუ სილიკონის?

ლატექსის უარყოფითი თვისებები - ლატექსი ბუნებრივი მასალაა. მას სპეციფიური სუნი და გემო აქვს, რის გამოც ზოგი ჩვილი უარს ამბობს ლატექსის საწოვარზე. ამავე დროს, ის სწრაფად იღებს სხვადასხვა გემოს. ლატექსის საწოვრის ვარგისიანობა ხანგრძლივი არ არის - მის ზედაპირზე მრავლობითი მიკრობზარი სწრაფად წარმოიქნება და დაფორმირდება. თუ შენიშნეთ, რომ ყვითელი ფერის საწოვარი ყავისფრად იქცა, მოხმარების პროცესში გამკვრივდა, ის აუცილებლად უნდა შეცვალოთ. 

იმის გამო, რომ ლატექსი ბუნებრივი მასალაა, იგი სწრაფად იქცევა ბაქტერიების გამრავლების ადგილად. ამიტომ ლატექსის საწოვარს მუდმივი მოვლა და დეზინფექცია სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ჩვილს შესაძლებელია ჰქონდეს ალერგია ლატექსზე, რაც მისგან დამზადებული საწოვრების გამოყენებას გამორიცხავს.

ლატექსის დადებითი თვისებები - ლატექსი გამოირჩევა სირბილით და უნარით, სწრაფად გათბეს პირის ღრუში, ამიტომ პირველი კვირის ან დღენაკლი ახალშობილებისათვის, ან ჩვილებისათვის, ვისაც წოვა უჭირთ, სწორედ ამ მასალისაგან დამზადებული საწოვრების შერჩევა სჯობს.

სილიკონი ხელოვნური მასალაა, რომელსაც არ აქვს სუნი და გემო. ამის გამო განსაკუთრებულად წუნია ჩვილები სწორედ სილიკონის საწოვარს ირჩევენ.

დადებითი თვისებები - ის გაცილებით უფრო მკვრივია, ვიდრე ლატექსის საწოვარი და ინტენსიური გამოყენებისას ხშირად 3 თვეზე მეტ ხანსაც ინარჩუნებს ვარგისიანობას. კარგად უძლებს ხარშვას, არ დეფორმირდება და არ სკდება იოლად. ამიტომ მისი გამოყენება განსაკუთრებით ნაჩვენებია იმ ჩვილებში, რომელთაც უკვე აქვთ კბილები. ამ დროს ლატექსის საწოვრის გამოყენება, რომელიც სწრაფად დეფორმირდება და ზიანდება, არ ღირს.

სილიკონი არაალერგიული მასალაა. დიდხანს ინარჩუნებს ელასტიურობას, განსხვავებით ლატექსისაგან. არ იღებს სხვადასხვა სუნს და ადვილი მოსავლელია. ამიტომ უფრო მოზრდილი ჩვილებისათის სილიკონის საწოვრების გამოყენება უმჯობესია. 

იმის გამო, რომ სილიკონი უფრო მკვრივია, ის უკეთ ავითარებს წოვის რეფლექსს, რაც მნიშვნელოვანია პატარას საღეჭი კუნთების გასავითარებლად.

ზოგადად, ორივე ტიპის საწოვარს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ამიტომ წუნია პატარას თავად მიეცით არჩევანის უფლება იმ პირობით, რომ უსაფრთხოების შესაბამის წესებს დაიცავთ.

 

აი, უსაფრთოების წესებიც:

არ ჩამოკიდოთ საწოვარი ჩვილს ზონარით ყელზე. გამოიყენთ უსაფრთხო სამაგრები მის სამოსზე.

სანამ პატარას საწოვარს მისცემთ, შეამოწმთ ის - ხომ არ აქვს ნახეთქები ან სხვა დაზიანებები

მედიკამენტის მიღების შემდეგ არ მისცეთ ბავშვს საწოვარი მაშინვე, რადგან ზოგიერთ მედიკამენტში შემავალ ნითიერებას შეუძლია საწოვრის დაზიანება

არ გამოყენოთ თვითნაკეთი საწოვრები, რასაც ზოგიერთი ხელმარჯვე მშობელი ბოთლის საწოვრის და სხვა მასალების გამოყენებით ამზადებს.

მუდამ დაიცავით ჰიგიენური წესები - საწოვარი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს!

საწოვარი 2-3 თვეში ერთელ უნდა შეცვალოთ

თუ თქვენი პატარა შუა ყურის ხშირი ანთებებისაკენაა მიდრეკილი, ეცადეთ საწოვარს სწრაფად გადააჩვიოთ.

 

დილემა #1 - როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მატყუარას?

უხშირესად, ეს ნამდვილად რთული და ზოგჯერ ხანგრძლივი პროცესია.

1 წლის ასაკის შემდეგ წოვის რეფლექსი აღარაა ისეთი აქტუალური კომფორტისათვის, ამიტომ ბავშვი სჯობს მატყუარას ნელ-ნელა გადააჩვიოთ. მაქსიმალური ასაკი, როცა ჯერ კიდევ დასაშვებია საწოვრის გამოყენება 4 წლამდე ასაკი ითვლება, თუმცა რაც მალე გადააჩევთ პატარას საწოვარს, მით ნაკლები საშიშროება იქნება კბილების დაზიანების თვალსაზრისით.

გადაჩვევა ერთბაშად იშვიათად ხდება. საჭიროა დროის ლიმიტირება - შეეცადეთ საწოვარი გამოიყენოთ ძილის წინ ან ჭირვეულობის დროს და არა მთელი დღის განმავლობაში.

სთხოვეთ ბავშვს, თავად დატოვოს დილით ის ლოგინში.

არ დასაჯოთ პატარა საწოვრის გადაჩვევის მიზნით.

წაახალისეთ ბავშვის ყველა იმ დღისათვის, როცა ის მატყუარას არ გამოიყენებს

თუ ის მაინც მოითხოვს რამდენიმე დღის შემდეგ მატყუარას, აუხსენით, რომ საწოვარი აღარ გაქვთ, რადგან ის უკვე დიდია.

და რაც მთავარია, აღიჭურვეთ მოთმინებით - საწოვრის გადაჩვევა ჭირვეულობის საათებს და ზოგჯერ უძილო ღამეებს მოიცავს. თქვენ ეს პატარასთან ერთად აუცილებლად უნდა გადალახოთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

წყარო: https://www.facebook.com/pediatrician.blog/