Nuk
როგორ დავიცვათ პატარები მოსალოდნელი ვირუსებისგან და გავუუმჯობესოთ იმუნიტეტი - ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

თარიღი: 06 მარტი, 2020

ვიქნებით თუ არა დაცული ზამთარში ვირუსული ინფექციებისგან, თუ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას გავიკეთებთ; რა წამყვანი სიმპტომით იქნება გამორჩეული წლევანდელი სეზონი და როგორ მოვიქცეთ ხველის, შეუპოვარი ცხელების, ყელისა და ყურის ტკივილისას; რა ქმნის მყარ იმუნიტეტს, თანამედროვე მედიკამენტები თუ ძველი მაგრამ გამოცდილი ხალხური მეთოდები – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ,,ნიუ ჰოსპიტალის” ამბულატორიული პედიატრიის სამსახურის უფროსმა, ,,მზიური მედის” პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა.

 

ქალბატონო ინგა, გასული 2 წელი ვირუსების წამყვანი სიმპტომი შემაწუხებელი ხველა იყო, რა წამყვანი სიმპტომით ხასიათდება წლევანდელი ვირუსები?

ვირუსული ინფექციების პერიოდი უკვე დაიწყო, ვირუსებმა უკვე დაიწყეს აქტივაცია, მომართვიანობამაც იმატა. ვირუსული ინფექცია ზოგადი ცნებაა, რომელსაც მრავალი სხვადასხვა ვირუსი იწვევს, თავისი განსხვავებული კლინიკური გამოვლინებებით, თუმცა, თითქმის ყველა ვირუსის განვითარებას ერთიდაიგივე, ორი ძირითადი სიმპტომი ახსიათებს ესენია: ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების ლორწოვანის დაზიანება, თუმცა ზოგიერთი ვირუსული ინფექციის დროს შესაძლოა პროცესში ჩართული იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი და ზოგადად ლორწოვანი გარსები.

ყველა სეზონს ახასიათებს გარკვეული ტიპის ვირუსული ინფექციების გააქტიურება. როგორც წესი იწყება რინო-ვირუსული ინფექციებით, ხალხში გაციებას რომ უწოდებენ, ეს არის სურდოს სახით გამოხატული ვირუსი და მინდა გამოვყო ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი წამყვანი სიმპტომი, ეს არის ცხვირის გაჭედვა რინო-ობსტრუქცია, რომელიც დღის განმავლობაში მოსული 20 პაციენტიდან ყველაში გვხვდება. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი რინორეაც და რინო-ობსტრუქციაც  ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაციის, ანუ გაქრობის შემდეგ  ქრება, მაგრამ ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ მშობლები განმეორებით ვიზიტზე მოდიან, ვირუსული ინფექციის ყველა სიმპტომი ლიკვიდირებულია გარდა ცხვირის გაჭედვისა, სწორედ ეს მდგომარეობა იკავებს ჩივილებს შორის პირველ ადგილს როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში. ცხვირი ეს არის ადამიანის დამაკავშირებილი ხიდი გარემოსა და შინაგან ორგანოებს შორის და ბავშვებისთვის ცხვირი ეს არის შოკური ორგანო , სწორედ ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებასთან არის დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მოუსვენრობა, მადის დაკარგვა. ცხვირში უამრავი ნერვული დაბოლოებაა, რომელიც რეაგირებს სუნზე, როდესაც ადამიანი ვერ გრძნობს სუნს და ვერ შეიგრძნობა გემოს, რა თქმა უნდა ქვეითდება მადა, რაც მშობლებს ძალიან აწუხებთ. უდიდესი დისკომფორტია ბავშვებისთვის, ჭირვეულობენ, არიან აღგზნებულები, არ ვურჩევ დედებს თვითნებურად გამოიყენონ რაიმე დამამშვიდებელი წვეთები, რადგან ეს წვეთები ჰემატოენცეფალურ ბარიერს გადის და შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ცვლილებები ნერვული სისტემის მხრივ. სწორედ ამიტომ 2 წლამდე პატარებს არ ვუნიშნავთ მსგავს წვეთებს, რადგან გვერდითი მოვლენები აქვს.

 

ყელის ტკივილი, რაზე მიუთითებს ეს გავრცელებული სიმპტომი და როგორია მისი მკურნალობის უსაფრთხო სქემა?

ძალიან ბევრი მშობელი მოგვმართავს კითხვით, რატომ აქვს ჩემს შვილს სუსტი ყელი, მაშინ როდესაც ის სულაც არ წარმოადგენს სუსტ ადგილს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ვირუსის ყველაზე საყვარელი ადგილი ლოკალიზაციისთვის, გამრავლებისთვის და ადამიანის ორგანიზმში შეჭრისთვის არის ლორწოვანი გარსები. ლორწოვანიდან ეპითელურ უჯრედრებში იჭრებიან, რომელთა დესტრუქციას და ნეკროზსაც კი იწვევენ, შემდეგ აღწევენ სისხლში და ხდება ვირუსის განვითარება. ვირუსის ერთ-ერთი გამოხატულებაა ცხელება, რომლისაც ასევე ძალიან ეშინიათ მშობლებს.

როგორ ვიცით პირის ღრუში არის ნუშისებური ჯირკვლები, ლიმფური ჯირკვლების ვეგეტაციები, სწორედ მათზე ხდება ვირუსის ადგეზია,   ეკვრის ამ ლორწოვანს და იმუნური სისტემა მის შესახებ ინფორმაციას იღებს. ნუშისებურ ჯირკვლებზე არსებობს ისეთი ლორწოვანი გარსის დეფექტები, რომელთა საშუალებით ორგანიზმიდან მორბიან  იმუნო კომპეტენტური უჯრედები, რათა გაიცნონ მიკრობი, რომელიც მოხვდა პირის ღრუში, მათ შორის იმართება ხელჩართული ბრძოლა და რა თქმა უნდა ბრძოლის ველზე ადგილი აქვს გაწითლებას, შეშუპებას და ა.შ. ამიტომაც გამოდის ყელი სუსტი ადგილი, მაგრამ მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავთვლი ყელს სუსტ ორგანოდ თუ არ გვაქვს გარკვეული შეფასების კრიტერიუმები. რა შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ რომ დიახ, აქ არის ხშირი ანთებითი პროცესები, რომელიც არა ვირუსით არამედ ბაქტერიით არის გამოწვეული, აქ აუცილებლად უნდა გაკეთდეს დიფერენცირება.

2 წლიდან, როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში იწყებენ სიარულს, სადაც დახურული სივრცეა, დადიან მოავადე ბავშვები, მარტივად ვრცელდება ვირუსები, რომელიც მარტივად თავსდება ლორწოვანზე, შესაბამისად ბავშვს აქვს ყელის ტკივილი. ეს სინამდვილეში არის ნორმა, ბავშვმა უნდა გამოიმუშაოს იმუნიტეტი, დედისგან მიღებული იმუნიტეტი 2 წლის ასაკში პრაქტიკულად დაკარგულია, იმუნიტეტის შეძენა კი არა მედიკამენტებით, არამედ ვირუსებთან ხშირი შეხებით უნდა მოხდეს. 2-დან 6 წლამდე ბავშვი ხშირად ავადობს, 6 წლიდან პრაქტიკულად არ ავადობენ. მშობლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ არ ატარებენ შვილებს ბაღში სწორედ ამ ხშირი ავადობის გამო, მე ვპასუხობ, რომ თუ სტერილურ გარემოში ამყოფებენ ბავშვს ავადობა 6 წლის ასაკიდან განახლება. ეს არის სახადი, უნდა შეხვდეს ვირუსი და გამოუმუშავდეს იმუნიტეტი.

 

რა დროს არის საშიში ცხელება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, რა მოვიმოქმედოთ შეუპოვარი ცხელების დროს?

ცხელება არის ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი, ძალიან ხშირად ვირუსემიის პერიოდში, როდესაც ჯერ სხვა სიმპტომი არ არის გამოვლენილი, იწყება მაღალი ცხელება, ეს არის ორგანიზმის დაცვითი და შეგუებითი რეაქცია, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ორგანიზმში იმუნური სისტემის მობილიზება მოხდეს. ცხელების დროს გამომუშავდება იმუნური სისტემის ის ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ჩვენს ორგანიზმში ვირუსის ლიკვიდაცია.

ვირუსის დროს არუნდა ვებრძოლოთ ტემპერატურას არავითარ შემთხვევაში, 38,5 გრადუსამდე სიცხეს ექიმები საჭირო ტემპერატურად მივიჩნევთ. რაც შეეხება გულყრას, შეიძლება განვითარდეს 37,5 გრადუსზეც, გააჩნია ბავშვის ნერვულ სისტემას, ფიზიოლოგიურ ანატომიურ მდგომარეობას, ზოგიერთი ბავშვი 37,5 გრადუსზეც ძალიან ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ ბევრი ბავშვი 39,5 გრადუს ტემპერატურაზეც აქტიურია, დარბის და ა.შ.

ცხელება როგორც სიმპტომი არ არის საშიში, თუ რამ გამოიწვია სიცხე სწორედ ეს არის საშიში. ყურადრებით უნდა გაისინჯოს ბავშვი ფიზიკალურად და გამოვლინდეს ძირითადი დაავადება. ბავშვთა ასაკში ძირითადად ვირუსულ ინფექციებს ახლავს მაღალი ცხელება, განსაკუთრებით გრიპს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ხშირად შემცივნების შემდეგ მოკლე დროში იწევს ტემპერატურა. გულყრის განვითარებისგან არ ვართ დაზღვეული, თუმცა ფებრილური გულყრის განვითარება  3 წლის, ზოგიერთი ავტორის აზრით 5 წლის ასაკამდე არ ითვლება პათოლოგიურ მდგომარეობად და შესაძლოა მაღალ ტემპერატურაზე მოხდეს. მე მაინც მოვუწოდებ მშობლებს, გულყრიდან 1 თვეში სასურველია ბავშვის ვიზიტი ნევროპათოლოგთან, რათა რაიმე არ გაგვეპაროს, რაც შემდგომში სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.

მე, როგორც ექიმი, ყოველთვის ვურჩევ მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციით 38,5 გრადუსამდე სიცხის დამწევი არ უნდა მივცეთ, ინდივიდუალურ შემთხვევებში თუ ბავშვი ცუდად გრძნობს თავს, მიწვება, უღონოდაა, ვერ იტანს ტემპერატურას აუცილებლად დავალევინოთ სიცხის დამწევი პრეპარატი.

 

შეიძლება თუ არა ჩივილები დავყოთ უფრო საშიშ და ნაკლებად საშიშ კატეგორიად და ვთქვათ, რომ სიცხე ბევრად საყურადღებოა, ვიდრე ხველა ან ყურის ტკივილი?

თითოეული სიმპტომი შეიძლება იყოს გამორჩეულად საყურადღებო, ამას ძალიან ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. შეიძლება ბავშვს ერთდროულად ჰქონდეს ოტალგია, ცხელება, ყელის ტკივილი, ხველება, მაგრამ ექიმმა რომელიმე სიმპტომი გამოარჩიოს და ყველაზე დიდი ყურადრება მიაქციოს მას. თუ სახეზეა ოტალგია და პნევმონიის ნიშნები, რა თქმა უნდა პნევმონიაზე კეთდება აქცენტი, თუმცა არც ოტალგიაა უყურადღებოდ დასატოვებელი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შუა ყურის ანთებას, უნდა დიფერენცირდეს ვირუსით არის გამოწვეული თუ ბაქტერიით, არ უნდა დავუშვათ აღმავალი გზით განვითარება, რათა არ გამოიწვიოს მენინგიტი. დაყოფა თუ რომელი სიმპტომი უფრო საშიშია, ამის გადაწყვეტა ხდება ადგილზე, როდესაც ექიმი სინჯავს პაციენტს.

 

რა ტიპის იმუნოთერაპია მუშაობს ყველაზე ეფექტურად და რას იტყვით იმუნიტეტის გასაძლიერებელ მედიკამენტებზე, რომლებიც მრავლადაა ბაზარზე?

ჩემთვის როგორც ექიმისთვის ბევრად უფრო საყურადღებოა გახანგრძლივებული ავადობა, ვიდრე ხშირი ავადობა. ვირუსული ინფექციით ავადობა 5-7 დღეში უნდა დამთავრდეს, მაგრამ არიან ბავშვები , რომლებსაც ავადმყოფიბა ეწყებათ ვირუსული ინფექციით და მთავრდება მეორადი ბაქტერიული ფორის გააქტივებით , ხანგრძლივდება ბრონქიტით, პნევმონიით. ხშირი ავადობა არ არის საშიში, ხანგრძლივი ავადობის შემთხვევაში სადღაც არის იმუნური რგოლების დარღვევა.

იმუნომასტიმულირებელი საშუალებების დანიშნვა არ შეიძლება, რადგან ბავშვს ვირუსებთან შეხების შედეგად არ აქვს იმუნური რგოლები ჩამოყალიბებული, ასეთ დროს უნდა ვისაუბროთ იმუნომოდულაციაზე, ჩვენ შეიძლება შევეხოთ მხოლოდ ნაზი მიდგომებით, გავაძლიეროთ და გავააქტიუროთ ის რაც უკვე არის ბავშვის ორგანიზმში.

მე პრაქტიკაში ვიყენებ დამცავ, ცხვირზე და ტუჩის სამკუთხედზე მოსასმელ მაზებს, რომლებიც ხელს უშლის ვირუსს გადავიდეს ლორწოვანზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ძლიერი და მოძალადე იმუნური პრეპარატები, რომელიც შეგვყავს ორგანიზმში და არ ვიცით, რომელ რგოლს ვააქტიურებთ, იქნებ იმ მილიონობით ცუდ უჯრედს ვააქტიურებთ, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენს ორგანიზმში ხვდება, მის ელიმინაციას კი იმუნური სისტემა ახდენს.

იმუნიტეტის გამააქტიურებელი საშუალებები, რომლებიც ვფიქრობ რომ პრაქტიკულად არ არსებობს, გვხვდება ფარმაკოლოგიურ ბაზარზე, მაგრამ წამყვანი არის ბიზნესი და არა შედეგი, რაგდან ასეთი პრეპარატები რომ არსებობდეს უკვე ლიკვიდირებული იქნებოდა ვირუსული ინფექციები. ერთადერთ რასაც ვერ გავექცევით ეს არის ვაქცინაცია, რომელსაც ასევე შეცდომაში შეყავს ადამიანები, რადგან მათ გონიათ, რომ ერთი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებით ისინი ყველა ტიპის ვირუსს შეებრძოლებიან. სინამდვილეში გრიპის ვაქცინა ებრძვის მხოლოდ და მხოლოდ გრიპს და არა სხვა ყველა ვირუსს.

 

რას გვეტყვით ხალხური მედიცინის გამოყენებით იმუნიტეტის ამაღლებაზე?

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ხალხურ მედიცინას, იმიტომ რომ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება მაძლევს საშუალებას ვთქვა და ვაღიარო, რომ თუ თავიდან არ აგვარიდებს, შეგვიმსუბუქებს მაინც მდგომარეობას. ბუნებრივი ფლავანოიდები, როგორიცაა ლიმონი, დინდგელი-პროპოლისი, ცაცხვი, ნიორი, ხახვი, ჟოლო, გვირილა, თაფლი, ყოფილა შემხთხვევა ადამიანები სწორედ ამ ბუნებრივი საშუალებებით გამოსულან მდგომაროებიდან, გააჩნია გენეტიკას და ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობას, იმუნიტეტს, ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბალანსირებულ კვებას, რაც საბოლოოდ ქმნის კიდეც იმუნიტეტს. რატომაც არა ნივრის მძივი, ადამიანებში და ბავშვებში რომლებიც ვაქცინაციას ვერ ახერხებენ, ან არ აქვთ საშუალება მედიკამენტების შეძენის. მინახავს ხოლმე, განსაკუთრებით რაიონებში ძუაზე ასხმული ნივრის მძივი, რომლის შედეგადაც ადვილად უმკლავდებიან პატარები ვირუსებს, ან თუნდაც თეფშზე შემოწყობილი გაფცქვნილი ნიორი, რატომაც არა…


რატომ უნდა გავიკეთოთ გრიპის აცრა და არსებობს თუ არა ერთი მიზეზი მაინც, რატომ შეიძლება ვთქვათ მასზე უარი?

გრიპი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსული ინფექციაა, მას ანტიგენური ცვალებადობა ახასიათებს, ვიცით სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსები, ეს არის ა,ბ და ც ტიპის, სადაც ბ და ც -ს ნაკლებად ახასიათებს ანტიგენური ცვალებადობა, მაგრამ ა ტიპის ვირუსს ძალიან ხშირი ანტიგენური ცვალებადობა სჩვევია, ის შეიძლება გამოვიდეს ორგანიზმიდან, ჩაიცვას სხვა ტიპის სმოკინგი, კვლავ შევიდეს და ორგანიზმმა ვერ იცნოს, შესაბამისად გრიპის მიმდინარეობა იქნება რთული. ზოგადად გრიპს რთული მიმდინარეობა აქვს, ხშირია სავალალო გართულებები, 48 საათში შეიძლება პნევმონია ან ვირუსული მენინგიტი ან ენცეფალიტი მივიღოთ. მე სწორად მიმაჩნია გრიპის ვაქცინაციის გაკეთება, მე ამ რეკომენდაციას ვიძლევი , მაგრამ არავის ვაძალებ. ყოველ წელს არის მოსალოდნელი ეპიდემია, იმისათვის რომ დავიცვათ თავი სასურველია აიცრას დიდიც და პატარაც. საქართველოში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია და სიახლე გვაქვს , ეგრეთ წოდებული ,,ვაქსიგრიპი ტეტრა” რომელიც ოთხ შტამზე მოქმდებს და განსაკუთრებული რისკ ჯგუფის ადამიანები, ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადების მქონენი უნდა იყვნენ ვაქცინირებული.

აქვე გეტყვით, რომ თუ ბავშვი არის სახლში, არ დადის ბავშვთა დაწესებულებაში, დაცულია ჰიგიენური ნორმები, ოჯახის წევრთა რაოდენობა მცირეა და ისინი აიცრებიან გრიპზე და არ იქნებიან გრიპის შემომტანი ოჯახში, შეიძლება არ ავცრათ ასეთი ბავშვები.

მე არ ვძალადობ მშობლებზე, მე მათ ვურჩევ, ვუხსნი, გადაწყვეტილებას თავად იღებენ.  ვაქცინაციის შედეგად მოხდა უამრავი დაავადების აღმოფხვრა, ფაქტობრივად ვაქცინაციამ და წყალმა გადაარჩინა კაცობრიობა.

გრიპის ლიკვიდაცია ვერ მოხდება, ის არის ერთ წლიანი ვირუსი, ერთ წელზე გათვლილი შტამებით, რომელმაც შეიძლება მოახდინოს ცირკულირება ჩვენს გარემოში.  ამას წინასწარ სწავლობენ, ადგენენ და ზუსტად ის ანტიგენური სტრუქტურა აქვს ვაქცინას, რომელიც შესაძლოა ამ წელს გავრცელდეს. ვაქცინაციის სასურველი პერიოდია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე, ადამიანის ორგანიზმს ორი კვირა ჭირდება ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის შესაძებნად.  გრიპი არ არის ის ინფექცია რომლისაც უნდა გვეშინოდეს, უბრალოდ უნდა ვიყოთ ყურადღებით სიმპტომების მიმართ.

 

მარტივი რეკომენდაციები რომ მოგვცეთ რათა ეს ძალიან შემაწუხებელი სიმპტომი შემსუბუქდეს, რამდენად გვეხმარება ვირუსებისგან თავის დაცვაში ცხვირის მალამოები?

ნამდვილად ძალიან შემაწუხებელი სიმპტომია, რინიტი შეიძლება იყოს ინფექციური, არაინფექციური, ალერგიული. ინფექციური გამოწვეულია ვირუსებით, არაინფექციური შესაძლოა იყოს მექანიკური მიზეზი, ან ადენოიდები, ძგიდეს გამრუდება და ეს შეიძლება იყოს იმ წვეთების არარაციონალური გამოყენების შედეგი  რომელიც აზიანებს ცხვირის ლორწოვანის გარსს. ალერგიულად განწყობილ ბავშვებს კი ზოგადად ახასიათებს ლოწროვანის გასიება, თვალების ქავილი, ცემინება. ჯერ უნდა მოხდეს დიფერენცირება , დადგინდეს აგენტი და შემდეგ გამოვიყენოთ ესა თუ ის წვეთი. მე ვერანაირ წვეთებს ვერ გავუწევ რეკომენდაციას ლორწოვანი გარსის შეფასების გარეშე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი, მაგრამ ამან თუ შვება არ მოუტანა პატარას, ექიმის შეფასების შემდეგ საჭირო გახდება წვეთების დანიშვნა.

 

წყარო: https://fortuna.ge/