Nuk
როგორ მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე თამაში

თარიღი: 04 დეკემბერი, 2017

ფსიქოლოგების განცხადებით, თამაში ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. სწორედ თამაშის საშუალებით შეიცნობს იგი სამყაროს, სწავლობს და ვითარდება.გვესაუბრება ფსიქოლოგი თეო გუბიანური.

 

რა არის თამაში?

ეს საკითხი ბევრმა ცნობილმა მეცნიერმა იკვლია, მაგალითად კარლ გროსი ამბობდა, რომ თამაში არის „მოსამზადებელი სკოლა მომავლისთვის“, ჟან პიაჟე თვლიდა, რომ თამაში ინტელექტის გავარჯიშების საშუალება იყო, დიმიტრი უზნაძე მიიჩნევდა, რომ თამაშის დანიშნულება ბავშვისთვის სიამოვნების მიღებაა, დღეს კი აღიარებულია  – თამაში არის სწავლა (პიტერ გრეისი).

ჩვენ ვზუნავთ ბავშვის განვითარებაზე, ვასწავლით ლექსებს, დაგვყავს სხვადასხვა წრეებზე – სიმღერა, ცეკვა, ხატვა, სპორტული წრეები, გვინდა რომ მალე შეძლოს ასოების და რიცხვების ცნობა, ვასწავლით წერას, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ბავშვებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ თავისუფალი თამაშისთვის, რაც საუკეთესო საშუალებაა  მისი განვითარებისთვის.

 

როგორ ვითარდება ბავშვი სათამაშოს დახმარებით?

ითვლება, რომ დაბადებიდან ორ წლამდე ბავშვის თამაში არის სენსო-მოტორული, ბავშვი იწყებს საკუთარი თავის გაცნობას, დარბის, აგორავებს ნივთებს, ურტყამს ერთმანეთს, ეხება სხვადასხვანაირ ზედაპირს, პირში იდებს – უსინჯავს გემოს – დიახ, ამ დროს ბავშვი თამაშობს და ივითარებს მოტორულ და სენსორულ უნარებს (კუნთების განვითარება და შეგრძნებების).

 

ამის პარალელურად წლინახევრის ასაკიდან ბავშვი იწყებს სიმბოლურ და პარალელურ თამაშს – ცარიელი ჭიქიდან სვამენ წყალს, აწყობენ კუბებს, სათამაშოებს იყენებენ მათი ფუქნციის მიხედვით, რაც ნელ-ნელა იცვლება და ბავშვი იწყებს ნივთების „ვითომ“ გამოყენებას, მაგალითად,  მანქანა მიაქვს ყურთან და ლაპარაკობს – „ვითომ ტელეფონია“, სკამს ასრიალებს იატაკზე – „ვითომ მანქანაა“, სწორედ აქედან იწყება ბავშის ფანტაზიის განვითარება.  ფანტაზიის განვითარება კი მნიშვნელოვანია მოგვიანებით აბსტრაქტული აზროვნების განვითარებისთვის, რაც ზრდასრული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.  ამ დროს მნიშვნელოვანია სათამაშოც იყოს ისეთი, რომელიც ბავშვს დაეხმარება ფანტაზიის განვითარებაში. როგორც წესი ბავშვისთვის ვყიდულობთ ისეთ სათამაშოებს, რომლებსაც განსაზღვრული ფუნქცია აქვთ – სათამაშო მანქანა, ტელეფონი, უთო, ჭურჭელი და ა.შ.  ამ შემთხვევაში ბავშვი ვეღარ თამაშობს „ვითომ“ თამაშებს, შესაბამისად არ ხდება ფანტაზიის განვითარება და ბავშვსაც ორ დღეში ბეზრდება სათამაშო.

 

როგორ შევარჩიოთ სათამაშო?

გირჩევთ, რომ სათამაშოდ გამოიყენოთ ის ნივთები რაც ვთქვათ სახლის პირობებში მოგეძებნებათ, მაგალითად, სამზარეულოს ატრიბუტები (რა თქმა უნდა უსაფრთხოების გათვალისწიებით), შეიძლება პატარამ გადაწყვიტოს რომ მაგიდა არის მისი სახლი, ან სკამი არის მანქანა, აიღოს რომელიმე საგანი და თქვას, რომ უთოა და ა.შ.

 

კარგია თუ სათამაშოდ გამოიყენებთ სხვადასხვა მარცვლეულს, როგორიც არის ლობიოს მარცხვლები, მუხუდო, ბრინჯი. აურიეთ ერთმანეთში რომ ბავშვმა ის გამოაცალკევოს, შეგიძლიათ შეაგროვებინოთ ფოთლები და გირჩები, რომლითაც შემდეგში ითამაშებს. თამაშის განვითარებასთან ერთად, ბავშვს სჭირდება დამხარება – ვასწავლოთ როგორ ითამაშოს, თავისუფალი თამაშის დროს ის თავისი ფანტაზიით თამაშობს, თუმცა თუ გსურთ რაიმე კონკრეტული უნარი განუვითაროთ ბავშვს, ასწავლეთ როგორ შეიძლება სხვადასხვა ნივთით თამაში.

 

სათამაშოს არჩევისას, დაფიქრდით რას შეიძლება უვითარებდეს ის ბავშვს, მაგალითად კონსტრუქციული სათამაშოები, სხვადასხვა მარცვლეული, ლენტები, ბისერები – ავითარებს ნატიფ მოტორიკას; ხოლო სპორტული სათამაშოები – ველოსიპეტი, ლახტი – მსხვილ მოტორიკას. სხვადასხვა მატერიის საგნები – რბილი, მაგარი, ხაოიანი – სენსორული განვითარებისთვის არის კარგი.

 

3 წლიდან  ბავშვი უკვე იწყებს როლურ თამაშებს – „სახლობანა“, „ექიმობანა“, „მძღოლობანა“,  ანუ ბავშვი იწყებს იმის თამაშს, რასაც გარემოში ხედავს. როცა ირგებს სხვადასხვა როლს, ხან ექიმია, ხან შვილი, ხან პოლიციელი – ამ დროს ბავშვი ბაძავს სხვა ადამიანებს, აქედან იწყება თამაშით ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს განვითარება  – სოციალური უნარების. თამაშის დროს ბავშვი ურთიერთობს თანატოლებთან, სწორედ ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს  სხვადასხვა კომუნიკაციური პრობლემა: ზოგი არ უთმობს, ზოგი წაართმევს ნივთს, ან თვითონ სურს ვინმეს ნივთი – ამიტომ ითვლება, რომ ბავშვი თამაშით სწავლობს, ის სწავლობს ემოციების მართვას, გამოხატვას, ემპათიას, საკუთარი თავის მართვას, რაც რეალურად არის კიდეც სკოლისთვის მომზადება.

 

აუცილებელია თუ არა ბავშვს სკოლამდე ვასწავლოთ წერა-კითხვა?

ჩვენ ხშირად  ვთვლით რომ დისციპლინით, ლექსების და სიმღერების დამახსოვრებით, წერა-კითხვის სწავლით ვამზადებთ ბავშვს სასკოლოდ, ეს ასე არ არის. ბავშვი ისედაც ისწავლის მათ სკოლაში, მთავარია რამდენად განვუვითარებთ იმ უნარებს, რომლებიც საჭიროა შემდეგში სწავლისთვის- მეხსიერება, აზროვნება, ყურადღება, ნებისყოფა, აღქმა, სოციალური და ემოციური უნარები, მოტორიკა. თამაში არის ის, რაც ერთობლივად ყველაფერს უვითარებს ბავშვს. ამიტომ მიეცით პატარას რაც შეიძლება მეტი დრო თამაშისთვის, გადატვირთული დღის განრიგის მიუხედავად ეცადეთ ყოველდღიურად, ცოტა ხნით მაინც ითამაშოთ პატარასთან, ამით ეხმარებით განვითარებაშიც და თქვენ შორის პოზიტიური და სანდრო ურთიერთობაც ჩამოყალიბდება.

 

დღეს სკოლის დაწყებით კლასებში ხშირად იყენებენ თამაშით სწავლებას – და ეს სწორია. ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები ამ ასაკში ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, რის გამოც, მათ ბუნებრივად არ შეუძლიათ 45 წუთი ისხდნენ ერთ ადგილზე, კონცენტრირდენ ერთ საკითხზე დიდხანს, ნაკლებად აქვთ განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, საიმისოდ რომ წარმოიდგინონ და გაიაზრონ დასმული კითხვები, ამიტომაც იყენებენ სხვადასხვა თამაშებს, რომ ასწავლონ ბავშვებს ასოები, რიცხვები, წერა-კითხვა, მაგალითად, ასოების სწავლა სიმღერით, ბავშვისთვის ადვილია რიტმის დამახსოვრება, ეს სახალისოა, ამ დროს ბავშვი ერთობა და ბუნებრივ გარემოში იმახსოვრებს სასწავლო მასალას.

 

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

- კომპიუტერული თამაში ვერ ჩაითვლება თამაშად, რადგან ის არ ეხმარება ბავშვს განვითრებაში, ხშირ შემთხვევაში ხელსაც უშლის.

- ყურადღება მიაქციეთ სათამაშოს შერჩევისას, იმას რომ სათამაშო ბავშვს უვითარებდეს რომელიმე უნარს, ან უნარებს.

- ეთამაშეთ ბავშვს ყოველდღიურად, თუნდაც ცოტა ხნით – ამით ხელს შეუწყობთ მის განვითარებას.

- უმჯობესია ბავშვს არ ჰქონდეს დატვირთული დღის რეჟიმი და რაც შეიძლება მეტი დრო დაუტოვეთ თამაშისთვის.

- ეცადეთ, რომ ბავშვი არ შეზღუდოთ თამაშისას.

- თუ გსურთ, რომ პატარა ასაკის ბავშვს ასწავლოთ რაიმე, გააკეთეთ ეს თამაშით.

- გახსოვდეთ, რომ თამაში არის სწავლა.