Nuk
როგორ მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის პანდემიის დროს?

თარიღი: 07 სექტემბერი, 2020

უკვე ნახევარი წელია COVID-19- მა ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა და მთელი სამყარო ვცდილობთ, ვისწავლოთ მასთან უსაფრთხო თანაცხოვრება;
ახალი სასწავლო წელი კარს მოგვადგა; ახლა მშობლები,შეიძლება ითქვას, ახალი გამოწვევის წინაშე დგანან - როგორ მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის პანდემიის პირობებში, რომ სწავლის პროცესი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს? ამ თემაზე უამრავი გამოცემა, სამედიცინო დაწესებულება, სახელმწიფო სტრუქტურები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციებს გასცემენ სასწავლო დაწესებულებებისთვის, მაგრამ როგორი უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ბავშვს ნაკლებ სტრესულად და გასაგებად აუხსნან? როგორ მიაჩვიონ უსაფრთხოების წესებს?
ჩვენც თქვენთვის 4 სასარგებლო რჩევას გთავაზობთ:
რჩევა #1 - უთხარით ბავშვს სიმართლე, მაგრამ მისთვის გასაგებ ენაზე ისე, რომ არ შეაშინოთ. აუხსენით, რომ შეიძლება უჩვეულო გარემო დახვდეს სკოლაში, საკლასო ოთახი განსხვავებულად მოწყობილი იყოს და აუხსენით რატომ არის ეს საჭირო;
რჩევა #2 - აუხსენით რას ნიშნავს სოციალური დისტანცია; ბავშვები, როგორც წესი გულღიები, ემოციურები და კონტაქტურები არიან, მათ უყვართ ახლო კონტაქტი. თუ კი ადრე მეგობრებთან ჩახუტებისთვის, კოცნისთვის, ხელი-ხელ ჩაკიდებული სიარულისთვის ვაქებდით, ახლა უნდა გავაგებინოთ , რომ დროებით, ეს არაა რეკომენდებული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რაც შეიძლება გასაგები უნდა იყოს მათთვის , რომ ეს დროებითაა და სულაც არ ნიშნავს, რომ მეგობრებთან ახლო ურთიერთობა ცუდია და ყოველთვის ასე გაგრძელდება.
რჩევა #3 - მიაჩვიეთ პირბადეს და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებას - პანდემიის პერიოდში ბავშვები სახლში იყვნენ და მათ ჰიგიენას მარტივად ვაკონტროლებდით, მაგრამ ახლა,როცა მათ მშობლების გარეშე მოუწევთ დროის გატარება, უნდა გამოვუმუშაოთ ჩვევა პირბადის ტარებისა და ხელის ხშირი დაბანის ან ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების. მეტი ხალისისთვის უყიდეთ ლამაზი, ფერად-ფერადი პირბადეები, ხსნარების ბოთლებს დააკარით სახალისო სტიკერები, დააჯილდოვეთ ხელის ხშირი დაბანისთვის; აუხსენით თქვენს შვილებს, რატომ ვატარებთ პირბადეს, რატომ ვიბანთ ხშირად ხელს ან ვიყენებთ ანტისეპტიკურ ხსნარებს. აჩვენეთ ვიდეოები, ილუსტრაციები, რადგან ბავშვი უკეთ აღიქვამს ვიზუალურ ინფორმაციას, თუმცა აქ სიფრთხილე გმართებთ, მასალა აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი და არავითარ შემთხვევაში დამთრგუნველი. ჩვენი მიზანი ბავშვის შეშინება არაა, ჩვენ უნდა შევაიარაღოთ პატარები საწირო ინფორმაციით;
რჩევა #4 - მიეცით მაგალითი თქვენს შვილებს - დარიგება, ახსნა და შენიშვნების მიცემა ადვილია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბავშვები მაგალითს უფროსებისგან იღებენ. ამიტომ ნუ დაიზარებთ იყოთ თქვენი შვილების მაგალითები; სწორედ თქვენ იყავით ყველა იმ რჩევის, დარიგების ილუსტრაცია ;
გახსოვდეთ, ბავშვები იმაზე უკეთ აღიქვამენ სამყაროს, ვიდრე, ზოგჯერ, ჩვენ გვგონია. უბრალოდ, დაეხმარეთ სწორად გაიგოს, დაინახოს სიახლეები, მომზადებული შეხვდეს სირთულეებსა და ცვლილებებს;