Nuk
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს

თარიღი: 09 იანვარი, 2023

ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო დიდებსაც და პატარებსაც რამდენიმედღიანი ცხელება აწუხებთ. ხშირია შემთხვევები, როცა ტემპერატურის დაკლება წამლის მიღების შემდეგაც გვიანდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი საუბრობს, რა შემთხვევაში სჭირდება ბავშვს მედიკამენტური ჩარევა და გვიზიარებს იმ გზებს, რითაც შესაძლებელია მაღალი ცხელების დროს ბავშვს სხეულის გაგრილებაში დავეხმაროთ.

 

ქალბატონო მაია, თავდაპირველად რომ ვთქვათ, რამდენი გრადუსი მიიჩნევა მაღალ ტემპერატურად, როცა საჭიროა მედიკამენტური  ჩარევა?

მაღალ ტემპერატურად, რომლის დროსაც ბავშვს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი, განისაზღვრება 38.2 გრადუსი. მაგრამ თუ ბავშვს ანამნეზში აქვს გულყრები, მაშინ შესაძლებელია ანტიპირეტიკი, ანუ სიცხის დამწევი მივცეთ 37 გრადუს ტემპერატურაზე.

 

ასევე, თუ ბავშვს აქვს ტკივილის სინდრომი, ყური სტკივა ან მოუსვენრადაა, შეიძლება სიცხის დამწევი მივცეთ 37.8 და 38.00 გრადუს ტემპერატურაზე.

 

წამლის მიღებიდან რამდენ ხანში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვს ტემპერატურას ვერ ვუკლებთ?

ანტიპირეტიკის მიცემიდან უნდა გავიდეს დაახლოებით 30-40 წუთი – ეს დრო სჭირდება ორგანიზმს იმისთვის, რომ მოასწროს წამლის შეწოვა. ეს დრო სჭირდება წამლის მოქმედების დაწყებას და თუ ამის შემდეგ არ იწყებს ტემპერატურა დაწევას, ცოტა ხანს კიდევ ველოდებით და შეგვიძლია განმეორებით მივცეთ ანტიპირეტული საშუალება, ოღონდ თუ ვაძლევდით იბუპროფენს, ახლა მივცეთ პარაცეტამოლი.

 

თუ წამალი აგვიანებს მოქმედებას, როგორ შეგვიძლია ფიზიკურად დავეხმაროთ ბავშვს სხეულის ტემპერატურის კლებაში?

ფიზიკურად უნდა გავაგრილოთ ბავშვი.

 

მაგალითად, შეიძლება კიდურები დავუზილოთ ოთახის ტემპერატურის წყლით, გავხადოთ მას ტანსაცმელი და ისე დავუზილოთ კიდურები, რითაც შესაძლოა ავაორთქლოთ სიცხე და გამოვიწვიოთ ტემპერატურის კლება.

 

თუ ისევ არ იკლებს, მაშინ უკვე აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს ანტიპირეტიკული საშუალებების ინტრავენური ინფუზია ან შესაძლოა უკვე სხვა მიზეზია და საჭიროა დიაგნოსტიკა, რატომ არის ასეთი მყარი ტემპერატურა.

 

კიდურების გარდა შეიძლება შუბლზეც დავადოთ ოთახის ტემპერატურის მქონე წყლიანი კომპრესი, ასევე უვნებელია კომბოსტოსა და ფხლის ფოთლის დადებაც, რომელსაც ადრე იყენებდნენ უფრო ხშირად.

 

მაგრამ თუ ბავშვს კიდურები აქვს ცივი, შესაძლოა გაგრილების ასეთი საშუალებებიც გარკვეულ რისკებს შეიცავდეს.

 

ასევე, სითხის მიღება არის აუცილებელი. პირველ რიგში წყალი უნდა მივაწოდოთ ბავშვს, აუცილებელია მან მიიღოს ელექტროლიტები, რომ დეჰიდრატაცია არ განვითარდეს მაღალი ცხელების დროს.

 

საქმე ის არის, რომ ძალიან მაღალი სიცხე ხშირად არის საშიში იმ მხრივ, რომ ის შეიძლება გახდეს ფებრილური გულყრის განვითარების მიზეზი. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წაყვანილი ბავშვი სტაციონარში.

 

ძმრიანი წინდები?

რაც შეეხება ძმრიან წინდებს და სხვა ასეთ საშუალებებს, შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, ამიტომ უმჯობესია თავი შევიკავოთ.

 

თუ ამის რესურსი არსებობს, რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის ინფუზიის გაკეთება სახლის პირობებში?

არა, რადგან ინტრავენური ინფუზიების გაკეთება ბავშვთა ასაკში არის რისკის შემცველი.

 

ოთახის განიავება იმ დროს, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, ეხმარება მას, თუ პირიქით, ვნებს?

ოთახს როცა ვანიავებთ, ბავშვი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს შიშველი, ტემპერატურის მუდმივობა უნდა იყოს შენარჩუნებული. ოთახის განიავების დროს ბავშვი უნდა გავიყვანოთ სხვა ოთახში, გავანიავოთ და შემდეგ ისევ შემოვიყვანოთ. გახდილ ბავშვთან ოთახის განიავება კატეგორიულად არ შეიძლება.

 

რამდენი დღე გრძელდება ჩვეულებრივ ასეთი ცხელება?

ძირითადად ახლა ცირკულირებს გრიპი, პარაგრიპის ვირუსი, რინო-ვირუსი, არის ასევე რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსიც არსად წასულა და მისი ომიკრონის შტამებიც ისევ ცირკულირებენ.

 

ამ ვირუსების დროს,როგორც წესი, ცხელება გრძელდება საშუალოდ 3-4 დღე, შემდგომ უკვე ტემპერატურა რეგულირდება.

 

მაგრამ თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 4-5 და მეტი დღე, აუცილებელია კვლევების ჩატარება, უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, აუცილებლად ექიმმა უნდა გასინჯოს პაციენტი და შემდგომ, გართულების შემთხვევაში, ადეკვატური მკურნალობა უნდა იქნეს დანიშნული.

 

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ბავშვთა ასაკში აუცილებელია გრიპის ვაქცინაციის ჩატარება, ვინაიდან ის იცავს ასეთ დროს გართულებისგან, სტაციონარში მოხვედრისგან ყველა ასაკის ადამიანს.

 

რა სიცხის დამწევები გამოიყენება ბავშვებში?

ანალგინი კატეგორიულად არ შეიძლება, ბავშვთა ასაკში გამოიყენება მხოლოდ ორი მედიკამენტი, მე მათ ქიმიურ დასახელებას გეტყვით, ეს არის იბუპროფენი და მეორე აცეტამინოფენი ანუ პარაცეტამოლი.

 

მთავარია, რომ ბავშვი, რომელსაც აქვს სიმპტომები: ცხელება, ხველა სურდო, არ წავიყვანოთ საბავშვო ბაღსა და სკოლაში, რადგან ამით ჩვენ ვზრდით ინფექციისა და შესაბამისად გართულებების გავრცელების რისკებს, რადგან ზამთარში, დახურულ სივრცეში, დიდი რისკია დაავადების გადაცემის ჯანმრთელ ბავშვებზე.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge