Nuk
როგორ მოვუაროთ თმას

თარიღი: 05 სექტემბერი, 2016

დიდი მიშვნელობა ენიჭება, თუ როგორ ვუვლით თმას. განსაკუთრებულ მოვლას ქალის თმა საჭიროებს. თმების სიჯანსაღე, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჯანმრთელია ადამიანი. ჯანმრთელობის მდგომარეობა უშუალოდ აისახება თმებზე.

ბევრი ქალბატონი უჩივის ცხიმიან თმებს, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს ქმნის საზოგადოებაში. როგორც აღმოჩნდა, ცხიმიანი თმის მოვლა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან ძალიან ბევრი თმის მოვლის საშუალებები არსებობს. თუ თქვენც ცხიმიანი თმის პრობლემა გაწუხებთ გაითვალისწინეთ, რომ არ არის მიზანშეწოლილი თმების ყოველდღე დაბანა, სასურველია სამ დღეში ერთხელ დაიბანოთ. თუ მოკლე თმებია, კიდევ არაუშავს, მაგრამ თუ გრძელი თმები გაქვთ, აუცილებლად სამ დღეში ერთხელ დაიბანეთ.

ხშირად ვამბობთ, რომ თმის ცვენა გვაქვს და ამას ვერაფრით ვშველით; მაშინ როცა ჩვენ გვგონია, რომ თმები გვცვივა შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს სწორი. პირველრიგში დავიწყოთ იმით, რომ ადამიანს თუ მართლა ცვივა თმა  ეს ჯამრთელობის მდგომარეობის ბრალია, ანუ რაღაც არ გვაქვს წესრიგში, რაც უშუალო ზეგავლენას ახდენს თმებზე და იწვევს მის ცვენას. ამიტომ საჭიროა ორგანიზმში ყველაფრის მოწესრიგება. იცოდეთ, რომ თუ ადამიანს დღეში 150 ღერამდე თმა ცვივა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს თმის ცვენად და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგეს, რამეთუ ჩვეულებრივი მდგომარეობაა, როცა ძველი თმა ჩამოცვივდება მას ჩაანაცვლებს ახალი.

თმებზე უდიდეს გავლენას ახდენს მისი ხშირი შეღებვა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რითი ვიღებავთ თმას, როგორ ვიღებავთ და ვისთან ვიღებავთ. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ძვირადღირებული საღებავები გამოიყენოთ, მთავარია სწორი მიმართულებით შეიღებოთ თმა. შეიძლება საღებავი იყოს ძალიან ძვირიანი, მაგრამ არ იცოდე სწორად როგორ შეღებო და საშინლად დააზიანო თმები.

თუ შეღებვის შემდეგ თმას არ მოუვლით, უამრავი პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. მაგალითად, თმა გამოშრება, მტვრევადი გახდება, ბოლოები გაწყდება, აგრეთვე თმის სტრუქტურა დაირღვევა, ბზინვარებას დაკარგავს და ა.შ. ალბათ გაგიგონიათ როცა ამბობენ, რომ ,,თმა არ მეზრდება’’, სინამდვილეში კი არასწორი შეღებვის შედეგად, თმის ბოლოები იმტვრევა და სიგრძეში ვეღარ იმატებს,  სწორედ ამიტომ საჭიროა მიმართოთ ისეთ სპეციალისტს, რომელიც სწორ დანიშნულებას მოგცემთ; იცოდეთ, რომ თმების სიჯანსაღისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას და დღის რაციონის შედგენას.

კვება ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს თმის სიჯანსაღეს. მაგალითად, ქალბატონები, რომლებიც დიეტას იცავენ, იღებენ ღარიბ საკვებ პროდუქტებს, აკლდებათ ვიტამინები. ასეთ დროს თმები სუსტდება, იწყება თმის ცვენა და სხვა მოვლენები. კარგია დაბალანსებული კვება, მიიღეთ ბოსტნეული და ხილი საკმარისი რაოდენობით.

აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ თმებზე ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს სიმხურვალე და მაღალი ტემპერატურა. ყოველდღე თმების უთოთი გასწორება არ არის სასურველი, თუ მაინცდამაინც ვერ ეშვებით უთოს გამოყენებას, აუცილებლად უნდა იხმაროთ დამცავი, რომელიც დაიცავს თქმებს დაწვისგან. ჩვეულებრივ თმაზე უთოს გამოყენების სასტიკი წინააღმდეგი ვარ.
-  თუ თმის ლაკს და ჟელეს ხშირად იყენებთ, საღამოს თმა  ჩამოიბანეთ და ისე დაიძინეთ, რათა თმა იყოს სუფთა და შეძლოს სუნთქვა. 
- თუ გაქვთ შეღებილი თმები,  გაუხეშდა და ბზინვარებაც დაკარგა, საშუალების არქონის გამო სტილისტთან ვიზიტს ვერ ახერხებთ, სახლის პირობებში კარგია შემთბარი ზეითუნის ზეთი, წაისვით თმაზე, შეფუთეთ თბილად, 1 საათი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
–     მტვრევადი, მშრალი და დაზიანებული (ფენისა და ხშირი ღებვისგან გაუხეშებული) თმისთვის რეკომენდებულია ასეთი ნარევი: აიღეთ ერთი ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა ზეითუნის ან შირბახტის ზეთი და 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმაში და დილამდე დაიტოვეთ. ნარევი თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ყოველი დაბანის წინ ინტენსიური მასაჟით შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, 2 საათს გაიჩერეთ და შემდეგ კარგად დაიბანეთ შამპუნით. ამ პროცედურის რეგულარულად ჩატარება თმას აჯანსაღებს.
–     თმის დაბანა არ შეიძლება ცხელი წყლით, მაგრამ ცივი წყალიც უნდა ავიცილოთ თავიდან. თმის დაბანისას წყალი უნდა იყოს ნელ-თბილი და არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი. 
–     დაბანის შემდეგ თავზე პირსახოცი დიდ ხანს არ გაიჩეროთ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენებთ რომელიმე საშუალებას, რომელიც სითბოს მოითხოვს. 
–     თმა გაიშრეთ ბუნებრივად. თუ იყენებთ ფენს არ დაგავიწყდეთ თერმული დამცავი აპარატურა. 
–     არ შეგიძლიათ, რომ იყიდოთ ძვირფასი შამპუნი? ეს არ არის პრობლემა. აფთიაქში იყიდეთ კოსმეტიკური ზეთი. მაგალითად ვარდი, ჟასმინი... და მისი 3-4 წვეთი გააზავეთ თქვენს შამპუნში. ეს თქვენს თმას შემატებს ბზინვარებასა და არომატულ სურნელს. 
–     თუ გსურთ თმის ბოლოების გამაგრება თაფლიანი წყალი მშვენიერი საშუალებაა. თბილი წყლით სავსე ჭიქაში, უმჯობესია ადუღებულში, ჩაასხით 2 ჩაის კოვზი თაფლი. თმა ჩაიწანით და გაშვებული ბოლოები ჩადეთ თაფლიან წყალში 10 წუთის მანძილზე. შემდეგ გაიშალეთ თმა და დაივარცხნეთ. 
–      ნიღაბი არყისაგან: 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი არაყი ათქვიფეთ. მიღებული ნარევი წაისვით თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ 40-50წთ რის შემდეგაც თავი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. იგი ეწინააღმდეგება ქერტლს, თმის ცვენასა და მტვრევადობას. 
–     გახსოვდეთ, რომ ცხიმიანი თმისთვის არ არის რეკომენდებული თავის კანის მასაჟი და ჯაგრისით ხშირი ვარცხნა. ასევე არასასურველია ცხიმიანი თმის ხშირი გასწორება ფენით და გრძელი თმის ტარება - ყოველივე ეს აძლიერებს ცხიმის გამოყოფას და ართულებს თმის მოვლას. 

სტატიის ავტორი - ჟურნალისტი თათა ურუშაძე