Nuk
როგორ ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები და რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

თარიღი: 31 იანვარი, 2018

რა ტიპის გრიპის ვიურუსი ცირკულირებს ამჯერად ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა თუ არა გრიპის ვირუსი მარტივად გადაიზარდოს ფილტვების ანთებაში და ახასიათებს თუ არა მას კონკრეტული სიმპტომები, როგორ ხდება სასუნთქი გზების ინფექციების დიაგნოსტიკა და არის თუ არა მაღალმთიანი კურორტები ზამთარში, ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემების დაავადებების საუკეთესო პრევენცია – ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრა.

 

რა ტიპის გრიპის ვიურუსი ცირკულირებს ამჯერად ჩვენს ქვეყანაში  და ზოგადად, როგორ უნდა განვასხვავოთ გრიპის ვირუსი სხვა მარტივი ვირუსებისგან?

მადლობა მოწვევისთვის, მზად ვარ თქვენს კითხვებს შეძლებისდაგვარად ვუპასუხო. დღეის მონაცემებით, საგანგაშო არაფერი ხდება. მე, ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობ. მე წარმოვადგენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკას და ჩვენი მონაცემებით, შეუფასებელი არაფერი ხდება, გავრცელებულია სეზონური ვირუსები და გრიპი. პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სხვა სპეციალისტების სფეროა. რაც შეეხება იმას, თუ რა ვირუსი ცირკულირებს, დავიწყებ იმით, რომ ყველა ვირუსს თავისი კლინიკური გამოვლინება აქვს. თუ არ არის მძიმე და შეუფასებელი შემთხვევა, პრაქტიკული მედიცინა ვირუსის იდენტიფიცირებას არც მოითხოვს. მაგალითად, ცნობილია რომ კლასიკური ნიშნებით ხასიათდება გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპი, ის სასუნთქი გზების ინფექციაა, მიმდინარეობს კუნთებისა დ თავის ტკივილით, მშრალი ხველითა და ზომიერი ტემპერატურით. ადენოვირუსისთვის დამახასიათებელია კონიუქტივიტი და სხვა. შემოდგომა-ზამთარში მატულობს სეზონური რესპირატორული პათოგენებით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის: გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, რინოვირუსი და ა.შ.

 

შესაძლოა თუ არა გრიპის ვირუსი მარტივად გადაიზარდოს ფილტვების ანთებაში და ახასიათებს თუ არა მას კონკრეტული სიმტომები?

არსებობს კლინიკური მიდგომები, რომლებიც საყოველთაოდ არის აღიარებული პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში. მიმართვიანობა ამ პერიოდში ყოველთვის მაღალია. სახელმწიფო აფინანსებს 6 წლამდე ასაკის სამედიცინო მომსახურებას, თუკი არის ხველება, ცხელება, ინტოქსიკაციის ნიშნები და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. სასუნთქი გზების ინფექციაზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველი ნიშანი არის სურდო, ხველება, არასპეციფიური ნიშანი – ცხელება, რომელიც შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი ხარისხით განვითარებული, შეიძლება ამას მოჰყვეს ასევე ისეთი არასპეციფიური ნიშნები, როგორიც არის მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. სასუნთქი გზების სისტემის ინფექციის ნიშნების მქონე ყველა პაციენტი ექვემდებარება ექიმის კონსულტაციას გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. მას უტარდება კლინიკური გამოკვლევა, რუტინულ კვლევაში ჩაჯდა ყურის გამოკვლევაც, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, თუ საჭირო იქნება გაკეთდება ფილტვების რენტგენოგრაფია და შეფასდება ნოზოლოგია, ანუ დაავადების ფორმა, სად გაჩერდა ინფექცია, ზედა სასუნთქ გზებში, თუ ჩამოვიდა ქვედა სასუნთქ გზებში. უკანასკნელ პერიოდში ძალიან ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები არ რთულდება ფილტვების ანთებით, არაიშვიათად ამის მაგალითებიც გვაქვს. დადგინდა, რომ ფილტვების ანთება უხშირესად ვირუსული ინფექციის გართულებაა. ვირუსული ინფექცია შეიძლება ვირუსის დონეზე გაჩერდეს და არ გართულდეს ბაქტერიული ხასიათის ფილტვების ანთებით.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს  დროული მიმართვიანობა სპეციალისტთან?

პირველი რეკომენდაცია, რომელსაც კლინიკური მედიცინა საზოგადოებას უწევს, არის ის რომ, პერიოდულად უნდა გადაფასდეს ის ნიშნები და მდგომარეობა რაც პაციენტს აღენიშნება. გადაფასების დრო ძალიან ინდივიდუალურია. არსებობს რიკს ფაქტორები, მაგალითად: ადრეული ასაკი, დღენაკლულობა, სხეულის დაბალი მასა, ქრონიკული დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის სერიუზული დაზიანების მქონე ბავშვები და ა.შ. დღეს შეიძლება იყოს დადგენილი ვირუსული ინფექცია, ხვალ კი გართულდეს ნებისმიერი სხვა ნოზოლოგიით. რამდენიმე ათეული წლის წინ, ფილტვების ანთება ფასდებოდა როგორც უსიცხოდ განვითარებული ფილტვების ანთება, ან ტემპერატურის თანხლებით მიმდინარე ანთება. შემდეგ გამოჩნდა ფილტვების ანთების ისეთი ფორმა, რომელიც ხველების გარეშე მიმდინარეობს, წლების წინ კი ფილტვების ანთება ფასდებოდა ხველებით, სიცხით, სუნთქვის გაძნელებით და ა.შ. ახლა კი აუცილებელი არ არის ხველა წამყვანი კლინიკური ნიშანი იყოს, აქ სხვა ნიშნები გვეხმარება. რაც შეეხება „ჩუმი ფილტვების ანთებას“, შესაძლებელია ფილტვებში გასინჯვით არ იყოს ის ნიშნები, რაც კლასიკურად მიგვანიშნებს ანთებისკენ, თუმცა, ექიმმა იცის, რომ  ბავშვის ზოგადი მდგომარეობა – სუნთქვის სიხშირე და სხვა გამოვლინებები, მაგალითად უმადობა, მივარდნილობა, ფერმკრთალობა,  შესაძლოა, ფილტვების ანთებაზე მიანიშნებდეს. ამ დროს უნდა გაკეთდეს გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, რაც დაგვიდასტრებს, ან ვუარყოფთ ფილტვების ანთებას. ყველაფერი ერთად – კლინიკური ნიშნები, ანამნეზი, ფონური მდგომარეობა განიხილება ერთად და ფასდება ნოზოლოგია. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გვაქვს დაყოვნების მეთოდიც, როდესაც  24 საათის განმავლობაში, კვლევისა და მკურნალობის პირობებში ფასდება მდგომარეობა.

 

იცვლება თუ არა სისხლის საერთო ანალიზი ყოველთვის ფილტვების ანთების დროს?

ხშირად, სისხლის საერთო ანალიზი ნორმალურია, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა… ჰემატოლოგიური სურათი, ანუ სისხლის საერთი ანალიზი საერთაშორისო რეკომენდაციის მიხედვით, შეიძლება იყოს პათოლოგიის გარეშე, მაგრამ მდგომარეობა მძიმე იყოს. სისხლის საერთო ანალიზთან ერთად უნდა მოხდეს სხვა კლინიკური კვლევების ჩატარება, საერთო სურათის შეფასება და მხოლოდ შემდეგ უნდა დავსვათ დიაგნოზი. ფილტვების ანთებას სხვადასხვა მიკრობი იწვევს, არსებობს სოკოვანი ფილტვების ანთება, ან ბაქტერიებით გამოწვეული ანთება და ა.შ.

 

რამდენად ახასიათებს ფილტვების ანთებას გამეორება?
სასურველია, რომ პირველ რიგში სწრაფად მივმართოთ ექიმს, როდესაც რაიმე უჩვეულო ნიშანი ჩნდება, თუნდაც სურდო, ან ყურის ტკივილი, ეს არის გამოსავალი. საწყისი მდგომარეობიდან ექიმს საშუალება აქვს შეაფასოს პაციენტი, როგორ იყო გუშინ და როგორ არის დღეს. თუმცა, შეიძლება ყოველ დღე მოხდეს შეფასება, მაგრამ მეხუთე დღეს გართულება დადგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გართულების დადგენა და ჰოსპიტალიზაცია დროულად მოხდება. ჩემი კოლეგები აღნიშნავენ, რომ გახშირდა რეჰოსპიტალიზაციები. მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციით გაეწერა პაციენტი და 3-5 დღის შემდეგ ისევ სიცხით, ხველებით და მძიმე დმგომარეობით ბავშვი ბრუნდება სტაციონარში. ჩვენს პედიატრიულ კლინიკაში გავაანალიზეთ რამდენიმე ათეული შემთხვევა და მივედით დასკვნამდე, რომ აქ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ასეთ მდგომარეობას. ამ სეზონზე არსებულმა ვირუსულმა ინფექციებმა მიიღეს ციკლური, ტალღისებური მიმდინარეობა და ვითარდება გარკვეული ნათელი პერიოდებით.  5-7 დღე ავად არის, შემდეგ კარგად არის და შემდეგ ისევ მეორდება გართულება. აქ აღსანიშნავია, რომ ადგილი აქვს რე ან სუპერ ინფექცის, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი გაეწერა გამოჯანმრთელებული და სახლში დახვდა მცირედ მოავადე ოჯახის წევრი, რომელიც ბავშვისთვის არის სერიოზული ინფექციის ფორმა. აქ ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი – ოჯახის სულადობა, სოციალურ-ეკონომიური ფაქტორი და სხვა. გარდა ამისა, ვიმეორებ, რომ ინფექციებმა შებრუნებითი ხასიათი მიიღეს. სწორედ ამან განაპირობა ჰოსპიტალში დაბრუნების შემთხვევები.

 

რა როლს ასრულებს მთიანი კურორტები ზამთარში ქვედა და ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის?

როგორც ექიმი, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ კურორტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქი, სკოლები, ბაღები – განსაკუთრებული დარტყმაა პატარებისთვის. მაღალმთიანი კურორტები, იქ სადაც თოვლია და სუფთა ჰაერი ძალიან სასარგებლოა პატარების ჯანმრთელობისთვის. ეს არის გაკაჟება, იმუნიტეტის გაძლიერება და ეს მათ ჯანმრთელობას წაადგება. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ბებია-ბაბუებთან სტუმრობა რაიონებშიც ძალიან კარგია და არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ კურორტებზე წასვლა. მინდა ვისაუბრო გრიპის ვაქცინაზეც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინაცია სერიოზული სამედიცინო ინვესტიციაა. მისი ჩატარება წესით ოქტომბრის თვიდან ხდება, თუმცა მიიჩნევა, რომ აცრა გვიან არასოდეს არის. ჩვენ თებერვალსა და მარტში ველოდებით ვირუსების პიკს. პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვირუსული ინფექციები არის ჰაერწვეთოვანი და ამიტომ ავადმყოფი ადამიანი უნდა იყოს იზოლირებული. უნდა იაროს სამედიცინო ნიღბით. მაგალითად, რინო ვირუსი რაიმე ზედაპირზე 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს. თუ ადამიანმა დააცემინა ლიფტში, თქვენ კი შეეხეთ ლიფტის ზედაპირს და შემდეგ ხელი მოისვით თვალში ან ცხვირ-ხახაში, ლორწოვანიდან ორგანიზმში შედის რინო ვირუსი. ხშირად დაიბანეთ ხელები. როდესაც ადამიანი ავად არის, არ უნდა გავიდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

წყარო: Fortuna.ge