Nuk
ბიძინა კულუმბეგოვი: „ფიჭვის ყვავილობას შესაძლოა ბავშვისთვის უკუეფექტი ჰქონდეს“

თარიღი: 15 მაისი, 2018

სად და როგორ დავგეგმოთ დასვენება. ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში ,,FM პედიატრი“ კურორტოლოგიის მნიშვნელოვან ფაქტორებზე ისაუბრა.

 

ყველა მშობელი ცდილობს დაგეგმოს დასვენება ისე, რომ მაქსიმალურად სასარგებლო იყოს ეს მისი შვილისთვის. როდის და როგორ უნდა დავგეგმოთ დასვენება და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ბავშვისთვის კურორტი?

 

ბიძინა კულუმბეგოვი: მართლაც აქტუალური საკითხია და ეხლა წელიწადის ის დროა, როდესაც ეს საკითხი კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს. სწორი რჩევა და დაკვალიანება ღირებულებით დატვირთვას ატარებს, რათა სარგებელი მეტი იყოს იმ კურორტებისგან, რისკენაც რეალურად ვისწრაფით. ამაში მატერიალურ რესურსსაც ვდებთ, ადამიანურსაც და ა.შ.

ხშირად მეკითხებიან თუ სად შეიძლება ვურჩიო მათ დასვენება? ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია, რადგან ჯერ უნდა გამოვიკვლიო მათი ალერგოლოგიური სტატუსი, ამის შემდეგ უკვე შემიძლია რეკომენდაცია სწორად გავცე. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აქვს ალერგიის არანაირი სიმპტომი, მაშინ კურორტოთერაპიის არჩევა პედიატრის მიერ უნდა მოხდეს. აქ ძირითადად იგულისხმება ბავშვის ასაკი და თანმხვედრი დაავადებები. აქსიომაა ის, რომ ადრეული ასაკის ბავშვებში ნებისმიერი დაავადება სწრაფად მიდის, გართულებების რისკი მაღალია, ხანდახან ბავშვი ძალიან სწრაფ და მყისიერ დახმარებას საჭიროებს, ამის გამო ჩემი პასუხი არის ასეთი, თქვენ გჭირდებათ ისეთი დონის კურორტი სადაც ასევე მაღალი დონის რეფერალურ კლინიკასთან მაქსიმუმ იქნებით 1 საათიანი ხელმისაწვდომობისას. შორს, ტრანსპორტისთვის მიუვალ კურორტებზე განსაკუთრებით 2-3 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა წავიყვანოთ, რადგან შესაძლოა ეს იყოს ძალიან საფრთხისშემცველი ბავშისათვის.

 

8-9 ინფექცია სკოლის ასაკამდე არის ნორმა მაგრამ ეს ინფექცია უნდა იყოს თვითმორჩენადი

 

ალერგიული დაავადებები, რომელიც ჩვენს პატარებს აწუხებთ, ეს არის ხშირი ავადობა სასუნთქი გზებით, რაც გამოიხატება ხშირი სურდოთი, გამონადენით ან ქვედა სასუნთქი გზების პრობლემებით, რომელიც ძირითადად ვლიდნება ნახველით, ხშირი გაციებით, ხშირად ბრონხოსპაზმის და მსტვინავი სუნთქვის მორეციდივე ეპიზოდებით. როდესაც ხშირად ავადობს ბავშვი, პედიატრიც და კვალიფიციური ექიმიც მშობელს ეუბნება რომ მათ სჭირდებათ ალერგოლოგის დახმარება, რათა გამოარკვიონ თუ რა შეიძლება იყოს ამის უკან და შესაბამისად ამას ებმევა ის რეკომენდაციები, რისთვისაც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ. თუ ჩვენ გვყავს ბავშვი, რომელიც ავადმყოფობს და მინდა დავაზუსტო, თუ ვის შეიძლება ვუწოდოთ პრობლემური და მოავადე ბავშვი, რადგან ურთიერთთანხმობა მსოფლიოში დღეს არ არსებობს, ბევრი ევროპული სამედიცინო სკოლა ამბობს, რომ 8-9 ინფექცია სკოლის ასაკამდე არის ნორმა მაგრამ ეს ინფექცია უნდა იყოს თვითმორჩენადი (ეს ნიშნავს იმას, რომ გამოიყენებთ მარტივ და მსუბუქ საინჰალაციო თუ მედიკამეტურ საშუალებას), ანუ როდესაც ბავშვი მაქსიმუმ 14 დღეში სრულიად ჯანმრთელია. თუ თქვენ ატყობთ რომ ბავშვი ხშირად ავადობს, მაგრამ ანტიბიოტიკის გარეშე არჩენთ თქვენს შვილს, ის 8-9 ინფექცია რომელიც ანტიბიოტიკის გარეშე გვარდება არის ნორმა მაგრამ თუ 3 და მეტი ფილტვის ანთებაა წელიწადში, ყურის ანთება 2 და მეტია, სინუსები 3 და მეტია, ანუ მაშინ როდესაც ანტიბიოტიკი ხშირად გჭირდებათ აქ უკვე 8-9 ინფექციაზე აღარავინ საუბრობს.

 

ანტიბიოტიკის სიხშირე რა შეიძლება იყოს?

ბიძინა კულუმბეგოვი: ფილტვის ანთებას ანტიბიოტიკის გარეშე არავინ მკურნალობს, ასევე სინუსების ანთებას. ანტიბიოტიკის გამოყენება ბავშვს ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდება და ისიც როდესაც არის შუა ყურის ანთება, ეს არის ასევე ფილტვის ანთება, ბაქტერიული ტიპის ბრონქიტები. გაციებას არანაირი ანტიბიოტიკი არ სჭრიდება, რადგან ბავშვი გამოჯანმრთელდება მის გარეშეც. თუ თქვენ ატყობთ რომ ეს ინფექციები არის 3 და მეტი წელიწადში მაშინ როდესაც ანტიბიოტი დაგჭირდათ, შეიძლება განვიხილოთ რომ მეტ-ნაკლებად სერიოზული რამ სჭირს ჩვენს შვილს. როდესაც ხშირად ავადობს ბავშვი და ეს ავადობა დასაშვებ ნორმაზე მეტია, პირობითად რომ ვთქვათ 100%-ს არავითარი ანალიზური ცვლილება არ აღენიშნება, მაშინ როდესაც აბსოლუტურად ყველა ანალიზი ეს იქნება ალერგოლოგიური თუ იმუნური ნორმაში ექნება მას. ასეთ დროს ჩვენ ვამბობთ რომ ეს პრობლემა არის ასაკთან მიბმული, რომელიც იმუნური სისტემის ჩამოუყალიბებლობას ახლავს თან. მჭიდრო კონტაქტი, პატარა ფართი სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ეს ის ფაქტორებია რომელიც ხშირ ავადობას უწყობს ხელს. სკოლის ასაკამდე განსაკუთრებით ხშირია ეს პრობლემა და ასაკთან ერთად ვითარება იცვლება უკეთესობისკენ. დარჩენილ 50%-ს აღმოაჩნდება რომ აქვს ალერგია რაიმე ფაქტორზე. ანუ ალერგია არის 30%-ის შემთხვევაში. ხშირად ალერგიული რინიტი ეშლებათ გაციებით გამოწვეულ რინიტში, ეს შესაძლოა იყოს ბავშვთა ასაკის ასთმის გამოხატულება. აუცილებლობის შემთხვევაში პედიატრი გამოიყენებს ალერგიულ ტესტს, ყველაზე ხშირ ალერგენებზე მარტივი ტესტებით შეგვიძლია გამოვარკვიოთ ხშირი ავადობის უკან დგას ალერგია თუ არა.

 

ამ ტესტებისთვის აუცილებელია, რომ მშობელმა ბავშვი ჯანმრთელ მდგომარეობაში მიიყვანოს?

ბიძინა კულუმბეგოვი: ამ ტესტებისთვის ჯანმრთელი მდგომარეობა არ არის აუცილებელი. დღეისთვის საგრძნობობა და სპეციფიურობა თანაბარია და მასზე გავლენას არ ახდენს დალეული წამალი თუ ავადობა. ალერგია გვაქვს ან არ გვაქვს და ალერგია მარტივად გარკვევადია. დარჩენილი 20% -ის შემთხვევაში 10%-ს აქვს ქრონიკული დაავადება, თანდაყოლილი ან შეძენილი, გულის მანკის ფორმა, დიაბეტი და სისხლის პათოლოგიები. თანმხლები დაავადება იმუნური სისტემის დათრგუნვას იწვევს და ძირითადი იმუნური სისტემის გამოსწორებას წარმოადგენს. დარჩენილ 10%-ს აქვს იმუნოდეფიციტის თანდაყოლილი, ჭეშმარიტი ფორმა, რომელიც ასევე ტესტით ხდება ეჭვის დადასტურება. 

დავუბრუნდეთ ალერგიულ პაციენტებს, ალერგიის შემთხვევაში ძირითადი ნოზოლოგიური ფორმები და დაავადებები რომელიც გვხვდება ეს არის რინიტები, ქვედა სასუნთი გზები პრობლემები ანუ ასთმა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ბავშვი არის სკოლამდელი ასაკის, ასთმური მოვლენების მართვის მთავარი დოკუმენტი რომელსაც ეყრდონა, ეს არის გლობალური მართვის სტრატეგია, სადაც ბოლო რამდენიმე წელია გაჩნდა 5 წლამდე ასაკის ბავშვის ასთმის შეფასების კრიტერიუმები და მკურნალობის ეტაპები. თუ თქვენი შვილი ხველით ან მსტვინავი ხასიათის სუნთქვით წელიწადში 2-3 ჯერ ავადმყოფობს და 10 დღეზე მეტ ხანს არ გაგრძელდა ეს პრობლემა, ოჯახში დედას და მამას, ან და-ძმას, ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა ქრონიკული დაავადება არ სჭირს და თქვენი შვილი ავადობიდან მეორე ავადობამდე სრულიად ჯანმრთელია, მაშინ ამ ბავშვს ასთმის რისკი აქვს მინიმალური. თუ ბავშვები ხშირად ავადობენ, ქოშინი და გაძლიერებული სუნთქვა აქვთ 10 დღეზე მეტ ხანს და მკურნალობის ფონზე მაინც ხველა თავიდან ეწყებათ, ასევე ხველა აქვთ სირბილის ან სიცილის შემდეგ, ამ ბავშვს ასთმის ალბათობა მომავალში აქვს მაღალი. შესაძლოა ალერგიული პრობლემა ბავშვში იყოს კვებითი ალერგიისგან განპირობებული ან მტვერით, ცხოველის ბეწვით გამოწვეული და ა.შ.

 

ბევრ მშობელს, თავისი შვილი ბრმად მიჰყავს კურორტზე ნაძვის და ფიჭვის ყვავილობის დროს.

ბიძინა კულუმბეგოვი: ფიჭვის ყვავილობას შესაძლოა ბავშვისთვის უკუეფექტი ჰქონდეს. მე ცალსახად ყველას ერთნაირად ვეუბნები, რომ გაარკვიონ ბავშვის ავადობა არ იყოს მცენარეებთან ცალსახა კავშირში, კერძოდ ფიჭვის მტვერთან მიმართებაში ვგულისხმობ. თუ ბავშვს ალერგია არ აქვს სადაც გინდათ და რომელ თვეშიც გინდათ მაშინ წაიყვანეთ. წელს პირველად კეთდება ალერგოლოგიური პროგნოზი, როდესაც ჩვენ საშუალება გვაქვს გავიგოთ, ალერგია მცენარეებზე გვაქვს თუ სოკოზე და არის თუ არა ჰაერში შეწონილი. ეს არის ბოტანიკური და ალერგოლოგიული სამსახურის 5 წლიანი შრომის შედეგი, როცა ყოველკვირეულად გვაქვს ინფორმაცია, რის საშუალებითაც იგეგმება კურორტოთერაპია და ამ მეთოდის მეშვეობით მინიმუმამდე არის დაყვანილი ალერგიული გამოვლინება. მცენარის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანს, მაისი და ივნისის პერიოდში შეუძლიათ წავიდნენ მაღალმთიან კურორტზე, მაგრამ ასეთ ადგილზე აგვისტოში არ უნდა წახვიდეთ. მინიმუმამდეა დაყვანილი ეს პრობლემა ზღვის კურორტებზე. მათ ვისაც ნესტის სოკოების მიმართ აქვთ ალერგია და უნდათ წასვლა ზღვის კურორტებზე, შეგიძლიათ წასვლა ადრეულ ზაფხულში, დაბინავდით მაღალ სართულზე და დაამთხვიეთ დასვენება ისეთ თვეებს, როცა ნაკლებია ნალექის ალბათობა. ოთახის მტვერი ყველაზე ხშირი ალერგენია თუმცა 1350-1400 მეტრზე აღარ არსებობს ეს ალერგია. როცა ეს პრობლემაა უნდა შეარჩიოთ მაღალმთიანი კურორტები, მაგ. ბორჯომი, აბასთუმანი, ბახმარო, კეჩხობი და ა.შ. ვისაც ალერგია არ აქვს შეგიძლიათ დაისვენოთ სურამში, წაღვერში, კეჩხობსა და მანგლისში. 

 

ზოგჯერ მშობლებმა არ იციან რომ ბავშვს აქვს ალერგია. რა პირველადი დახმარების მედიკამენტები უნდა ჰქონდეთ მათ საჭიროების შემთხვევაში?

ბიძინა კულუმბეგოვი: პედიატრთან უნდა გაიაროთ რეკომენდაცია სანამ დაგეგმავთ დასვენებას. უნდა იცოდეთ მედიკამენტის დოზირება. თან უნდა იქონიოთ ინჰალატორი, მწერების ნაკბენისგან დამცავი გელი, ანტიდიარიული, ანტისეპტიკური საშუალებები, დოლბანდი, ბამბა და ა.შ

 

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და იმუნიტეტისთვის ჰაერის გამოცვლა და კურორტოთერაპია?

ბიძინა კულუმბეგოვი: საინტერესოა რაშია კურორტოთერაპიის არსი. სამწუხაროდ ყველა იმ პრობლემის გამო, რომელშიც იმყოფება ქვეყანა, ეს არის გამონაბოლქვი თუ საწვავი, სამწუხაროდ ეკოლოგიური დაბინძურებით ერთ-ერთი მოწინავე ვართ ევროპაში და ამას მწეველობაც ემატება. ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისათვის, რომ ეს უკან მოვიტოვოთ. სადმე წასვლა და წამლებისგან გათავისუფლება, ე.წ ,,გამორეცხვა“ უნდა მოხდეს ზაფხულის განმავლობაში.

 

ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით როდესაც ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრ სიმაღლეზე ჰაერის ეკოლოგიური სისუფთავე მაღალია, მაგრამ ჟანგბადი ამის ხარჯზე მცირეა. ამ ყველაფერს კი ორგანიზმი რამოდენიმე დღის შემდეგ გრძნობს. ჟანგბადის არარსებობის გამო იწყება ორგანიზმის სრული მობილიზება. ამიტომ ის დაახლოებით 7 დღეში იწყებს გადაწყობას, ჰემოგლობინის ჭარბ წარმოქმნას და ბუნებრივია იმუნური სისტემაც სტიმულირდება. ამიტომ, როცა მეკითხებიან თუ რომელი სახის ვიტამინი მისცენ ბავშვს ვპასუხობ, რომ არავითარი ვიტამინი არ არის საჭირო, თუ სპეციფიური საჭიროება არ არის ამის. უმნიშვნელოვანესია სწორ კვებაზე აქცენტის გაკეთება და სწორი კურორტოთერაპია.

 

ხშირად მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ მთელი თვის განმავლობაში წაიყვანონ ბავშვი კურორტზე. რომელია ის მინიმუმი, რაც ბავშვმა კურორტზე უნდა დაჰყოს?

ბიძინა კულუმბეგოვი: სასურველია 14 დღე გაატაროს ბავშმა კურორტზე, მინიმუმ 10 დღე მაინც კი მთის კურორტზე. ზღვაზე დიდ დროს თუ არ გაატარებთ არ არის პრობლემა და თუ მაინც გადაწყვიტეთ იქ დასვენება ეს შესაძლოა იყოს 5-7 დღე.

წყარო: https://4u.ge