Nuk
საფენის დერმატიტი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 02 ოქტომბერი, 2017

როგორ ამოვიცნოთ საფენის დერმატიტი?

საფენის დერმატიტი ადრეული ასაკის ჩვილ ბავშვთა ერთ-ერთი ხშირი კლინიკური გამოვლინებაა.

თუ თქვენს შვილს უშუალოდ საფენის შეხების ადგილებში (გენიტალური არე, საზარდული, დუნდულები, ბარძაყის შიდა ზედაპირები) განუვითარდა კანის სიწითლე, გაღიზიანება და გამონაყარი, შესაძლოა მას საფენის დერმატიტი ჰქონდეს.

 

რა არის საფენის დერმატიტის განვითარების მიზეზი?

საფენის დერმატიტის განვითარების მიზეზები სხვადასხვაა:
· საფენის ოკლუზიური ეფექტი ზრდის შარდისა და განავლოვანი მასების ერთობლიობასთან ერთად საფენქვეშ მოქცეული არის ტენიანობას,  რის გამოც უშუალო შეხებაში მყოფი კანი განიცდის მაცერაციას, ზიანდება მისი ზედაპირული შრე და ადვილად შეღწევადი ხდება სხვადასხვა ქიმიური გამღიზიანებლებისა და მიკროორგანიზმებისთვის, ყოველივე ეს უზურუნველყოფს დერმატიტის განვითარებას.
· ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, რაც ხელს უწყობს სოკოვანი ინფექციის განვითარებას
· დიარეა, რომლის დროსაც ვითარდება კანის ზედაპირული შრის გაღიზიანება განავლოვანი მასებითა და შარდით
· ალერგია  უშუალოდ საფენსა ან ბავშვის კანის მოვლის საშუალებებზე (კრემი, მალამო, საპონი)
· ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან საფენის დერმატიტის განვითარების ვიდრე ძუძუთი კვებზე მყოფი ბავშვები განავლის უფრო მაღალი pH - ის გამო

 

როგორ დავიცვათ თავი საფენის დერმატიტის განვითარებისგან ექიმთან მისვლამდე?
· საფენი შევცვალოთ ხშირად, დაახლოებით 2-3 საათში ერთხელ
· საფენის მიდამო უნდა გასუფთავდეს თბილი წყლითა და ფიზიოლოგიური PH-ის შემცველი საშუალებებით.
· საფენის შეცვლის დროს კანი კარგად გავამშრალოთ და საფენი ძალიან მჭიდროდ არ შევკრათ
· მოვერიდოთ სველი ხელსახოცების გამოყენებას, რადგან შესაძლებელია კანის გაღიზიანება გამოიწვიოს
· თავი ავარიდოთ პუდრის გამოყენებას, რადგან ბავშვის სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა სუნთქვის პრობლემები შექმნას
· ყოველი დაბანის შემდეგ გამოვიყენოთ სპეციალური საფენის ქვეშა დამცავი კრემი

სიწითლის, გაღიზიანებისა და გამონაყრის დროს მივმართოთ დროულად ექიმს.