Nuk
1 დეკემბერი, 2015 – შიდსის მსოფლიო დღე

თარიღი: 29 ნოემბერი, 2015

1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა  გამოცხადებული შიდსის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებული იქნა ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ (On the Fast-Track to end AIDS) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას. კერძოდ:

-          აივ ნებაყოფლობითი ტესტირების გაზრდა იმ 21 მილიონი აივ ინფიცირებულის გამოსავლენად, რომლებმაც არ იციან საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შესახებ და ვერ ღებულობენ შესაბამის დახმარებას;
-          მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა მსოფლიო მასშტაბით 36 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობა;
-          მსოფლიოში, მკურნალობის პროგრამით აივ ინფიცირებული ბავშვების მოცვის გაზრდა 32%-დან 100%-მდე

კამპანიის ფარგლებში გადასადგმელი „დიდი ნაბიჯები“ გულისხმობს:
2020 წლისთვის:
მკურნალობას 90-90-90, რაც მიზნად ისახავს:

აივ ინფიცირებულთა 90%-მა  იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ; 
აივ ინფიცირებულთა 90% იღებდეს არვ მკურნალობას;
 მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეული იქნას აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონის შენარჩუნება) 

ახალი ინფექციების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 500,000 წელიწადში
აივ ინფიცირებულთათვის შექმნილი იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო

2030 წლისთვის კი „ნაბიჯები “კიდევ უფრო ამბიციურია:
მკურნალობა 95-95-95
ახალი ინფექციები რიცხვი არ აღემატებოდეს 200,000 წელიწადში და აივ ინფიცირებულთათვის შენარჩუნებული იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო
გაეროს შიდსის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის ბატონი მიშელ სიდიბეს განცხადებით, თუ 2016 წლიდან მსოფლიო ერთ სულ მოსახლეზე დახარჯავს სულ ცოტა 3 დოლარს შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე, მაშინ 2030 წლისთვის ჩვენ გვექნება შიდსისგან თავისუფალი მსოფლიო, რაც გამოგვითავისუფლებს ამ დროისთვის სულ ცოტა 15 დოლარს ერთ სულ მოსახლეზე, მდგრადი განვითარების სხვა მიზნების განსახორციელებლად.

გაეროს შიდსის პროგრამის გათვლებით, შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად მსოფლიო ინვესტიციის ოდენობამ უნდა მიაღწიოს სულ ცოტა 31.1 მილიარდს 2020 წლისათვის და 29,3 მილიარდს 2030 წლისთვის.აღნიშნული ამბიციური მიზნები თითოეული ქვეყნისგან მოითხოვს არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას და ეფექტიან ხარჯვას.

საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია: სამედიცინო სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელდება. 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა. 2016-2018 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის შემდგომ შემცირდება.

აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამების მდგრადობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომლის გადაჭრა შესაძლებელია სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი დიალოგისა და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველზე.

 

სტატისტიკა
აივ ინფექცია/შიდსი მსოფლიოში:
2014 წლის ბოლოსთვის:
36.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აივ ინფექციით, მათ შორის 2 მილიონი ადამიანის ინფიცირება მოხდა 2014 წელს;
მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფებოდა 15.8 მილიონი ადამიანი;
1.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა;
სულ ეპიდემიის დაწყებიდან 2014 წლის ბოლომდე გარდაიცვალა 25 მილიონზე მეტი ადამიანი.

აივ ინფექცია/შიდსი საქართველოში
2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს.პ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევა.
ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 ქალი
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
შიდსი განუვითარდა 3,150 პაციენტს,
1063 გარდაიცვალა.
მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფება 2,615 პაციენტი, მათგან 46 ბავშვია.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (50.2%), მათ შორის 7.6% ჰომოსექსუალური კავშირი. 

აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (1,875 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 729 შემთხვევით, იმერეთი 702 შეთხვევით და აჭარა 627 შემთხვევით.