Nuk
შოკოლადის მიმართ ალერგია თუ შოკოლადის აუტანლობა

თარიღი: 11 დეკემბერი, 2018

შოკოლადის დადებით თვისებებზე და და მის მიმართ ალერგიასა და აუტანლობაზე გვესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგი მადონა დევიძე

 

შოკოლადი უმრავლესობისთვის ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მისი პოპულარობიდან გამომდინარე გარდა ცალკე აღებული პროდუქტისა, ის გვხდება ასევე ბევრნაირ საკვებსა თუ სასმელშიც.

შოკოლადი აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამცირებს მადას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე და სხვ. თუმცა მიუხედავად მისი ბევრი სასარგებლო თვისებებისა, ხშირია ასევე სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციები მასზე, იქნება ეს ჭეშმარიტი ალერგიული რეაქციები თუ ტყუილი (ფსევდო) ალერგიული რეაქციები.

რომ გავერკვეთ თუ რა სხვაობაა ამ ორ შორის, ჯერ განვიხილოთ, თუ რისგან შედგება შოკოლადი.
შოკოლადი კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული პროდუქტია. კაკაოს მარცვლები დასავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ჩრდილოეთ აზიაში კაკაოს ხეზე იზრდება. კაკაოს მარცვლებისგან კაკაოს ფხვნილი და კაკაოს კარაქი მზადდება. კაკაოს კარაქს მოთეთრო-მოყვითალო ფერი აქვს და წარმოადგენს კაკაოს ცხიმს. კაკაოს ფხვნილი კი შეიცავს პროტეინებს, კოფეინს, შაქარს, ფენოლის ნაერთებს, მინერალებს და არომატიზატორებს. ის მუქი ყავისფერია, როგორც თავად კაკაოს მარცვლები. გემოს, რომელსაც ჩვენ შოკოლადის გემოდ ვიცნობთ, არის კაკაოს ფხვნილის გემო, ხოლო კაკაოს კარაქს კი ეს გემო და სუნი ძალიან მსუბუქად აქვს შემორჩენილი. შოკოლადი კაკაოს ფხვნილისაგან მზადდება, შოკოლადის ლიქიორი კი კაკაოს ფხნილისა და კაკაოს კარაქის ნარევისაგან. თუმცა უმეტესწილად შოკოლადის წარმოების დროს კაკაოს ფხვნილის გარდა ხდება მის შემადგენლობაში ისეთი პროდუქტების დამატება, როგორებიცაა: რძე, შაქარი, თხილეული, ხილი, სოიო, სიმინდის, გოგრის, მზესუმზირის მარცვლები და სხვა მრავალი.

 

ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია განსხვავდება „ტყუილი“ ალერგიული რეაქციისაგან იმით, რომ ის იმუნური მექანიზმებით არის განპირობებული. ასეთ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები ამა თუ იმ ალერგენის მიმართ, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი „მისთვის საშიშად“ აღიქვამს და თავს ესხმის მას.

ადვილ შოკოლადზე ჭეშმარიტი ალერგიის შემთხვევაში ის სწორედ კაკაოს ფხვნილზე ვლინდება, ვინაიდან სწორედ კაკაოს ფხვნილი შეიცავს პროტეინებს, განსხვავებით კაკაოს კარაქისაგან, რომელიც ცხიმებისგან შედგება. თუმცა, ასევე შესაძლებელია ალერგია იმ ინგრიდიენტების მიმართ იყოს განვითარებული, რომლებიც შოკოლადის ქარხნული წარმოების დროს არის გამოყენებული.

თეთრი შოკოლადი, მიუხედავად სახელწოდებისა, არ შეიცავს რეალურ შოკოლადს (ანუ კაკაოს ფხვნილს) და შავი შოკოლადისაგან განსხვავებით შოკოლადის კარაქისგან მზადდება. მას გემოვნებისთვის შაქარს, ვანილის ექტრაქტსა და რძის ფხვილს უმატებენ. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმეტესწილად საწარმოები მსგავსი პროდუქტების დამზადებისას რძის ფხვნილს იყენებენ ნაცვლად ნამდვილი რძისა.

თუკი თქვენ ალერგიული ხართ პროტეინებზე, რომელსაც შოკოლადის ფხვნილი შეიცავს და იტანთ შოკოლადის კარაქს (ცხიმს), მაშინ სუფთა თეთრი შოკოლადის მიღება თქვენთვის ალტერნატივას წარმოადგენს შოკოლადის მიმართ ჭეშმარიტი ალერგიის შემთხვაში.

 

შოკოლადის (კაკაოს ფხვნილის) მიმართ ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს:
- ჭინჭრის ციებით (წითელი ფერის ამობურცული ლაქები კანზე)
- კვინკეს შეშუპებით (ტუჩების, თვალის ქუთუთოების, ენის, ხორხის შეშუპება)
- ბრონქოსპაზმით, ხველით
- ტკივილით მუცლის არეში, ღებინებითა თუ დიარეით და სხვ.

შოკოლადის (კაკაოს ფხვნილის) მიმართ ალერგიის დადგენის პროცესში, საჭიროა გამოირიცხოს ალერგია იმ ინგრიდიენტების მიმართ, რომლებსაც ხშირად შეიცავს ეს პროდუქტი (მაგ. გამოირიცხოს ალერგია რძის, ნიგოზის, თხილის, სოიოს, კვერცხისა და სხვ. ინგრიდიენტების მიმართ). ასევე საჭიროა გამორიცხულ იქნას სხვა დაავადებები (მაგ. ცელიაკია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები).

 

აღსანიშნავია, რომ „ ჭეშმარიტი“ ალერგია შოკოლადის მიმართ შედარებით იშვიათად გვხდება. ის რაც ხშირად შოკოლადის ალერგიად არის მიჩნეული, სინამდვილეში შოკოლადის აუტანლობაა, რომელიც „ტყუილი“ ალერგიული რეაქციებით არის გამოწვეული. „ტყუილ“ ალერგიულ რეაქციებს იმ რეაქციებს ვუწოდებთ, რომლებიც არ არიან იმუნური მექანიზმებით გამოწვეული და შესაბამისად ნაკლებად წარმოადგენენ საფრთხეს პაციენტის სიცოცხლისათვის. შოკოლადი ჰისტამინოლიბერატორ პროდუქტად ითვლება, ანუ მას ორგანიზმში შეუძლია ჰისტამინის გამონთავისუფლების სტიმულირება. ასეთი რეაქციები უმეტესწილად ამა თუ იმ საკვების ჭარბი რაოდენიბით მიღების დროს ვლინდება, არ აქვთ იმუნური მახსოვრობა, ამიტომ არ გამოირჩევიან სიმპტომების გამოვლენის რეგულარულობით (ანუ ხანდახან შესაძლებელია რამოდენიმე ფილა შოკოლადი აიტანოთ, ხანდახან კი ერთი ფილის მიღებაც სიმპტომებს აჩენდეს).

შოკოლადის აუტანლობა შეიძლება გამოვლინდეს:
ქავილითა და გამონაყარით
შებერილობით, მეტეორიზმით, დიარეითა თუ ყაბზობით


კოფეინის აუტანლობის შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი სიმპტომების გამოვლინება, როგორებიცაა:
აღზნებადობა, შფოთვა
გულის რითმის აჩქარება
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ძილის დარღვევა და სხვ.

 

თუკი თქვენ ეჭვობთ, რომ გაქვთ შოკოლადის მიმართ ალერგია ან შოკოლადის აუტანლობა, მიმართეთ ალერგოლოგს. დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლებელია დაგჭირდეთ კანის სინჯების ჩატარება, სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში ან/და ელიმინაციური დიეტა. თქვენი რეაქციის სიმძიმისგან გამომდინარე, ალერგოლოგმა შესაძლებელია გირჩიოთ თავი აარიდოთ შოკოლადის მიღებას საერთოდ ან ნება დაგრთოთ მიიღოთ ის შეზღუდული რაოდენობით.

ექიმი ალერგოლოგი მადონა დევიძე