სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

თარიღი: 12 ოქტომბერი, 2017

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გადაცემა უმეტესწილად სქესობრივი კონტაქტით ხდება. მათი რაოდენობა ამჟამად 30-ს აღემატება. ყველაზე ხშირად კი სქესობრივი ინფექციებიდან გვხვდება ტრიქომონიაზი, ქლამიდოზი, გონორეა, ჰერპესი, B, C ჰეპატიტი და შიდსი. 

როგორ ვრცელდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

დაინფიცირება შესაძლებელია ნებისმიერი გზით (ვაგინალური, ანალური, ორალური) განხორციელებული სქესობრივი აქტის დროს და ხანდახან აქტის გარეშეც – სასქესო ორგანოების შეხებითაც კი, განურჩევლად პარტნიორისა (როგორც შემთხვევით პარტნიორთან, ასევე ცოლქმრული ურთიერთობის დროს) და იმისა, სქესობრივი აქტი განხორციელდა ერთჯერადად, თუ მრავალჯერადად. ასე რომ, სქესობრივი ცხოვრების მქონე ნებისმიერი პირი დგას სგგდ-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

არსებობს ზოგიერთი სგგდ-ის გავრცელების სხვა გზებიც: მაგ. შიდსით, აგრეთვე  B და C ჰეპატიტით დაინფიცირება შესაძლებელია დაავადებული პირის სისხლთან კონტაქტის გზით - გამოყენებული შპრიცების ან ნემსების მოხმარების ან სისხლის გადასხმის შედეგად. ხოლო ათაშანგისა (სიფილისი) და ჰერპესის გადაცემა ზოგჯერ კოცნითაც არის შესაძლებელი.

სგგდ (შიდსის ჩათვლით) არ გადაიცემა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემთხვევითი კონტაქტებით, მაგ. შეხებით, ხელის ჩამორთმევით, სახელურებზე ხელის მოკიდებით, საერთო აბანოსა და საცურაო აუზის, ან საერთო ჭურჭლისა და საკვების გამოყენებით.

სგგდ-ის ნიშნები  

სგგდ-ის ნიშნები განსხვავებულია და სხვადასხვაგვარად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. ნებისმიერი ქვემოთ მოცემული ნიშნების შემჩენვისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა. 

ქალებში ინფექციის ნიშნები:

უჩვეულო გამონადენი საშოდან,  ან უსიამოვნო სუნი;

ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;

წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ,შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;

ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;

ტკივილი მუცლის ქვემო არეში.

მამაკაცებში: 

ტკივილი ან წვა მოშარდვისას;

ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი;

წყლულები, ბუშტუკები, სხვა გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები ასოზე, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.   

სგგდ ზოგჯერ გამოვლინდება სხვა ინფექციების მსგავსი ზოგადი სიმპტომებით, როგორიცაა საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ღებინება, ნაწლავთა აშლილობა და მადის დაკარგვა.

სგგდ ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალებში. თუ თქვენს პარტნიორს სგგდ აქვს, თავადაც შეიძლება დაინფიცირებული იყოთ, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დაავადების ნიშნები.

შიდსის ვირუსით დაინფიცირებისას დაავადების ნიშნები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოვლინდეს!

როგორ მოვიქცეთ სგგდ-ის ნიშნების აღმოჩენისას?

თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი შენიშნავთ სგგდ-ის რომელიმე ნიშანს ანუ თუ დაეჭვდით, რომ გაქვთ სგგდ, მაშინვე მიიღეთ ზომები:

მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და დროულად დაიწყეთ მკურნალობა, ვინაიდან სგგდ-ების უმრავლესობა ადვილად ემორჩილება დროულად დაწყებულ და სწორად წარმართულ მკურნალობას. კვალიფიციური ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევებს კონკრეტული ინფექციის დადგენისა და შესატყვისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით. მნიშვნელოვანია არამარტო სწორი მკურნალობის შერჩევა, არამედ მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა;

არ დაუშვათ ინფექციის გავრცელება, არ იქონიოთ სქესობრივი კავშირი მანამ, სანამ მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციას პარტნიორს გადასცემთ და მისგან კვლავ დაინფიცირდებით. თუ ვერ შეძლებთ სქესობრივი კონტაქტისათვის თავის არიდებას - გამოიყენეთ პრეზერვატივი;

დაეხმარეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორს მკურნალობაში: საჭიროა დაარწმუნოთ პარტნიორი ექიმთან მისვლისა და მკურნალობის ჩატარების აუცილებლობაში. თუ თქვენ იმკურნალებთ და პარტნიორი კი არა, შესაძლოა მისგან კვლავ დაინფიცირდეთ;

განმეორებით მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ განიკურნეთ: თუ ეს ასე არ იქნება, ექიმი დამატებით მკურნალობას დაგინიშნავთ.

როგორ შეიძლება სგგდ-ის თავიდან აცილება?

თავი მოარიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება ადამიანს წინდაუხედავს ხდის და ხელს უწყობს სგგდ-ის გავრცელებას.

ყოველი შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს გამოყენეთ კონდომი (პრეზერვატივი).