Nuk
შესაძლებელია თუ არა რომ სურდოს მიზეზი ალერგია იყოს? ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 02 ოქტომბერი, 2023

შესაძლებელია თუ არა რომ სურდოს მიზეზი ალერგია იყოს?

7 კითხვა ალერგოლოგს

 

1. რამდენად შესაძლებელია ხშირი სურდოს ან ცხვირის გაჭედვის მიზეზი ალერგია იყოს?

დიახ, შესაძლებელია, მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ნიშნებს:

- ცხვირის ქავილი

- ხშირი გამეორებადი ცემინება

- სიმპტომები უპირატესია ღამე დაწოლისას ან დილას გამთენიისას

- ცხვირის გაჭედვის დროს ნესტოების მონაცვლეობა (ხან მარჯვენა იჭედება, ხან მარცხენა)

- სიმპტომებს ტემპერატურა თან არ ახლავს 

- გრძელდება 7  დღეზე მეტი

 

 

2. რა შეიძლება იყოს ალერგიული სურდოს გამომწვევი მიზეზი?

- ოთახის მტვრის ტკიპები

- მცენარეული მტვერი

- ჰაერში არსებული სოკოს სპორები

- შინაური ცხოველების ბეწვი 

- ფრინველის ბუმბული და ა.შ

 

 

3. როგორ გავარჩიოთ ალერგიული სურდო გაციებისგან? 

ა) სიმპტომებით: 

- ალერგიის დროს: ცხვირიდან უფერო, თხელი, წყლისებური გამონადენია, ხშირია ცხვირის ქავილი, ჩივილებს ტემპერატურა არ ახლავს

- გაციების დროს: ცხვირიდან მოყვითალო ფერის შესქელებული გამონადენია, შესაძლებელია ახლდეს  ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, სახსრების ტკივილი

ბ) დასაწყისით: 

- ალერგიის დროს: ცემინება, სურდო იწყება ალერგენთან (ოთახის მტვერი, მცენარეული მტვერი, ცხოველების ეპითელიუმი ა.შ) კონტაქტისთანავე

- გაციების დროს: ვირუსთან კონტაქტიდან 1-3 დღის შემდეგ

გ) ხანგრძლივობით:

- ალერგიის დროს: სიმპტომები გრძელდება მუდმივად დამნაშავე ალერგენების ზემოქმედების გამო

- გაციების დროს: საშუალოდ 3-7 დღე

 

 

4. თუ შესაძლებელია ალერგიული სურდოს გამომწვევი მიზეზის დადგენა?

დიახ, შესაძლებელია კანის სინჯების საშუალებით:

- კანის სინჯების ჩატარების დროს ოთახის მტვრის ტკიპების, მცენარის მტვრის, სოკოს სპორების, შინაური ცხოველის, ბუმბულის ალერგენის უშუალო ზემოქმედება პაციენტის კანზე ხდება

- შედეგები ცნობილია სინჯის ჩატარებიდან 15 წთ-ის შემდეგ

- რეკომენდებულია  სინჯის ჩატარებამდე 3-7 დღე პაციენტს ალერგიის საწინააღმდეგო წამალი არ ჰქონდეს მიღებული

 

 

5. რამდენად შესაძლებელია ალერგიული სურდოს გამომწვევი მიზეზის სისხლში დადგენა?

- დიახ, შესაძლებელია. ანალიზის გაკეთება დასაშვებია ალერგიის წამლებით მკურნალობის პროცესშიც.

 

 

6. რატომ უნდა მივაკითხოთ დროულად ალერგიული სურდოს შემთხვევაში ალერგოლოგს?

- დროულად ამოვიცნოთ ალერგიის გამომწვევი მიზეზი

- დროულად დაინიშნოს სწორი მკურნალობის კურსი, დაავადების უფრო რთულ ფორმაში გადასვლამდე

- თავიდან ავიცილოთ არასწორი მკურნალობა და არასწორედ მიღებული მედიკამენტები (ფარმაცევტის ან ახლობლის რჩევით და ა.შ)

- სადაც აუცილებელია ალერგოლოგთან შეთანხმებით დავგეგმოთ ალერგიული ვაქციანცია

 

7. რას გულისხმობს ალერგიული ვაქცინაცია?

- ალერგიული ვაქცინაციის მიზანია ალერგიული სიმპტომების მაპროვოცირებელი ალერგენის (მაგ. ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარეული მტვერი)  მზარდი დოზით ორგანიზმში შეყვანა და ამ გზით მათ მიმართ ტოლერანტობის (შეგუების) გამომუშავება

- ინიშნება როდესაც ალერგიული სიმპტომების მაპროვოცირებელი ალერგენის  ელიმინაცია ვერ ხერხდება, ასევე როდესაც სიმპტომები პროგრესირებს და მედიკამენტური მკურნალობა არ არის ბოლომდე ეფექტური

- ალერგიული ვაქცინაცია აღიარებულია და წარმატებით გამოიყენება თითქმის მთელს  მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე,  რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია და გაიდლაინი