Nuk
თამაში - ბავშვის განვითარების შეუცვლელი ნაწილი

თარიღი: 14 ივნისი, 2020

სამყაროს შეცნობას ბავშვი თამაშის პროცესით იწყებს. თამაში არის ბავშვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და მისი როლი განვითარების პროცესში შეუცვლელია. სწორედ თამაშის დროს იღებს ბავშვი ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ - ვინ არის, რა მოსწონს, რა გამოსდის, რა უჭირს; სხვა ადამიანების შესახებ - რა აბრაზებთ, რა მოსწონთ, როგორ იქცევიან; და სრულიად გარემოს შესახებ, რომელშიც ცხოვრობს. 

თამაშის მნიშვნელობა სამწუხაროდ არაა კარგად გაგებული დღესდღეობით და ამას არასათანადო მნიშვნელობა ენიჭება. ძირითადი აქცენტი ბავშვის განვითარების პროცესში მის განათლებას ექცევა და ამ დროს ყურადღების მიღმა გვრჩება თავისუფალი თამაში, რომელიც ბევრად უფრო ნაყოფიერია ბავშვისთვის. 

პირველი რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი სწავლობს თამაშით. თამაშით ხდება ახალი კომპეტენციების შეძენა, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება.  სწავლობს ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებს და ეცნობა გარემოს.  იღებს ახალ შეგრძნებებს და მთელი აღმოჩენები, რაც თავად ადამიანში ხდება ან გარემოში მიმდინარეობს, სწორედ თამაშის პროცესში უნდა აითვისოს ბავშვმა.

თამაშით ვითარდება ისეთი უმნიშვნელოვანესი უნარები, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება ადამიანს. ესენია მსხვილი და ნატიფი მოტორიკა, სოციალური კომპეტენცია, ემოციური განვითარება, მეტყველება, ადაპტური ჩვევები, შემეცნებითი უნარები - დაწყებული ცალკეული ცნებების ათვისებით და დამთავრებული ისეთი პროცესებით როგორიცაა - ლოგიკური მსჯელობა, ანალიტიკური აზროვნება, მიზეზ- შედეგობრივი კავშირების დამყარება, ასევე ყურადღების კონცენტრაციის, თვითკონტროლის უნარები და სხვა. 

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ბავშვს შეუძლია ითამაშოს ნებისმიერი რამით, განსაკუთრებული სათამაშოები ამისთვის, სულაც არ სჭირდება. თუმცა,  სწორად შერჩეული სათამაშოები ეხმარება მას ყველა უმნიშვნელოვანესი უნარის განვითარებაში. 

 

როგორ შევარჩიოთ სწორად სათამაშოები?
სხვადასხვა ასაკში, ბავშვის განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე, ასაკის შესაბამისი სხვადასხვა სათამაშოები გვჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვის ინტერესები ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. გარდა ინტერესებისა, იცვლება ბავშვის კომპეტენციებიც და მისი მოთხოვნაც გარემოს მიმართ. გარემოსაც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მოთხოვნები აქვს ბავშვის მიმართ. 

სათამაშოების შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, განვითარების დონე - რაკი ზოგჯერ ბავშვის უნარები აღემატება ან ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას,  უნარები, რომელთა გამომუშავებაც გვინდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავად ბავშვის სურვილი და ინტერესები. თამაშის პროცესი მთლიანად ბავშვის სურვილზე და ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. 

6 თვემდე ასაკში, ბავშვი საკუთარი ან მისი ახლობელი ადამიანების სხეულის შესწავლით თამაშობს, განსაკუთრებული ნივთები  ამისთვის სულაც არაა აუცილებელი, თუმცა, თუ სათამაშოები გვინდა შევთავაზოთ ბავშვს წლამდე ასაკში შეგვიძლია გამოვიყენოთ -  ხმოვანი, მანათობელი, ტრიალა, ბზრიალა სათამაშოები. შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარა სქელყდიანი წიგნები, სადაც ერთ გვერდზე, ერთი მისთვის კარგად ნაცნობი საგნები, ცხოველები ხატია. მუსიკალური სათამაშოები. ისეთი ნივთები, რომელიც არაა მტვრევადი, მსხვრევადი რომელიც ირეცხება, ანუ შესაძლებელია მათი წყალში ჩაყრა.

1-2 წლის ასაკში, როცა ბავშვი  უფრო აქტიურად იწყებს გარემოს შესწავლას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ე.წ. სენსორული სათამაშოები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ფერები, ფორმები, ტექსტურა. ასევე კუბიკები, მარტივი ორნაწილიანი ფაზლები. აქვე უნდა დავიწყოთ  წარმოსახვითი, ვითომ ვითომ თამაშების ხელშეწყობა.

2-3 წლის ასაკში შეგვიძლია დავიწყოთ სხვადასხვა როლური თამაშები. მაგ საჭმლის მომზადება, ექიმობანა, მასწავლებლობანა და ა.შ. შეგვიძლია გამოვიყენოთ, მარტივი სამნაწილიანი ფაზლები, კუბიკები, სადაც უბრალოდ ერთმანეთზე კი არ აწყობს ბავშვი მათ, ამჯერად ცოტა უნდა გავართულოთ კონსტრუქციები, აქ უკვე შეგვიძლია თოჯინების, მანქანების შეთავაზება. წიგნები, რომელსაც ძალიან პატარა სიუჟეტი აქვს,  ანუ, მცირე ამბებია მოთხრობილი.

4 წლიდან ზევით უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ლეგოები, რთული ასაწყობები, მეტნაწილიანი ფაზლები. ფერმები, სიუჟეტური სათამაშოები. წიგნები უფრო რთული სიუჟეტებით.  ხელის სახატავები ( 2 წლიდან უკვე ვიყენებთ) , ფანქრები, შეგვიძლია დავიწყოთ ფიგურების გამოჭრა და გაფერადება.

სათამაშოების განახლების პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სათამაშო უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის ინტერესებს, უნდა იყოს მისი განვითარების შესაბამისი, ის უნდა იყოს გამოწვევა ბავშვისთვის, უნდა დაეხმაროს მას ახალი უნარების გამომუშვებაში. 

თუ სათამაშო თავის თავს ამოწურავს, აღარაა საინტერესო, აღარაა ახალი ბავშვისთვის , მობეზრებულია და ბავშვს ახალს არაფერს სძენს, უნდა ვიფიქროთ მის განახლებაზე.
 

როგორ დავიცვათ უსაფრთხოება სათამაშოების შერჩევისას?
სათამაშოების შერჩევისას ბევრი ნიუანსის გათვალისწინება გვიწევს. განსაკუთრებით 2-3 წლამდე ასაკში, როცა ბავშვი ყველაფერს პირში იდებს. მნიშვნელოვანია ხარისხი, საღებავი, რითიც სათამაშოა შეღებილი. თუ ქვიშას ვაძლევთ ბავშვს ან ხელის სახატავებს უნდა ვიცოდეთ რომ უსაფრთხოა მისი მოხვედრა პირში, ან თვალში.

3 წლამდე ასაკში ბავშვს უნდა მოვარიდოთ სათამაშოები რომელიც ზომით ძალიან პატარაა და შეიძლება გადაეყლაპოს, მოხვდეს მის ცხვირში, ან ყურში. რაც საკმაოდ ხშირად ხდება. ასევე მნიშვნელოვანია სათამაშო არ იყოს მტვრევადი, ან  მისი ნაწილები არ იშლებოდეს კიდევ უფრო მცირე ნაწილებად.

უნდა მივაქციოთ ყურადღება სათამაშოს არ ჰქონდეს არაერთგვაროანი ზედაპირი ამ შემთხვევაში, წვეტიანი ნაწილები იგულისხმება, რაც შეიძლება ბასრიც იყოს.

უნდა ვეცადოთ ისეთი სათამაშო შევთავაზოთ ბავშვს, რაც ასაკისთვის და განვითარებისთვის შესაფერისია. სენსორული ინფორმაციის გადამუშავება ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. სათამაშო არ უნდა იყოს საშიში ბავშვისთვის, არ უნდა იყოს ძალიან ხმამაღალი, რაკი ადრეულ ასაკში ძალიან ინტენსიური ხმების, ან შუქების ბავშვებს ეშინიათ. უნდა დავაკვირდეთ მის რეაქციას ხმოვან, ან ციმციმა, ან ტრიალა სათამაშოებზე, თუ ვხედავთ რომ ბავშვისთვის ეს დისკომფორტია, უნდა მოვაშოროთ მას. 

 

რა ნიშნით უნდა ავარჩიოთ სათამაშოები?
ცალსახად იმის თქმა რომელი სათამაშო სჯობს ვერ ვიტყვით, ყველა სათამაშოს თავისი ფუნქცია აქვს . კარგად  უნდა ვიცოდეთ, რა უნარების განვითარება გვინდა ამ კონკრეტული სათამაშოთი. 

3 წლიდან ზევით, როცა უკვე სოციალურ კომპეტენციებზე შეგვიძლია ვიმუშავოთ, სასურველია პერსონაჟული სათამაშოებიც და რეალურიც. პერსონაჟული სათამაშოები ისეთი უნარების განვითარებას ემსახურება - როგორიცაა მაგალითად ფანტაზია, კრეატიულობა, წარმოსახვა, ან იმიტაცია. რეალური სათამაშოები უფრო კონკრეტულია, ყოველდღიური აქტივობების იმიტაციაა. მაგ, როგორ საუბრობს დედა, როგორ მუშაობს მამა, როგორ ამზადებს საკვებს ბებია და ა.შ. იგი ეხმარება ბავშვს ყოველდღიური დამოუკიდებლობის უნარ - ჩვევების ათვისებაში. 

სათამაშოს შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც,  სხვადასხვა ასაკში ყურადღება სხვადასხვა რამეს ექცევა. მაგ. წლინახევრის ასაკამდე, რაც უფრო მკვეთრია ფერი, მით უფრო მიმზიდველია ბავშვისთვის, მით მეტად იქცევს ყურადღებას და უჩენს ბავშვს სურვილს მისწვდეს, ხელში მოსინჯოს, გააქნიოს და ითამაშოს.

უკვე შემდგომ ასაკში, დაახლოებით 1.8 თვიდან, მნიშვნელოვანია საგნებს ჰქონდეს თავისი ფერი. მაგ. ვაშლი იყოს წითელი ან მწვანე, ბანანი იყოს ყვითელი, გვირილა იყოს თეთრი. ძაღლი არ იყოს მწვანე და დათვი არ იყოს ცისფერი. ფერები გარკვეულ ასოციაციებს უჩენს ბავშვს და შემეცნების პროცესში როცა ცალკეული ცნებების ათვისება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანა სათამაშოს ფერი სწორ ასოციაციას იწვევდეს,  ეს ეხმარება მას ერთი მხრივ, უფრო მაირტავდ აითვისოს ცნებები, მეორე მხრივ კი რეალურ ცხოვრებაში  უფრო მარტივად მოახერხოს ცნებების გადმოტანა და გენერალიზება.

 

უნდა მოხდეს თუ არა სათამაშოს შერჩევა სქესის მიხედვით?
საზოგადოებაში იმდენად გავრცელებული ტენდენციაა რომ გოგონებს თოჯინები მივცეთ და ბიჭებს ლეგოები, ფაზლები, კუბიკები და მანქანები , რომ კარგად არც ვუფიქრდებით, რა მიზანს ემსახურება ეს. ერთ- ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს სოციალური როლების ათვისება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალურ როლებს ბავშვი სათამაშოებზე მეტად  მშობლებზე და გარშემომყოფებზე დაკვირვებით  სწავლობს. 

სხვადასხვა ტიპის თამაში და შესაბამისად სხვადასხვა სათამაშოები, სხვადასხვა უნარებს ავითარებს. თოჯინები მაგ. რომელზეც ბავში ზრუნავს, აცმევს, თმას უვარცხნის კაბებს უკერავს - ავითარებს სხვებზე ზრუნვის, თანაგრძნობის, ემპათიის უნარებს. ასევე მეტყველებას, მოტორიკას, ადაპტურ უნარ- ჩვევებს როგორიცაა - დამოუკიდებლად ჩაცმა, პირადი ჰიგიენის დაცვა. ლეგოები, მანქანები, ფაზლები -  ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკურ მსჯელობას, ვიზუალურ - სივრცით უნარებს, ფანტაზიას, კრეატიულობას და სხვა.

თამაში არის ძალიან შემოქმედებითი პროცესი, რომლის დროსაც, ბავშვის ფანტაზია არის უშრეტი და ამოუწურავი. მთავარი ამ პროცესში ისაა, რომ მშობელმა ამას ხელი შეუწყოს და არა ჩარჩო შეუქმნას. იმის დაწესება რა მოსწონს ბავშვს;  რა უნდა აინტერესებდეს და რა არა, ვერც ერთ შემთხვევაში იქნება გამართლებული.  ბავშვს თავიდანვე უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება.