რატომ უნდა იყოს თევზი თქვენი კვების რაციონში?

თარიღი: 28 ოქტომბერი, 2017

თევზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და სასურველია, თქვენი კვების რაციონში ჩართოთ.

მდიდარია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით.
თევზი შეიცავს ცილასა და D ვიტამინს.
თევზი გვასაჩუქრებს ყველაზე მნიშვნელოვანი ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავით, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზმში – სასარგებლოა ტვინის ფუნქციობისთვის.

 

თევზი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. აღსანიშნავია D ვიტამინი. D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ძვლისა და კბილების ჯანმრთელობისთვის. ის იცავს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. D ვიტამინის წყალობით, ორგანიზმი კალციუმს მოიხმარს. მეცნიერები ყველას და პირველ რიგში ოფისში დასაქმებულებს ურჩევენ, რომ თუნდაც ლანჩის დროს 10 წუთით გავიდნენ სუფთა ჰაერზე და მზის სხივებით დატკბნენ. ამასთან, ეს ვიტამინი ორგანიზმში ისევე ფუნქციობს როგორც სტეროიდული ჰორმონი. გაითვალისწინეთ, რომ ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავის რაოდენობა გაცილებით დიდია ცხიმიან თევზში.

მკვლევარების აზრით, თევზი ჯანმრთელი გულის მეგობარია. თუ ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეცნიერო კვლევას დავეყრდნობით, თევზი ნამდვილად შეგვიყვარდება. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ იმ კატეგორიაში, ვინც თევზს რეგულარულად მიირთმევს ძალიან დაბალია გულის შეტევისა და ინსულტის მაჩვენებელი.

მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად ტვინის ფუნქციობა უარესდება და ეს ბუნებრივია, მაგრამ ზოგჯერ ვლინდება ისეთი სერიოზული სახით როგორიცაა ალცჰაიმერი. ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა. დაავადების განვითარების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში. ექსპერტების აზრით, თევზის წყალობით შემეცნებითი უნარის დაქვეითების პროცესი ნელდება.

გასათვალისწინებელია რუხი ნივთიერების როლი, რომელიც ტვინში ძირითად ფუნქციურ ქსოვილს წარმოადგენს. სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ თევზის მოყვარულებს გაცილებით მეტი რუხი ნივთიერება აქვთ. რუხი ნივთიერება არეგულირებს ემოციებსა და მეხსიერებას.

თევზი სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. დღეს, მსოფლიოში სხვა დაავადებებს შორის ხშირად ვლინდება დეპრესია, რომლითაც უამრავი ადამიანი იტანჯება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, თუ თევზს რეგულარულად მიირთმევთ, მნიშვნელოვნად შეამცირებთ დეპრესიის განვითარების რისკს. როგორც მკვლევარები განმარტავენ, თევზის კვების რაციონში ჩართვა ერთ–ერთი მარტივი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და გუნება–განწყობილება. ეს გემრიელი პროდუქტი რეკომენდებულია მისთვის, ვინც უძილობით ან ძილთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯება. ამ პრობლემას ბევრი ფაქტორი იწვევს და ერთ–ერთია D ვიტამინის დეფიციტი. კვლევაში მონაწილე შუახნის ასაკში მყოფი 95 მამაკაცის ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ რაც კვირაში სამჯერ ორაგული დაუნიშნეს. ექსპერიმენტი 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

წყარო: https://kirurgia.ge