Nuk
ტიკები და ტურეტის სინდრომი

თარიღი: 10 მარტი, 2020

ტიკები (ე.წ. ნერვული ტიკი) და მათთან დაკავშირებული მდგომარეობები ნევროლოგიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, რომელიც მიღწეულია ამ მდგომარეობათა მართვაში უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე.

 

ტიკი არის უცაბედი, წყვეტილი, განმეორებადი, არარეგულარული სტერეოტიპური ანომალური მოძრაობა (მოტორული ტიკი) ან ხმა (ფონური ტიკი).

კუნთის მკვეთრი, სწრაფი შეკუმშვა განისაზღვრება ტერმინით კლონური ტიკი, უფრო გახანგრძლივებული შეკუმშვა (ასოცირებული უფრო ბიძგისებრ ბრუნვით მოძრაობასთან ან ანომალურ პოზასთან) კი წარმოშობს დისტონიურ ტიკს.

 

ტიკები ასევე კლასიფიცირდება როგორც მარტივი და კომპლექსური. მარტივ ტიკს წარმოშობს მხოლოდ ერთი ჯგუფის კუნთები და გამოიხატება სწრაფი, იზოლირებული, ბიძგისებრი მოძრაობით ან ერთეული, გაურკვეველი, უაზრო ხმის გამოცემით. მარტივი მოტორული ტიკის მაგალითებია ქუთუთოს ხამხამი, ცხვირის სხადასხვაგვარი მოძრაობა, თავის ქნევა, მხრების ჩეჩვა. მარტივ ფონურ ანუ ვოკალურ ტიკებს მიეკუთვნება სხვადასხვაგვარი ხმის გამოცემა, როგორებიცაა ფშვინვა, ღრუტუნი, ყნოსვა, ამოხველება, გმინვა, სულის შებერვა, წოვა და სხვ.

 

კომპლექსური მოტორული ტიკი არის კოორდინირებული, თანმიმდევრული მოძრაობა, რომელიც ჰგავს ნორმალურ მოტორულ აქტს ან ჟესტიკულაციას, მაგრამ არ არის მიზანმიმართული და შეუსაბამოა ინტენსივობისა და დროის მიხედვით.

ასეთი მოძრაობები მოიცავს შეხებას, დარტყმას, ხტომას და მრავალ სხვას. კომპლექსური მოტორული ტიკი ასევე მოიცავს უწმაწურ ჟესტიკულაციებს (კოპროპრაქსია), იმიტაციურ ჟესტიკულაციებს (ექოპრაქსია).

კომპლექსური ფონური ტიკი ლინგვისტურად შინაარსობრივი გამონათქვამი ან წამოძახილია და მოიცავს გინებას (კოპროლალია), საკუთარი ან სხვისი გამონათქვამების მრავალჯერად გამეორებას, შესაბამისად პალილალიას და ექოლალიას.

 

ტიკებს ჩვეულებრივ წინ უსწრებს შინაგანი დაძაბულობა, რაც სუსტდება ან მთლიანად იხსნება ტიკის შესრულებისთანავე. ბევრი პაციენტი ტიკს აღიქვამს როგორც ნებით კაპიტულაციას მოძრაობის ან ვოკალიზაციის შესრულებისადმი უნებლიე სწრაფვის მიმართ. გამამწვავებელ, გამაძლიებელ ფაქტორებს მიეკუთვნება სტრესი, შიში, წუხილი, დაღლილობა...

 

რელაქსაციამ და ყურადღების კონცენტრაციამ შეიძლება გააუმჯობესოს მდგომარეობა.

 

ტიკი შეიძლება დაითრგუნოს, ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, აუცილებელი ხელახალი რეალიზაციით, შესაძლებელია განსხვავებული სახით. ასევე, ტიკი შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს გარკვეული მდგომარეობის, მაგ. სამედიცინო ინტერვიუს დროს და რეალიზდეს მაშინვე, როგორც კი პაციენტი დატოვებს ექიმის კაბინეტს. აქედან გამომდინარე, პაციენტის ისტორია, მონათხრობი, არსებითი სადიაგნოსტიკო მახასიათებელია.

 

ტიკების ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო გამოვლინებაა ტურეტის სინდრომი.

1825 წელს ფრანგმა ფსიქიატრმა იტარმა აღწერა ვინმე მარკიზა დე დამპიერის მდგომარეობა, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე აღენიშებოდა სწრაფი ანომალური მოძრაობები სხეულის სხავადასხვა ნაწილში, სხვადასხვა ხმებისა და უწმაწური შინაარსის სიტყვათა წამოძახება.

ის გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. ეს შემთხვევა აღწერილ იქნა სხვა ავტორთა მიერაც და ყველა მათგანი განიხილავდა ამ მდგომარეობას, როგორც ქორეის გამოვლინებას. შემდგომში ანალოგიური მდგომარეობები აღწერილ იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოპულაციაში.

 

1884 წელს ჟილ დე ლა ტურეტმა ლიტერატურული მონაცემების ანალიზით და საკუთარი დაკვირვებების შედეგად (9 შემთხვევა) მოცემული სინდრომი გამოჰყო ცალკე ნოზოლოგიურ ფორმად.

 

ტურეტის სინდრომი ხასიათდება მრავლობითი მოტორული და ფონური ტიკების არსებობით (არააუცილებლად ერთდროულად). ტიკები ცვალებადობენ სიხშირის, სიმწვავის, ლოკალიზაციისა და ბუნების მიხედვით.

 

ტურეტის სინდრომი ასევე ასოცირდება ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომთან (ADHD) პაციენტთა დაახლოებით 50 პროცენტში.

 

ტიკების მკურნალობა იწყება პაციენტის, ოჯახის წევრების, სკოლის პერსონალის განათლებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფით. მედიკამენტური მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ამ მიდგომას და უნდა გამოიყენებოდეს როგორც ბოლო გადწყვეტილება გვერდითი მოვლენების მაღალი სიხშირის გამო.

 

ტურეტის სინდრომის მართვაში ძალზედ მნიშვნელოვანია დადგინდეს კრიტიკული, ე.წ. სამიზნე სიმპტომები, რომელთა წინააღმდეგაც უნდა იყოს მიმართული მკურნალობა. ქცევითი დარღვევები ხშირად უფრო მეტ პრობლემებსა და შეზღუდვას განაპირობებს, ვიდრე თვით ტიკები.

 

ზოგიერთი ასეთი მდგომარეობის დროს მკურნალობის ყველაზე ადეკვატური მეთოდი შეიძლება იყოს ქცევის თერაპია.

 

სკოლამდელი და განსაკუთრებით ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში ტიკები არაიშვიათად აღმოცენდება სტრესის ფონზე ან სპონტანურად.

მდგომარეობას შეიძლება ახასიათებდეს პერიოდული გამწვავება და შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში გაივლის თავისთავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

 

სტატიის ავტორი

ზაზა კაკუშაძე