Nuk
თმის ცვენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში

თარიღი: 09 მარტი, 2023

თმის ცვენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში, გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც, ჩვეულებრივ, იწყება მშობიარობიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ და შესაძლოა გაგრძელდეს ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში.

 

არ შეგეშინდეთ, რადგან ეს ორსულობასთან დაკავშირებული ნორმალური მოვლენაა, მხოლოდ დროებითია და, ადამიანების უმეტესობისთვის, თმის სიხშირე მალევე დაუბრუნდება თავდაპირველ სისრულეს.

 

რა არის მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა?
მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა არის თმის გადაჭარბებული რაოდენობით დაკარგვა მშობიარობიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ის ჰორმონალური ცვლილებებია, რომლებიც ვითარდება ორსულობის დროს და მის შემდგომ პერიოდში.

 

 

როგორ ხდება თმის ზრდა?
ჩვენი თმა მუდმივად იზრდება და ცვივა.

თმის ზრდა ხდება კანის პატარა ფორებიდან, რომელთაც ფოლიკულები ეწოდება.

 

თმის ზრდის თითეულ ციკლს აქვს სამი ეტაპი, რომელიც მეორდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში:
ანაგენური ფაზა: არის თმის აქტიური ზრდის ფაზა. ის შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ექვს წლამდე პერიოდი. თქვენი თმის უმეტესი ნაწილი (85-90%) ზრდის სწორედ ამ ფაზაშია ნებისმიერ დროს.
- კატაგენური ფაზა: არის მოკლე, გარდამავალი ფაზა, რომლის მიმდინარეობის დროსაც ხდება თმის ფოლიკულების შეკუმშვა.
- ტელოგენური ფაზა: არის ერთგვარი მოსვენების ფაზა, რომელიც გრძელდება დაახლოებით სამი თვის განმავლობაში. ამ ფაზის შემდეგ ფოლიკილი ათავისუფლებს თმას და თმა ცვივა. მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის მეორე სახელს სწორედ “Telogen Effluvium” წარმოადგენს.

 

როგორ ვითარდება თმის ცვენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში?
თითოეულ ქალს, ტიპიურად, აქვს 80.000-დან 120.000-მდე თმის ღერი სკალპზე და დღის განმავლობაში, აქედან დაახლოებით 100-მდე ღერ თმას კარგავს.

 

 

ორსულობის ჰორმონები იწვევენ ზრდის ფაზაში (ანაგენურ ფაზაში) მყოფი ბევრი თმის უეცარ გადასვლას მოსვენების ფაზაში (ტელოგენურ ფაზში). რამოდენიმე თვის შემდეგ, ტელოგენურ ფაზაში გადასული ეს თმა ცვივა.

 

რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა?
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შემაშფოთებელი იყოს ფაქტი, მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა მხოლოდ დროებითია. აღნიშნული ცვენა გრძელდება დაახლოებით ექვსი თვე ან ნაკლები. როგორც წესი, თქვენი თმა დაიბრუნებს ძველებურ სისრულეს მანამ, სანამ თქვენი პატარა ერთი წლის გახდება.

 

 

რამდენად ხშირია მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა?
ეს არის თმის ცვენის ძალიან გავრცელებული ტიპი ქალებში. შემთხვევათა უმეტესობაში, თმის ცვენა შესამჩნევი მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხდება ხოლმე.

 

 

როგორია მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის ნიშნები?
მთავარი ნიშანი ჩვეულებრივზე მეტი თმის დანახვაა თქვენს თმის ჯაგრისზე, ბალიშზე ან საშხაპის იატაკზე. თქვენ ასევე შეიძლება შეამჩნიოთ მეტი დაკარგული თმა თქვენს ტანსაცმელზე.

 

 

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას?
მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას იწვევს ჰორმონ ესტროგენის დონის ცვლილება ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

 

 

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ესტროგენის დონე მნიშვნელოვნად მატულობს. ეს მოვლენა ხელს უშლის თმის ტიპიურ ცვენას. ამ დროს შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი თმა მეტად ხშირი და სქელია.

 

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ესტროგენის დონე კლებულობს, რაც იწვევს თმის ღერების დიდი რაოდენობის შესვლას მოსვენების ანუ ტელოგენურ ფაზაში. ტელოგენურ ფაზაში შესული თმა რამოდენიმე თვის შემდეგ იწყებს ცვენას. სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ მშობიარობის შემდგომი თვის ცვენა, ძირითადად, მშობიარობიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ იწყება ხოლმე.

 

როგორ ხდება მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის დიაგნოსტირება?
როდესაც შენიშნავთ ნორმაზე მეტი რაოდენობით თმის დაკარგვას მშობიარობის შემდგომ პერიოდში, საჭიროა ვიზიტი სპეციალისტთან. მკურნალი ექიმი კლინიკური გამოკვლევის, თქვენი დაკვირვებისა და ბოლო პერიოდში ორსულობის ფაქტის გათვალისწინებით განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება მივაკუთვნოთ განსახილველ დიაგნოზს.

 

 

როგორ ხდება მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის მკურნალობა?
მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის რაიმე სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები დაგეხმარებათ, მეტად სავსედ იგრძნოთ თქვენი თმა და თავიდან აიცილოთ თმის შემდგომი დაზიანება და ცვენა.

- შეარჩიეთ ისეთი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც თმას მატებს მოცულობას. მოცულობის გამაძლიერებელ შამპუნებს და მსუბუქ კონდიციონერებს შეუძლიათ თმის სხეულის მოცულობის მატება. იმისთვის, რომ იპოვოთ პროდუქტი, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნება თქვენი თმის ტიპისთვის, შესაძლოა, პირველ ეტაპზე, გარკვეული სახის ექსპერიმენტების ჩატარებაც კი დაგჭირდეთ.

- თმას მოეპყარით ფრთხილად: იყავით მეტად ფრთხილი თმის დაბანისა და დავარცხნის დროს. გამოიყენეთ სითბოს დაბალი პარამეტრები საშრობებსა და თმის უთოებზე დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მოერიდეთ მჭიდრო კუდებისა და ნაწნავების გაკეთებას, რასაც შეუძლია შემატოს თქვენს თმას მეტი დაძაბულობა და გამოიწვიოს დამატებითი თმის ცვენა.

- სცადეთ განსხვავებული ვარცხნილობა: მოკლედ შეჭრამ შესაძლოა თქვენს თმას მეტად სრული გარეგნობა მისცეს. მოკლე ვარცხნილობის შემთხვევაში, თმის მოვლაც ბევრად გამარტივდება.

- დარწმუნდით, რომ იღებთ თმის ზრდისთვის საჭირო საკვებ ნუტრიენტებს ჯანსაღი კვების გზით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ თქვენი კვება დაბალანსებული და სრულყოფილია, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს იმ ვიტამინების შესაძლო დამატების თაობაზე, რომლებიც აუცილებელია თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

 

 

შეიძლება თუ არა, თმის ცვენამ იმოქმედოს თქვენს ახალშობილზე?
მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა ორსულობისა და მშობიარობის ნორმალური ნაწილია და არ მოქმედებს თქვენს ახალშობილზე.

 

 

თუმცა, ჩამოცვენილი თმა, შესაძლოა, შემოეხვიოს პატარას ხელისა და ფეხის თითებზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ იშვიათ მოვლენას თავისი სახელიც კი აქვს სამედიცინო სამყაროში და “Hear Tourniquet”  ეწოდება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შემოხვეულმა თმამ, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და შეაფერხოს სისხლის მიწოდება. ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს აქვს მსგავსი რამ, სცადეთ, მოაცილოთ ან ფრთხილად გაჭრათ დახვეული თმა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თავად ვერ მოახერხებთ დახმარებას, დაუკავშირდით ბავშვის ჯანდაცვის პროვაიდერს დახმარებისთვის.

 

შეიძლება თუ არა თავიდან იქნას აცილებული მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა?
მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის საპრევენციოდ, არაფრის გაკეთება არ არის შესაძლებელი. თუმცა, წინასწარი სრულყოფილი ინფორმირება ამ მოვლენის არსებობის, მისი ბუნებრივობის და უსაფრთხოების შესახებ, შესაძლოა სასარგებლო იყოს შფოთის და სტრესის თავიდან აცილების კუთხით, თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც განვითარდება.

 

 

გაიზრდება თუ არა თმა მშობიარობის შემდგომი თმის ცვენის შემდეგ?
დიახ. მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა არ არის მუდმივი. ახალი თმა იწყებს ზრდას მაშინვე, როგორც კი ძველი თმა ამოვარდება ფოლიკულიდან. 

თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, ქალებმა შეამჩნიონ, რომ თმა გახდა უფრო თხელი, ვიდრე ეს ორსულობამდე იყო მათთან.

 

როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს?
იმისთვის, რომ შეაფასოს მდგომარეობა, მიიღოთ სათანადო რეკომენდაციები და შეგირჩიოთ, როგორც მოვლის საშუალებები, ასევე კვებითი დანამატები და საჭირო ვიტამინები, რეკომენდებულია, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

 

 

ასევე, გირჩევთ. გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან, თუ თქვენი თმის ცვენა გრძელდება ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. რადგან, შესაძლოა გქონდეთ რომელიმე ისეთი სხვა მდგომარეობა, რომელიც არის თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი და არა ბუნებრივი მდგომარეობა. აღნიშნულს მიეკუთვნება, მაგ: რკინის დეფიციტი ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილთან და თქვენი ცხოვრების ახალ რიტმთან შეგუება შესაძლოა სტრესული იყოს და მშობიარობის შემდგომმა თმის ცვენამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი შფოთვა და სტრესი, გახსოვდეთ, რომ თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ ნორმალური და ძალიან ხშირი მოვლენაა. და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და ჩვენ არ შეგვიძლია მისი თავიდან აცილება, სწორად შერჩეული თმის მოვლის პროდუქტები, საკვები დანამატები, სწორი დიაგნოსტიკა და თმის ცვენის გამომწვევი სხვა საყურადღებო მიზეზების გამორიცხვა, ასევე, სწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა დაგეხმარებათ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ელოდებით ახალი თმის ზრდას.

 

არ იღელვოთ, რადგან, დიდი ალბათობით, თქვენი პატარას პირველ დაბადების დღეზე, თქვენი თმა ძველებურად სავსე უნდა იყოს!

 

 

#იცოდეთმეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!
გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით!
გინეკოლოგიურ ვიზიტზე ჩასაწერად მოგწერეთ მესენჯერით ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598 63 89 39
სტატიის ავტორი: ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე