Nuk
თუ ბავშვი აგრესიულად იქცევა

თარიღი: 17 მაისი, 2018

თუ თქვენი ბავშვი აგრესიულად იქცევა

ბავშვები განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ხშირად მიმართავენ აგრესიულ ქცევას. არსებობს აგრესიული ქცევის სხვადასხვა ფორმა, თუმცა აქცენტს ვერბალურ და ფიზიკურ აგრესიაზე გავაკეთებთ, როგორიცაა ყვირილი, უწმაწური სიტყვების გამოყენება, დარტყმა, ნივთების დამტვრევა ან სროლა და სხვ.
ბავშვის მიერ გამოვლენილი აგრესიული ქცევა, როგორც წესი, შემაწუხებელია გარშემომყოფთათვის და უფროსები ცდილობენ ამგვარ ქცევებთან გამკლავებას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვის აგრესიას აგრესიითვე პასუხობენ, რაც არათუ ამცირებს პრობლემას, არამედ აღრმავებს და დამატებით სხვა სირთულეებსაც აჩენს, როგორიცაა მშობელი-შვილის ურთიერთობის სირთულე.

იმისათვის, რათა სწორად გაუმკლავდეთ ბავშვის აგრესიულ ქცევას, მნიშვნელოვანია იცოდეთ აგრესიის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები:

- ხშირად ბავშვები აგრესიულ ქცევას დაისწავლიან გარშემომყოფთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად. შესაბამისად, იმისათვის, რათა სამომავლოდ შეამციროთ თქვენი შვილის მიერ აგრესიული ქცევების გამოვლენის ალბათობა, თავად მიეცით იმისი მაგალითი, როგორ იურთიერთონ და გადაჭრან პრობლემები აგრესიული მეთოდების გამოყენების გარეშე.

- ხშირად აგრესიული ქცევა ბავშვის ემოციური თუ სოციალური პრობლემების მანიშნებელია – როდესაც ბავშვი სტრესულ გარემოშია, ხშირად პრობლემა ვლინდება აგრესიული ქცევით და შესაძლოა ამ შემთხვევაში მშობელს გაუჭირდეს აგრესიული ქცევის მიზეზის ამოცნობა. დააკვირდით, ხომ არ წაეყენება ბავშვს იმაზე მეტი მოთხოვნა, ვიდრე შეუძლია, რომ დაძლიოს; ხომ არ აქვს თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები და სხვ. ამგვარ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია ამ პრობლემებთან გამკლავებაში დახმარება.

- აგრესიული ქცევა ხშირად გვხვდება, როგორც სურვილის არშესრულების, სასურველის მოთხოვნის ან არასასურველი აქტივობის თავიდან არიდების ფორმა, განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში. მნიშვნელოვანია, ოჯახისწევრები თანხმდებოდეთ, რისი უფლება აქვს ბავშვს, რა შემთხვევაში დაუკმაყოფილებთ ამა თუ იმ მოთხოვნას და რა უნდა გააკეთოს მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ ჰქონდეს ამის სურვილი. შემდეგ კი ოჯახის ყველა წევრმა გამოიჩინოთ თანმიმდევრულობა და აგრესიული ქცევების განხორციელების შედეგად ბავშვს არ დაუკმაყოფილოთ სასურველი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ პარალელურად, ბავშვს უნდა ვასწავლოთ ის ფორმები, რომლებიც სოციალურად მეტად მისაღებია. აღნიშნული საკითხი მრავალი ნიუანსისგან შედგება და საჭიროებს დამატებითი რეკომენდაციების მიღებას სპეციალისტისგან ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით.

- აგრესიულობა ბუნებრივად იმატებს ავადმყოფობის, უძილობის, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებებისა და ქრონიკული სტრესის არსებობის შემთხვევაში. 
შესაბამისად, თუ თქვენი ბავშვი ავლენს აგრესიულ ქცევას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა უდევს საფუძვლად ამგვარ ქცევას და ადექვატური დახმარება მიაწოდოთ. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ ხშირად რთულია აგრესიულ ქცევაზე მუშაობა და საჭიროებს სპეციალისტის დახმარებას.

ლიკა ბუწაშვილი 
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
ნეიროგანვითარების ცენტრი