Nuk
თუ მწერმა გიკბინათ

თარიღი: 21 ივლისი, 2016

1. ტკიპის ნაკბენი

როგორ მოვიქცეთ?

თუ კანზე აღმოაჩინეთ ტკიპა, მოიშორეთ რაც შეიძლება სწრაფად პინცეტით. დაიმუშავეთ ნაკბენი ადგილი ალკოჰოლით, შემდეგ წაისვით ანტიბიოტიკის შემცველი მალამო.

რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს:
• გამონაყარი
• ნაკბენის გარშემო შეწითლება
• დაღლილობა
• ცხელება
თუ ტკიპის ნაკბენის შემდეგ გაჩნდება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

2. ფუტკრის ნაკბენი

როგორ მოვიქცეთ?
თუ გიკბინათ ფუტკარმა ან ბზიკმა, რაც შეიძლება სწრაფად ამოიღეთ კანიდან ნესტარი, რათა უცხო სხეული არ მოხვდეს კანქვეშ და რაც შეიძლება ნაკლები შხამი შევიდეს ორგანიზმში. დაიბანეთ ან გაიწმინდეთ ნაკბენი უბანი და დაიდევით პირსახოცში გახვეული ყინული. თუ ქავილი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი.

რა ითვლება ნორმალურ რეაქციად ?
ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი უბანი, ჩვეულებრივ,წითლდება და სივდება , შეშუპება და სიწითლე შესაძლებელია საკმაოდ დიდ უბანზე გვრცელდეს. ნაკბენს ახასიათებს ტკივილი.

რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს ?
• კანზე გაჩნდა გამონაყარი
• შეშუპება (სახის, პირის ღრუს, ყელის)
• ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება
• გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია)
• მოუსვენრობა, შფოთვა
• თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა
ამ ჩივილების გაჩენის შემთხვევაში, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, რადგან შესაძლებელია თქვენ სერიოზული ალერგიული რეაქცია გქონდეთ ფუტკრის ნაკბენზე, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

3. კოღოს ნაკბენი

როგორ მოვიქცეთ?
შეეცადეთ ნაკბენი არ მოიქავოთ. ადგლობრივად წაისვით ჰიდროკორტიზონის მალამო. ძლიერი ქავილის შემთხვევაში მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი.

რა ითვლება ნორმალურ რეაქციად?
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ძლიერი ქავილი. ნაკბენის გარშემო კანი წითლდება და სივდება. შეშუპება და სიწითლე შესაძლებელია ოდნავ შესამჩვენი იყოს, მაგრამ იშვიათად 15 – 20 სმ–საც აღწევს.

რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?
• ნაკბენიდან აღინიშნება ყვითელი ფერის გამონადენი
• ნაკბენი ხელის შეხებით ცხელია
• ცხელება და კუნთების ტკივილი
• თუ შეშუპება და სიწითლე გავრცელდა ძალინ დიდ უბანზე
ალერგიული რეაქცია კოღოს ნაკბენზე ძალიან იშვიათია, მაგრამ თუ შენიშნეთ შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

სასარგებლო რჩევების ავტორია კლინიკა “ქსა მედიქალის” ოჯახის ექიმი – სოფო ალიბეგაშვილი.