Nuk
უშვილობა განაჩენი აღარაა

თარიღი: 09 ივნისი, 2021

რა სიახლებია ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიაში დღეს და როგორ უნდა მივიდეს სასურველ შედეგამდე წყვილი, რომელიც უშვილობის დიაგნოზით წლების განმავლობაში მკურნალობს. რა სიახლეებს სთავაზობს კლინიკა „ლიდერმედი“ ქალბატონებსა და მამაკაცებს და როგორ გაიზარდა შანსები მათთვის, ვისაც აქამდე შვილზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. ამ თემაზე კლინიკა „ლიდერმედის“ გუნდის ექიმებმა, ექიმმა რეპროდუქტოლოგმა, ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრმა, ქეთევან ქანთარიამ და კლინიკურმა ემბრიოლოგმა ლალიკო ხარაბაძემ ისაუბრეს.

ქალბატონო ქეთევან, მოდით პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ ასაკით. რა ასაკამდე და რამდენ ხანს შეიძლება წყვილი დაელოდოს ბუნებრივ ორსულობას და როდის უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლოა უკვე ინ ვიტრო განაყოფიერებაზე ფიქრი იყოს საჭირო?
ქეთევან ქანთარია: ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდე მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ ჩვენი კლინიკა „ინ ვიტრო“ გაფართოვდა და საზოგადოების წინაშე უკვე „ლიდერმედის“ სახელით წარსდგა. პანდემიის და ფორს-მაჟორის მიუხედავად კლინიკის დამფუძნებლების, პროფესორ ნატალია ხონელიძის და პროფესორ გია ცაგარეიშვილის თაოსნობით კლინიკამ შეძლო გაეფართოებინა თავისი საქმიანობა. გარდა ამისა, ჩვენ წარმოდგენილი ვართ არა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილებით, არამედ მალე გვექნება სამშობიაროც, რომლის გახსნაც პაციენტების თხოვნით გადავწყვიტეთ. გარდა ამისა, გაფართოვდა ქირურგიული განყოფილება. თუ აქამდე მხოლოდ გინეკოლოგიური ქირურგიული ოპერაციების ფართო სპექტრს ვთავაზობდით პაციენტებს, ახლა უკვე ზოგადი ქირურგიის მიმართულებით გაფართოვდა ეს დეპარტამენტი. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი კომფორტი იქნება პაციენტებისთვის, მით-უმეტეს რომ გვაქვს ამბულატორია მრავალფეროვანი მომსახურებით.

რაც შეეხება შეკითხვას, ძალიან სწორი აქცენტი დასვით, რადგან ასაკი ჩვენს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი, რასაც ვეკითხებით ჩვენთან მოსულ წყვილებს, ქალის ასაკია. რადგანაც ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ფოლიკულების რიცხვი, რითაც ქალი იბადება, და ფუჭდება ხარისხიც. ფოლიკულის ხარისხი კი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ორსულობის დადგომასა და განვითარებაზე, ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალზეც. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში ქალის ასაკს ვადგენთ, რადგანაც ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიის დასაგეგმად, რომელიც შეიძლება სულაც არ გულისხმობდეს ეგრევე ინ ვიტრო განაყოფიერებას.

35 წლამდე ასაკის ქალს შეუძლია ერთი წელი დაიცადოს და დაელოდოს ორსულობას, რადგან ასეთ დროს პირდაპირ კვლევების ჩატარება ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხია, ხოლო თუ ქალის ასაკი 35 წელს აღემატება, აქ უკვე 6 თვეზე დიდხანს მოცდა არ არის რეკომენდებული.

რა ხდება მას შემდეგ, რაც პაციენტი მოგმართავთ  პრობლემით, რომ არ დგება ორსულობა, რა კვლევები უნდა ჩაიტაროს მან? რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ  ფიზიოლოგიური ორსულობა არ დგება და როგორ უნდა ვიპოვოთ ეს მიზეზი? რა არის მთავარი გზა, რასაც პაციენტი ინ ვიტრო განაყოფიერებამდე გადის და როდის ვამბობთ, რომ სხვა გზა გარდა ინ ვიტრო განაყოფიერებისა არ არის?
ქეთევან ქანთარია: მინდა წყვილებს ვუთხრა, რომ იმისათვის, რათა ჩვენ დიაგნოზი დავსვათ, საჭიროა ერთი თვე, ანუ ერთი მენსტრუალური ციკლი და ამისათვის სულაც არაა საჭირო კლინიკაში ათასი ვიზიტი და უამრავი არაფრის მომცემი კვლევა. მარტივად რომ ვთქვათ, უნდა შევაფასოთ საკვერცხის ფუნქცია და რეზერვი, ანუ ვნახოთ მწიფდება თუ არა ფოლიკული და ხდება თუ არა ოვულაცია, გამავალია თუ არა ფალოპის მილები, მიჰყვება თუ არა საშვილოსნო მთელ ამ პროცესს და როგორია სპერმის პარამეტრები როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი. აღსანიშნავია, რომ სპერმის პარამეტრები დიდი ხანია შეიცვალა და ხშირად ვხვდებით პაციენტებს, ვისაც სხვადასხვა ანტიოქსიდანტებით მკურნალობენ მაშინ, როდესაც მათ რეალურად ეს არ სჭირდებათ.

ლალიკო ხარაბაძე: ამის მიზეზი ის არის, რომ სპერმის პარამეტრები შეიცვალა. თუ ადრე სპერმატოზოიდების ნორმალურ ოდენობად 1 მლ სპერმაში 15 მილიონი ითვლებოდა, დღეს ამ რიცხვმა დაიწია. თუ მორფოლოგიის ნორმად, რომელიც ძირითადი განმსაზღვრელია მამაკაცის შვილოსნობის ფუნქციის, ადრე 4 ითვლებოდა, ახლა 2-3 ითვლება, 4 კი იდეალურია. ბუნებრივია, ბევრია იმის მიზეზი, რის გამოც ზოგადად პარამეტრებმა დაიწია. მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ რიგში ეს არის სტრესი, არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, თამბაქოს მოხმარება, გარკვეული მედიკამენტების მოხმარება, მით უმეტეს თუ ადამიანი მას ექიმის დანიშნულების გარეშე იღებს. ასე რომ, „ჯანმო“ შეჯერდა ახალ პარამეტრებზე.

ქეთევან ქანთარია: სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით პაციენტებს, ვისაც ძველი პარამეტრების მიხედვით მკურნალობენ მაშინ, როდესაც ახალი პარამეტრებით მათ ეს მკურნალობა არ სჭირდებათ. ეს მაჩვენებლები დიდი ხანია შეიცვალა. რაც შეეხება კითხვას, საჭიროა თუ არა ყოველთვის ინ ვიტრო განაყოფიერება – რასაკვირველია არა. ისევ დავუბრუნდეთ იმას, თუ რა არის ინ ვიტრო განაყოფიერების ჩვენება – თუ ქალის ასაკი მაღალია, თუ უნაყოფობის პერიოდი მაღალია, თუ გავლილია მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობის ეტაპიც, მაგრამ არ დადგა შედეგი, ასეთ შემთხვევაში უკვე უნდა მივმართოთ ინ ვიტრო განაყოფიერებას. ადრე იყო ე.წ. „მოცდითი ტაქტიკა“, მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც წყვილს ეუბნებოდნენ, რომ წასულიყვნენ, დაესვენათ და გარკვეული პერიოდი მოეცადათ. თუმცა ზოგჯერ, ასაკიდან გამომდინარე მოცდა აღარ შეიძლება და ეს განსაკუთრებით ქალბატონის ასაკს ეხება.

ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც წყვილი გაიდლაინებით მოწოდებულ ყველა საჭირო კვლევას იტარებს და იღებს პასუხს, რომ ორივე მათგანს ყველაფერი რიგზე აქვს, თუმცა ორსულობა მაინც არ დგება. ასეთ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?
ქეთევან ქანთარია: თქვენ რაც ბრძანეთ ,ესეც დიაგნოზია და ეწოდება გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა. როგორც ვიცით უნაყოფობის შემთხვევებიდან 30%-ში ეს ქალს, 30%-ში მამაკაცს უკავშირდება, 30%-ში ორივეს და დანარჩენი შემთხვევები არის გაურკვეველი გენეზის. ბუნებრივია ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ თანამედროვე მედიცინა ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რომ ამ ყველაფერს ბოლომდე ჩაწვდეს და მიზეზი დაადგინოს. ზუსტად ამ დროს არის მოწოდებული პირდაპირ ინ ვიტრო განაყოფიერება. იმიტომ რომ ხშირად, როდესაც თუნდაც ფოლიკულიდან აღებულ სითხეს გადავცემთ ემბრიოლოგს, შეიძლება მან აღმოაჩინოს, რომ ფოლიკულში საერთოდ არ იყო კვერცხუჯრედი, არადა ექოსკოპიაზე ჩანდა, რომ ფოლიკული კარგად მწიფდებოდა და ოვულაციაც ხდებოდა.

ლალიკო ხარაბაძე: შეიძლება ეს კვერცხუჯრედის ცუდ ხარისხს უკავშირდებოდეს, თუნდაც ახალგაზრდა ქალებში. ასევე შესაძლებელია სპერმატოზოიდების მორფოლოგია იყოს შეცვლილი და ამ ყველაფერს ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როდესაც უკვე შეიარაღებული თვალით, დიდ გადიდებაზე ვაკვირდებით კვერცხუჯრედს და სპერმატოზოიდს.

ქეთევან ქანთარია: ინ ვიტრო განაყოფიერების ბენეფიტი თუნდაც ისაა, რომ ის საშუალებას იძლევა მოხდეს ბიოლოგიური მასალის დამუშავება და იქიდან ამოირჩეს საუკეთესო ხარისხის კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი. ეს ტექნოლოგია 41 წლისაა და წლების განმავლობაში ბევრი ეტაპის გავლის შემდეგ ძალიან განვითარდა. პირველ რიგში მინდა შევეხო გაყინვის ტექნოლოგიას. ბუნებრივია, ისიც დაიხვეწა დროთა განმავლობაში. რა მოგვიტანა ამან? ის, რომ ჩვენ აღარ ვღელავთ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომზე. რას ნიშნავს ეს? ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის მომზადებისას საჭიროა საკვერცხეების სტიმულაცია სპეციალური პრეპარატებით, რომელთა მიღებაც უსაფრთხოა, რადგან ჩვენ ამ დროს მთელ ორგანიზმს ვიკვლევთ და თუ რაიმე პრობლემა ან უკუჩვენება იქნება, სტიმულაციის გარეშეც შეგვიძლია კვერცხუჯრედის მიღება. მაგრამ იქ, სადაც მიდის სტიმულაცია, ქალის ჰორმონალური მდგომარეობა იცვლება და როდესაც ემბრიონი გადადის, შესაძლოა ამან ჰიპერსტიმულირებული საკვერცხის ფონზე ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმოს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ვყინავთ ემბრიონს, ველოდებით საკვერცხის „დაწყნარებას“ და ემბრიონი გადაგვაქვს მაშინ, როდესაც ქალისთვის იდეალური პერიოდი დგება.

გაყინვა საუკეთესო გამოსავალია მაშინაც, როდესაც ქალს უახლოეს მომავალში არ აქვს რეპროდუქციული გეგმები და უნდა გადაავადოს შვილოსნობის საკითხი. მას ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს და კვერცხუჯრედი გაყინოს. ეს აპრობირებული მეთოდია მაშინაც, როდესაც რომელიმე დაავადების გამო ქალს ან მამაკაცს უწევს სხივური ან ქიმიოთერაპიის გავლა. ასეთ დროსაც, თერაპიის წინ რეკომენდებულია ბიოლოგიური მასალის შენახვა. მინდა აღვნიშნო, რომ გაყინვა არანაირ ნეგატიურ ზემოქმედებას არ ახდენს ბიოლოგიური მასალის ხარისხზე.

ლალიკო, მინდა გკითხოთ ემბრიოლოგის როლზე, რომელიც კონტაქტშია რეპროდუქტოლოგთან. საინტერესოა, რამდენი ემბრიონის გადატანა შეიძლება საშვილოსნოში, რა განსხვავებაა კვერცხუჯრედისა და ემბრიონის გაყინვას შორის, როგორია ეს პროცედურა და როდის რომელია საჭირო?
ლალიკო ხარაბაძე: ასეთ დროს ჩვენ პაციენტის ბიოლოგიურ დროს ვაჩერებთ, რაც რევოლუციური რღვევაა ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაში. ჩვენ შეგვიძლია გავყინოთ ბიოლოგიური მასალა პოსტპუბერტატული პერიოდიდან. ქალბატონის შემთხვევაში ეს არის 18 წლის ასაკიდან, მამაკაცის შემთხვევაში უფრო ადრეც. მამაკაცების შემთხვევაში კრიოპრეზერვაცია ძალიან მარტივი პროცედურაა და არც დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. სპერმის გაყინვა დაახლოებით 300-400 ლარი ღირს. ქალბატონებთან ეს კომპლექსური პროცესია, უნდა მოხდეს საკვერცხეების სტიმულირება და ოოციტი მიიღება ნახევრად ინვაზიური გზით. ბიოლოგიური მასალის შენახვა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეიძლება და აბსოლუტურად მცდარია მოსაზრება, რომ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის ხარისხი იცვლება ასეთ დროს. ისინი უცვლელი რჩება და ამაზე ზრუნავენ კრიოპროტექტანტები.

ამ მანიპულაციების საშუალებით პაციენტს შეუძლია გადაავადოს თავისი რეპროდუქციული ფუნქციის შესრულება და ჰყავდეს ბიოლოგიური შვილი. ადამიანს ბიოლოგიური მასალის შენახვა შეუძლია უვადოდ იქამდე, ვიდრე ამისთვის მზად არ იქნება. მას შეუძლია მოიცადოს იმდენი ხანი, სადამდეც მისი საშვილოსნო იქნება ფუნქციონალური.

ქეთევან ქანთარია: ბუნებრივია, ემბრიონის ან კვერცხუჯრედის შენახვა უვადოდ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალსაც უვადოდ შეუძლია რეპროდუქციული ფუნქციის გადავადება. მან ეს ფუნქცია დროულად უნდა აღასრულოს იმიტომ, რომ კი, არსებობს შემთხვევები როდესაც ქალი რეპროდუქციულ ასაკს გადაცდენის შემდეგაც ორსულდება ინ ვიტრო განაყოფიერებით, მაგრამ ჯობია პაციენტი იყოს რაც შეიძლება ახალგაზრდა, რადგან ორსულობის დადგომა არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი მიზანი, საჭიროა მისი ბოლომდე მიყვანა და ამ პროცესში უნდა ვეცადოთ შევამციროთ მთელი რიგი სამეანო თუ პერინატალური გართულებების რისკი. რაც შეეხება ემბრიოლოგის როლს შემიძლია თამამად გითხრათ, რომ თითოეულ წარმატებულ შემთხვევაში 60% ემბრიოლოგის და გამართული ემბრიოლოგიური ლაბორატორიის დამსახურებაა. მე პაციენტებს გულახდილად ვეუბნები, რომ ჩემზე მხოლოდ 40% არის დამოკიდებული, დანარჩენი კი ემბრიოლოგზეა, რადგან ტექნოლოგია ძალიან დაიხვეწა. ჩვენ ამ ტექნოლოგიას ფეხდაფეხ მივყვებით. მაგალითად, დღეს უკვე შესაძლებელია, რომ 5-6 დღე დავაკვირდეთ თუ როგორ ვითარდება ემბრიონი, როგორია მისი ქცევა, მისი დაყოფა როგორ ხდება და ა.შ. ამ დახვეწილმა ტექნოლოგიამ მოგვცა საშუალება, ზუსტად განვსაზღვროთ ემბრიონის პოტენციალი და გადატანის იდეალური დრო. ასევე ემბრიონების გენეტიკური ტესტირება იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს საუკეთესო ემბრიონის არჩევა, რაც გაზრდის ორსულობის დადგომის შანსს.

ლალიკო ხარაბაძე: ეს ყველაფერი ტაქტიკის შეცვლის საშუალებას და ინდივიდუალურად მიდგომის შესაძლებლობასაც იძლევა, რადგან პაციენტს ექიმთან მისვლის შემდეგ რაღაც გაიდლაინით კი არ მკურნალობენ, არამედ ყველას ინდივიდუალურად, სხვადასხვა მიდგომით და სხვადასხვა ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ამ დროს გაცილებით მეტის გაკეთების საშუალებას იძლევა. მაგალითად ემბრიოსკოპი, რომელიც ქეთიმ ახსენა, რომლის საშუალებითაც ემბრიონზე დაკვირვებაა შესაძლებელი, საშუალებას იძლევა დავინახოთ როგორ ვითარდება ის საწყის დღეებში. ამის საშუალებით პაციენტიც ბევრად უკეთესად გრძნობს თავს და რეპროდუქტოლოგიც ბევრად მშვიდადაა, რადგან ეს ინფორმაცია მას ძალიან ეხმარება მომდევნო ეტაპის ტაქტიკის შერჩევაში. რეპროდუქტოლოგი და ემბრიოლოგი უწყვეტ კავშირში არიან პაციენტის მოსვლის დღიდან და ჩვენი კლინიკა, გუნდი და ხელმძღვანელები მუდმივად ცდილობენ შეიძინონ მეტი ტექნოლოგია, ჩაგვიტარონ ტრენინგები, მოახდინონ ჩვენი რეკვალიფიცირება, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

ლალიკო, რაზეა დამოკიდებული კვერცხუჯრედის გაყინვის გადაწყვეტილებას ვიღებთ თუ ემბრიონისას?
ლალიკო ხარაბაძე: კვერცხუჯრედს ვყინავთ ჩვენებების მიხედვით. ეს შეიძლება იყოს ონკოპაციენტი, რომელიც ბიოლოგიურ მასალას სხივურ ან ქიმიოთერაპიამდე ყინავს. ასევე ქალბატონი, რომელსაც უბრალოდ ორსულობის გადავადება სურს, ან მამაკაცი, რომლის პარტნიორსაც სურს ორსულობა, მაგრამ მამაკაცს გამგზავრება უწევს და უკან მალე დაბრუნებას ვერ ახერხებს. შეიძლება ეს იყოს პაციენტი ვისაც წინ ელის გარკვეული ქირურგიული ჩარევები. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი პარტნიორის ბიოლოგიური მასალის აღება ხერხდებოდეს კონკრეტულ დროს და მეორის არა. ბუნებრივია, აღებული მასალა ამ დროს იყინება.

რაც შეეხება ემბრიონის გაყინვას, ეს ინ ვიტრო განაყოფიერების განუყოფელი ნაწილია. მაშინ, როდესაც ჩვენ მრავალი ემბრიონი გვაქვს მიღებული და ახალი ტენდენციის თანახმად გადაგვაქვს მხოლოდ ერთი ჯანსაღი ემბრიონი, ემბრიონები გვრჩება. როდესაც მათი ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ისინი იყინება და ველოდებით შემდეგში მათი გამოყენების შესაძლებლობას.

ქეთევან ქანთარია: როდესაც ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ ემბრიონი იმ ციკლშივე გადავიტანოთ, ბუნებრივია ის ემბრიონი იყინება და ეს კარგი რეზერვია, ერთგვარი ოქროს ფონდია პაციენტისათვის. მას შეუძლია შვილის გაჩენიდან 1-2 წლის შემდეგ მოვიდეს და მხოლოდ საშვილოსნოს მომზადების შედეგად მეორე ორსულობა მიიღოს. მინდა ვისაუბრო საშვილოსნოს შესახებაც. თანამედროვე კვლევები საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის იდეალური დრო. რასაკვირველია, მედიცინაში 100%-იანი არაფერია და ასეთ გარანტიას ვერც ჩვენ გავცემთ, თუმცა ორსულობის მიღების შანსი ძალიან მაღალია. როდესაც მედიცინაში 50-60%-ზე ვსაუბრობთ ეს მაღალი ალბათობაა.

დღეს მეტ-ნაკლებად ამოხსნილია, რომ თუნდაც გარეგნულად კარგი ემბრიონი ყოველთვის არ ნიშნავს რომ მას ყოველთვის მიმაგრების მაღალი შანსი აქვს. ზოგჯერ, მით უფრო უნაყოფო ქალბატონებში საშვილოსნო უბრალოდ მზად არ არის ემბრიონის მისამაგრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ექოსკოპიურად და ჰორმონალურად შეიძლება ის იდეალურად გამოიყურებოდეს. ასეთ დროს ტარდება საშვილოსნოდან აღებული მასალის გენეტიკური კვლევა, რომლის წყალობითაც ზუსტად განისაზღვრება, თუ რა დროს უნდა გადავიტანოთ ემბრიონი. ეს კვლევა შიგნით არსებულ ბაქტერიულ ფლორაზე გვაძლევს ინფორმაციას და თუ ბაქტერიული ფონი მაღალია, გავდივართ კონსულტაციას მიკრობიოლოგთან  და ინიშნება შესაბამისი თერაპია. ამ ყველაფრის მიუხედავად, სამწუხაროდ შედეგი 100%-ში არ დგება.

ძალიან ხშირად ქალბატონები ამბობენ, რომ მათთვის ინ ვიტრო განაყოფიერებაზე ფიქრი ადრეა მათი ასაკიდან გამომდინარე. შესაძლოა ისინი 30 წლამდე ასაკის იყვნენ, მაგრამ პარტნიორთან თანაცხოვრების პერიოდი 6-8 წელიც იყოს, თუმცა ორსულობის გარეშე. რას ურჩევთ ასეთ წყვილებს, რამდენ ხანს უნდა ელოდონ კიდევ? ხშირად მათ მაგალითად მოჰყავთ შემთხვევები, როდესაც 8 წლიანი უშვილობის შემდეგ ვიღაც ფიზიოლოგიურად დაორსულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ორსულობები ძალიან ცოტაა.

ქეთევან ქანთარია: მინდა ასეთ წყვილებს ვუთხრა, რომ დრო ამ შემთხვევაში ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მივაკითხოთ სპეციალისტს, რომელიც სწორ გზაზე დაგვაყენებს. როდესაც პაციენტმა იცის რაშია მისი პრობლემა, ის ამ პრობლემას მკურნალობს და დროს აღარ კარგავს სხვადასხვა უაზრო, არაფრისმომცემ მეთოდებზე. მინდა თქვენც და ზოგადად ქართულ მედიას მადლობა ვუთხრა, რომ ისინი დიდ დროს უთმობენ ამ საკითხებს და პაციენტებიც გაცილებით ინფორმირებულნი მოდიან ჩვენთან, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ. მინდა ასეთ წყვილებს ვუთხრა, ნუ გადაავადებთ პრობლემის მოგვარებას. შეიძლება ინ ვიტრო განაყოფიერება ძვირია, თუმცა წლების განმავლობაში სხვა უშედეგო მეთოდებზე უფრო მეტი იხარჯება და შედეგი არ დგება, ასე რომ ბოლოს, როდესაც პაციენტი მაინც ჩვენამდე მოდის, მას შეიძლება აღარც ფსიქო-ემოციური და არც მატერიალური რესურსი აღარ ჰქონდეს. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით და ინდივიდუალურად ვუდგებით ყველა პაციენტს. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ვიღაცისათვის ეს შეიძლება ერთადერთი შანსია და ინ ვიტრო განაყოფიერება არ არის ისეთი ხელმისაწვდომი პროცედურა რომ ვთქვათ „არა უშავს, შემდეგში გამოვა“. ზოგ პაციენტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ექიმები ყველაფერს ვდებთ საქმეში და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ერთი შანსი გამოვიყენოთ.

ბოლოს მინდა გკითხოთ მთავარი ტექნოლოგიური სიახლის შესახებ, რომელმაც კიდევ უფრო წინ წასწია მთელი ეს პროცესი და კიდევ უფრო აამაღლა ორსულობის დადგომის შანსები. რომელია ეს სიახლე?
ქეთევან ქანთარია: ეს ცალსახად არის ემბრიონის ხარისხის უკეთ შესწავლა და ქრომოსომულ დონეზე გაშიფვრა. ამან გასცა პასუხი ძალიან ბევრ შეკითხვას. რასაკვირველია, ეს კვლევა ყველასთან არ ტარდება, არიან წყვილები, ვისთანაც ღირს ამის გაკეთება, მაგრამ ზოგადად ეს კვლევა ძალიან დიდ ინფორმაციას იძლევა.  არსებობს სპეციალური ჩვენებები, რომელთა დროსაც ამ კვლევის ჩატარება ღირს. ეს ჩვენებები არის მაგალითად რამდენიმე უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერება, ქალბატონის მაღალი ასაკი, სპერმის მძიმე ხარისხი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ორსულობის დადგომაზე, არამედ მის ბოლომდე მიყვანაზე. შეწყვეტილი ორსულობები… ეს არის ჩვენებები, როდესაც ღირს ამ კვლევის ჩატარება, თუმცა ის უნდა ჩატარდეს აუცილებლად ძალიან მაღალი ხარისხის ემბრიონზე, რადგან მას აქვს თავისი რისკები…

წყარო: https://fortuna.ge