Nuk
ვეგეტარიანელობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

თარიღი: 12 სექტემბერი, 2018

ბევრს ვდაობთ ვეგეტარიანელობის არსზე. იმაზე თუ იგი რამდენად სასარგებლოა ან პირიქით რამდენად დიდი ზიანის მომტანი შესაძლოა გახდეს, თუმცა ვისაუბრებთ რა  ვეგეტარიანელობასა თუ სხვა სახის ცხოვრებისა თუ კვების წესზე, აუცილებელია დავივიწყოთ რადიკალურობა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ვეგეტარიანელობის დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა განვიხილოთ.

 

რატომ? იმიტომ რომ ჩემი პირადი დაკვრივებით, საქართველოში  მათმა რაოდენობამ უდაოდ იმატა, პირადად მე , როგორც ექიმმა,  2 კვირის მანძილზე 3 ვეგეტარიანელი პაციენტი ვიხილე, ჯერჯერობით ვეგანი პაციენტები არ შემხვედრია. და თქვენ?

 

გულწრფელად, რომ ვთქვა აქამდე ვეგეტარიანელებს  საკმაოდ მკაცრად ვუხსნიდი, რა მავნე ზეგავლენა მოაქვს ამგვარ ქცევას, თუმცა მოდით, დავიწყოთ საუბარი ვეგეტარიანული ცხოვრების წესის დადებითი მხრიდან.

 

დადებითი მხარე-სიცოცხლის ხანგრძლივობა და დაავადებების პრევენცია

თუ ვენდობით ერთ-ერთ კვლევასა და მის შემსრულებელ მეიოს კლინიკის ექიმ-დიეტოლოგს კატერინ ზერატსკის  (მე, პირადად საკმაოდ ვენდობი მის სტატიებს, რომლებსაც არაერთხელ გავცნობილვარ) ვეგეტარიანული ცხოვრების წესის შედეგად გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის ალბათობა მნიშვნელოვნად იკლებს.

 

იგი მნიშვნელოვნად მოქმედებს გლიკოზირებულ ჰემოგლობინსა და ცუდი ცხიმების შემცირებაზე.
თუმცა აქ არაფერს ამბობენ კარგ ცხიმებზე, რომლის მატების არსი არანაკლებ მნიშვნელოვანია დისლიპიდემიის თავიდან ასაცილებლად. საკმარისია მხოლოდ ცუდი ცხიმის შემცირება?!

 

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებს შორის  ვეგეტარიანელებს იშვიათად თუ ნახავთ და მეორე მხრივაც, ვეგეტარინელებს შორისაც ბევრად იშვიათად ნახავთ ჰიპერტენზიით დაავადებულებს.

 

სხვა კვლევა კი ხმას იმაღლებს მასზედ, გულის იშემიური დაავადებების გამოვლენა 29%ით , ხოლო ონკოლოგიოური დაავადებების გამოვლენა 18%ით დაბალია ვეგეტარიანელთა შორის , არავეგეტარინელებთან შედარებით. ამით, კი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იზრდება.

 

მაგრამ აქ თავისთავად იბადება კითხვა ვეგეტარიანელობა იწვევს სიცოცხლის გახანგრძლივებას თუ უბრალოდ კარცენოგენული წითელი  და გადამუშავებული ხორცის (სოსისი, ძეხვი) არ მირთმევა? ხომ შეიძლება არა, რომ არ ვიყოთ მაინცადამაინც ვეგეტარიანელები და უბრალოდ არ მივირთვათ ამგვარი ხორცი?! დავფიქრდეთ ამაზე.

 

უარყოფითი მხარე- ესენციური ამინომჟავებისა (ცილის) და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ნუტრიენტის დეფიციტი.

მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია კალციუმი, ვიტამინი დ, რკინა, ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი ბ9), ვიტამინი ბ12 და ესენციური ამინომჟავები. მცენარეული რკინა ფორტიფიცირებულ პურსა და ბურღულეულში(წიწიბურა), ისპანახში, ტოფუსა და ლობიოშია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მცენარეული რკინა, თავისი ქიმიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ბევრად მყიფე და არასტაბილურია.

 

b12  და b9 ვიტამინით გამდიდრებულია სხვადასხვა დილის საუზმის ბურღულეული აშშ-სა და ევროპაში, მაგრამ საქართველოში ამგვარი ბურღულეული საკმაოდ ძვირი და რთულად მოპოვებადია. ვიტამინი დ-ს და კალციუმის უმნიშვნელოვანესი წყარო რძის ნაწარმია, აქ ვეგეტარიანელებს ვერაფერს დავუწუნებთ, ისინი იღებენ რძის პროდუქტსა და კვერცხს.

 

ნუღარ ვიკამათებთ ერთ უმნიშვნელოვანესს უარყოფით მხარეზე,  ვეგეტარიანელთა შორის ცილის მარაგიც ვერ იქნება ვერაფრით იმავე რაოდენობის რაც არავეგეტარიანელებში. 

 

ესენციური ამინომჟავების (მაგ.ლეიცინის, იზოლეიცინის) რაოდენობა ბევრად მაღალია ხორცსა და მის პროდუქტებში, მცენარეებისგან განსხვავებით (სოიო, ლობიო,გოგრის თესლი და სხვა). მათი დეფიციტი კი იმუნიტეტის დაქვეითებას, შეშუპებას, საერთო სისუსტეს, კანის დანაოჭებას და სხვა მრავალ კლინიკურ სიმპტომს იწვევს.

 

დაბოლოს, ვფიქრობ, თავისუფლადაა შესაძლებელი იყო ვეგეტარიანელი და იყო ჯანმრთელი, ასევე იმასაც ვფიქრობ რომ იმავე წარმატებით შეიძლება  არავეგეტარიანელი (ხორცის მიმღები) იყო და ასევე მისდევდე ჯანმრთელი ცხოვრების წესს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რატომ ავირჩიეთ ვეგეტარიანელობა, ვფიქრობ თუ კი ეს შენსა და გარემოსთვის სასიკეთო მიზნისათვის მოხდა, მაშინ რატომაც არა?! მაგრა , ნუ დაგვავიწყდება ის უარყოფითი და მანკიერი მხარეები, რასაც ვეგეტარიანელობას შეიძლება მოჰყვეს.

წყარო: http://dr-nestan.ge/