რა საფრთხეს უქმნის წითელა ორსულისა და 1 წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობას

თარიღი: 02 მაისი, 2018

წითელა საშიშია ყველა ასაკში

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხვდება. თუმცა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად იმატა დაავადების შემთხვევებმა უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი წითელაზე ვაქცინირებულია, შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება. 

 

თუმცა, ისევე როგორც ევროპაში, საქართველოშიც 2017 წლის ბოლოდან დაიწყო წითელას შემთხვევათა მატება ლოკალური ეპიდაფეთქებების სახით. 

რამდენადაც წითელა სერიოზული ინფექციური დაავადებაა, საჭიროა ბავშვები აცრილნი იყვნენ წითელას საწინააღმდეგო  წითელა-წითურა-ყბაყურა (წწყ-MMR) ვაქცინით, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული  კალენდრის შესაბამისად.  

 

წითელას მიმდინარეობა

წითელას გამომწვევი ვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება. ხველების ან ცემინების დროს იფრქვევა ჰაერში და იწვევს კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას. 

ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენა ხდება  7-18 დღეში (ჩვეულებრივ, 10-12 დღე). მაქსიმალურ შესაძლო ინკუბაციურ (ფარულ) პერიოდად ითვლება 21 დღე.

წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ - ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს

წვრილი, თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება მოწითელო ფერის გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება. 

წითელა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში

წითელა სიცოხლისათვის საშიში დაავადებაა, განსაკუთრებით  ჩვილებისა და პატარა ბავშვებისათვის. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, წითელათი დაინფიცირების შემთხვევათა მესამედში, საჭირო ხდება ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. წითელას შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა:

 

 ყურის ანთება (ოტიტი) რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიყრუე

 ფილტვების ანთება (პნევმონია) 

 დიარეა  

 თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი) 

 სიკვდილი

 

განვითარებულ ქვეყნებში, წითელას 1000 შემთხვევიდან 1 სიკვდილით მთავრდება. განვითარებად ქვეყნებში კი ბევრად მეტი - 1000-დან საშუალოდ 30-60 შემთხვევა. წითელას იშვიათ, მაგრამ ძალიან სერიოზულ გართულებას ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელია დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ განვითარდეს და რომლის გამოსავალი, როგორც წესი, ლეტალურია.

 

წითელასაგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა, რომელიც ტარდება 1 და 5 წლის ასაკში. წლამდე ბავშვთა დაცვა მუცლად ყოფნის პერიოდში დედისგან მიღებული ანტისხეულების საშუალებით ხდება. თუმცა, თუ დედას არ აქვს წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, ბავშვი აბსოლუტურად დაუცველი რჩება დაავადებისაგან.  

 

1 წლამდე ბავშვთა ვაქცინაცია

12 და მეტი თვის ასაკში აცრის შემთხვევაში, წითელას ვაქცინის ეფექტიანობა 95% აღწევს, ანუ იმუნიტეტი გამომუშავდება აცრილთა 95%-ში.  უფრო ადრეულ ასაკში, ვაქცინის ეფექტიანობა შედარებით დაბალია (9 თვის ასაკში - 85%, 6 თვის ასაკში კი  კიდევ უფრო ნაკლები), რადგან ჩვილის ორგანიზმში ჯერ კიდევ არის დედისაგან მიღებული ანტისხეულები, რომლებსაც წითელას ვაქცინის ვირუსის განეიტრალება შეუძლიათ. 6 თვემდე ასაკისბავშვებში, დედისეული ანტისხეულების დონე ჩვეულებრივ საკმარისია წითელასგან ბავშვის  დასაცავად.

 

მიუხედავად შედარებით დაბალი ეფექტიანობისა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, (ეპიდაფეთქების დროს) დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში დასაშვებია აცრის უფრო ადრეულ ასაკში (9 თვიდან, ზოგჯერ კი 6 თვიდანაც) ჩატარება. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა 12 თვის ასაკის მიღწევის შემდეგ ბავშვი მაინც აიცრას წწყ ვაქცინით პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. 

 

წითელა ორსულებში

 თუ ქალი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით  არ არის აცრილი და ორსულობის დროს დაავადდა, ეს შეიძლება გახდეს თვითნებური აბორტის, მკვდრადშობადობის ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზი. 

 

ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. თუმცა წწყ ვაქცინით აცრა ორსულობის პერიოდში უკუჩვენებაა. 

 

წწყ ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეთ ორსულ ქალებსა და  მათ, ვისაც დაგეგმილი აქვს ორსულობა. ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინის მიღება,  ნაყოფისათვის შესაძლო თეორიულ რისკს წარმოადგენს. ამიტომ რეკომენდებულია, წწყ ვაქცინაციის ჩატარებიდან 28 დღის განმავლობაში ორსულობა თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა, შემთხვევითი ორსულობის დროს, ან დაორსულებამდე ცოტა ხნით ადრე აცრილ ქალებზე დაკვირვებამ, ნაყოფზე უარყოფითი შედეგები არ გამოავლინა. ამის გამო, რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის,  ორსულობის ტესტირების რუტინულად ჩატარება ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინის შეყვანამდე რეკომენდებული არ არის, ხოლო ორსულობის დროს ჩატარებული წწყ აცრა არ უნდა ჩაითვალოს ორსულობის შეწყვეტის მიზეზად.   

 

წითურას რისკის ქვეშ მყოფი არავაქცინირებული ქალები, რომლებიც ორსულად არიან ან აპირებენ დაორსულებას, აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თანდაყოლილი წითურას სინდრომის პოტენციური რისკის არსებობისა და დაორსულობამდე  ან ორსულობის შემდგომ ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. 

ძუძუთი კვება და ვაქცინაცია

 ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, ვაქცინების, მათ შორის  ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინების მიღება უსაფრთხოა როგორც ქალების,  ასევე ჩვილებისათვის  და ძუძუთი კვების უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ დედის აცრის შემთხვევაში, ვაქცინებში შემავალ ცოცხალ ვირუსებს დედის ორგანიზმში გამრავლების უნარი აქვთ, ეს ვირუსები უხშირესად დედის რძით არ გამოიყოფა ან თუ გამოიყოფა, ის ჩვილის ჯანმრთელობზე გავლენას არ ახდენს,  რადგან ვაქცინა ვირუსის დასუსტებულ ფორმას შეიცავს. 

 

ორსულებისა და 1 წლამდე ასაკის ბავშვთა წითელასაგან დაცვის ერთადერთი გზა არის ის, რომ მათი ოჯახის წევრები და გარშემო მყოფნი, თვითონ იყვნენ დაცულნი დაავადებისაგან.  ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დროულად მიმართონ ოჯახის ექიმს  წწყ (წითელა-წითურა-ყბაყურა) ვაქცინაციის ჩასატარებლად!

რჩევები - როგორ დავიცვათ თავი წითელასაგან

წითელა,  ვაქცინით მართვად დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში. ამჟამად ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წწყ აცრა უტარდებათ 41 წლამდე ასაკის პირებსაც.  გადაამოწმეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი! თუ არ ხართ დარწმუნებული, ან ნამდვილად არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით - მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) საწინააღმდეგო ვაქცინით. 

 

თუ დაგეგმილი გაქვთ ოსულობა, წინასწარ გაარკვიეთ ხარ თუ არა აცრილი წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროთ ორსულობის დაგეგმვამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. 

 

საქართველოში, როგორც გეგმიურ, (ბავშვთა  ასაკის) ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა ვაქცინაციას უფასო, ხარისხიანი ვაქცინით,  სახელმწიფო უზრუნველყოფს.  ვაქცინაცია უფასოა ასევე სამედიცინო პერსონალისა და

წითელათი დაავადებულთან კონტაქტში მყოფი, 41 წლის ასაკის ზევით მოსახლეობისათვის. 

 

აცრების ჩასატარებლად მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს.

 

გახსოვდეთ: წითელა საშიში დაავადებაა!!! არ გადადო - აიცერი და დაიცავი შენს ირგვლივ მყოფი ბავშვები და მომავალი დედები!