როგორი უნდა იყოს წლამდე ბავშვის კვების რაციონი უახლესი გაიდლაინებით

თარიღი: 29 მარტი, 2018

რა შეიცვალა წლამდე ასაკის ბავშვთა კვების რაციონში, რა უახლესი რეკომენდაციებია მოწოდებული ამ მხრივ, რა ასაკამდეა რეკომენდებული ძუძუთი კვება, როდის დგება შერეული კვების აუცილებლობა, რა ასაკიდან ვიწყებთ ბოსტნეულისა და მარცვლეულის ფაფების, ასევე ხორცისა და თევზის დამატებას ბავშვთა კვების რაციონში –  წლამდე ასაკის ბავშვთა კვების ახალი ცხრილის შესახებ პედიატრი ეკა უბერი გვესაუბრება.

 

ჩვილისთვის დედის რძე შეუცვლელი საკვებია, მაგრამ როდის დგება შერეული კვების აუცილებლობა და რა ვადამდე ითვლება ასეთი კვება საუკეთესოდ?

დიახ, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ძუძუთი კვება უალტერნატივოა. მსოფლიოში ჯერ ვერ შეიქმნა ისეთი კვება, რომელიც გაიმეორებს ბუნებრივი კვების თითოეულ კომპონენტს. მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული სტანდარტი, რომელსაც ეფუძნება ყველა ხელოვნური ადაპტირებული ნარევი, რომელიც მეტ-ნაკლებად მიახლოებულია დედის რძესთან. 95% შემთხვევაში დედას უნდა ჰქონდეს რძე, თუმცა, არის სხვა ხელის შემშლელი პირობები, რომლის დროსაც დედა იძულებულია  ჩვილი ხელოვნურ საკვებზე გადაიყვანოს. თუ ის გადაწყვეტს, რომ მისი ჩვილი იყოს ბუნებრივ კვებაზე, სასურველია, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში კვებოს ძუძუთი. თუმცა, დამატებითი კვება რაციონში შედის 6 თვიდან. 6 თვემდე, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური კვება მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, თუ ის რა თქმა უნდა ჯანმრთელია და სწორად ვითარდება.

 

რა საკვები უნდა მიიღოს დედამ ძუძუთი კვების დროს და მართალია თუ არა, რომ ამ დროს მშობლის კვების რაციონი მკაცრად შეზღუდული უნდა იყოს?

ეს საკითხი  ინდივიდუალურია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ლიტერატურაში მეძუძური დედის კვების რეჟიმი არ არსებობს, თუ სპეციფიურ კომპონენტებზე ალერგია, ან აუტანლობა არ ვლინდება. როდესაც დედა და ბავშვი ჯანმრთელები არიან, დედას ვეუბნებით, მიირთვით რაც გსურთ, რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში. ცხადია  მეძუძური დედა უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად. ეს მოიაზრებს არა ცხოველური ცხიმების მიღებას, არამედ პირიქით, რაციონი მცენარეული ცხიმებით უნდა იყოს  დატვირთული.

რა ასაკიდან ვიწყებთ ბოსტნეულის ფაფების მიცემას და რა სქემაა მოწოდებული უახლესი გაიდლაინით?

გაიდლაინი შეიცვალა და აქაც ინდივიდუალურობაა გასათვალისწინებელი. მიიჩნევა, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი 4-დან 6 თვემდე მზად არის მიიღოს ახალი საკვები. კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, 6 თვემდე მას დედის რძე სრულად უკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. თუ ბავშვს გაორმაგებული აქვს წონა, თუ კარგად იჭერს თავს და შეუძლია სავარძელში ყოფნა, თუ აქვს კოვზით საკვების მიღების უნარ-ჩვევები, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია 4 თვიდან ვცადოთ დამატებითი კვევა. ყველა ახალი პროდუქტის დამატება ხდება მონო კომპონენტების სახით.  მაგალითად, ჩემი შვილის შემთხვევაში, ძალიან მინდოდა მას მიეღო ბროკოლი, თუმცა ისე მოხდა, რომ ვერ გადაამუშავა. ეს ნიშნავს, რომ 2-3 თვით ბროკოლის მიღება გადაიდო და ამჯერად სხვა ბოსტნეულს მივცემ. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ბროკოლი, გოგრა, ყაბაყი – ეს ყველაფერი თანდათანობით, 1-2 ჩაის კოვზის ოდენობით უნდა დავაწყებინოთ პატარას და აუცილებლად ერთ კომპონენტად. მინდა ავღნიშნო, რომ ქილოვანი საკვებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე სახლში დამზადებულს. მიიჩნევა, რომ სახლში მომზადებული პროდუქტი შესაძლოა კალორიული და პროტეინული თვალსაზრისით არ იყოს დატვირთული. ვიცით, რომ თერმული დამუშავებისას, პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებების ნაწილს. ხოლო, ქილებში მოთავსებული საკვები უფრო მეტად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, ამ სეზონზე ყველაფერი იმპორტირებულია. თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ წლის ამ პერიოდში ბავშვი ქილის საკვებით გამოკვებოს, რა თქმა უნდა უკეთესია. ისინი ორგანული პროდუქტებით არის დამზადებული, არ შეიცავს კონსერვატებსა და ნიტრატებს. თუმცა, სახლში მომზადებული საკვებიც მისაღებია. აქვე მიდნა დავამატო, რომ შესაძლებელია ბავშვმა დამატებითი კვება დაიწყოს როგორც ბოსტნეულით, ისე მარცვლოვნებით. განსაკუთრებით დღენაკლული ბავშვებისთვის, აუცილებელია 5-6 თვის ასაკიდან რაციონში დავამატოთ მარცვლეულის ფაფები. ეს ახდენს ანემიის განვითარების პრევენციას და ხდება ორგანიზმის რკინით გაჯერება.

 

 

რომელი მარცვლეულის ფაფის მიცემაა რეკომენდებული პირველად და რატომ?

ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად ალერგიულად მიიჩნევა ბრინჯის ფაფები. უნდა დავიწყოთ ერთკომპონენტიანი ურძეო ფაფებით და 5-7 დღის განმავლობაში გავზარდოთ კოვზების რაოდენობა. ამის შემდეგ დედას შეუძლია ახალი კომპონენტი დაამატოს. საწყის ეტაპზე უმჯობესია არჩევანი გავაკეთოთ ურძეო ფაფებზე, რადგან ისინი  არ არის ისეთი გემრიელი, როგორიც რძიანი, ამიტომ ბოსტნეულზე ბავშვის უარს აღარ იტყვის. თუ სახეზეა წონის დეფიციტი, უმჯობესია დამატებითი კვება ფაფებით დავიწყოთ, თუ არ არის წონის დეფიციტი, ბოსტნეულით დაწყება სჯობს. აქვე საინტერესოა, რომ თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ ხილი და ხორცი ცოტა მოგვიანებით უნდა დაგვემატებინა რაციონში, დღეს 4-6 თვიდან თავისუფლად შეიძლება ყველა კომპონენტის მონაცვლეობა.

 

ცელიაკი, რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებაზე და მართალია თუ არა რომ ფაფები, რომლებიც არ შეიცავს გლუტენს, ხელს უწყობს მის პრევენციას?

ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ხოლმე უგლუტენო ფაფებთან მიმართებაში და მინდა ნათელი მოვფინო ამ სიტუაციას. წინათ ფიქრობდნენ, რომ უგლუტენო მარცვლეულის მიცემა ცელიაკის დაავადების პრევენციას ახდენდა. ცელიაკია ეს არის წვრილი ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომელიც არის იმუნური სისტემით გაშუალებული და არის გენეტიკურად დეტერმინირებული. ადამიანს ის ან აქვს, ან არა. ამიტომ მისი პრევენცია ადრეულ ეტაპზე უგლუტენო ფაფებით შეუძლებელია და ის არ ცვლის გამოსავალს. გლუტენი ეს არის პროტეინი, რომელიც უმეტესად წარმოდგენილია მარცვლოვნებში – ხორბალში, სიმინდში, წიწიბურაში. ასეთი ფაფების არ მიცემა, სამწუხაროდ ცელიაკიის დაავადების გამოვლენის პრევენციას ვერ მოახდენს, ის უბრალოდ გვიან გამოვლინდება, როდესაც ბავშვის რაციონში გლუტენის შემცველი პროდუქტები  შევა.

 

რომელი პატარებისთვისაა  განკუთვნილი ურძეო ფაფები?

ზოგადად ადაპტირებული ნარევის დამატება ხდება ინდივიდუალურად, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მხოლოდ ბავშვის ამტანობაზეა დამოკიდებული.  რომელი მიირთვა ბავშვმა ყველზე კარგად, რომელზე ჰქონდა კარგი ნაწლავთა მოქმედება, როდის იყო ნაკლები მუცლის კოლიკები და ა.შ. შესაძლებელია, რომ ის რძე, რომელიც მარცვლეულშია დამატებული, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ეს რძე მისთვის მისაღებია თუ არა, ვიწყებთ კვებას ერთ კომპონენტიანი ურძეო ფაფით. შემდეგ რა თქმა უნდა რაციონში შემოდის რძიანი ფაფა იმ კომპონენტით, რომელიც ურძეოს შემთხვევაშიც პრობლემას არ ქმნიდა.

 

რა ასაკიდან ვიწყებთ ხორცის დამატებას ბავშვის რაციონში და მართალია თუ არა, რომ ღორის ხორცი აბსოლუტურად უსაფრთხოა?

ხორცი თავისუფლად შეიძლება რაციონში შემოვიტანოთ 6 თვის ასაკიდან და ეს შეიძლება იყოს საქონლის, ქათმის, ინდაურის, ბოცვერის და ღორის. ყველას ძალიან უკვირს, როდესაც ღორის ხორცს ვახსენებთ და ეს განხივლის საგანი ხდება.

 

აღმოჩნდა, რომ თუ ბავშვს აქვს ძროხის რძის ცილის აუტანლობა, ქათმისა და საქონლის ხორცში შესაძლებელია იმ პროტეინების თანხვედრა იყოს, რომელიც ძროხის რძის ცილაშიც არის. ანუ თუ მას ძროხის რძის ცილის აუტანლობა აქვს, შესაძლებელია საქონლის და ფრინველის ხორცის აუტანლობაც ჰქონდეს.

 

უმრავლეს შემთხვევევაში, გარდამავალი ტრანზიტორული ალერგიული რეაქციები და კვებითი აუტანლობა იმუნოლოგიურად არ ჩანს და სისხლში შესაძლებელია უარყოფითი პასუხითაც კი გამოვლინდეს. ძროხის რძის ცილის აუტანლობა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული იშვიათი შემთხვევების გარდა ემპირიულ დიაგნოსტიკას ეფუძნება. თუ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვმა ვერ მიიღო ხელოვნური ნარევი, ეს ვლინდება ყაბზობით, დიარეით, ღებინებით, უმადობით, წამოქაფებით, წონის მასის დეფიციტით, განავალში სისხლის არსებობით – შესაძლებელია ვიფიქროთ ძროხის რძის ცილის აუტანლობაზე. ასეთ დროს ბავშვის რაციონში შემომაქვს ბოცვერის, ინდაურის ან ღორის ხორცი, რადგან ამ სამი სახეობის ხორცში არ ხდება პროტეინების თანხვედრა ძროხის რძის ცილასთან.

 

რაც შეეხება თევზს, ამ დრომდე ვიცოდით, რომ წლამდე მისი მიღება არ იყო სასურველი, რადგან ის ალერგიულ რეაქციებს იწვევდა

 

ალერგიული კომპონენტების დაგვიანებით მიცემა სამწუხაროდ ვერ აკეთებს ატოპიური დაავადების პრევენციას, ეს ცხადია ეხება თევზსსაც. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მონოკომპონენტიანი კვება მინიმუმ 5-7 დღის განმავლობაში და არა ყოველდღე განსხვავებული პროდუქტების შეთავაზება, რადგან შესაძლებელია ზოგიერთ პროდუქტს ჰქონდეს გვიანი რეაქცია და ის ხუთი დღის შემდეგ გამოვლინდეს.

 

მშობლებს ასევე ხშირად აინტერესებთ, რა ასაკამდეა დაბლენდერებული საკვები რეკომენდებული?

ესეც ძალიან ინდივიდუალურია. მანამ, სანამ ბავშვს წინა კბილები არ აქვს, მას შეუძლია  დაბლენდერებული საკვები მიირთვას. მეტსაც გეტყვით, ორ წლამდე შეიძლება პატარა იყოს დაბლენდერებულ საკვებზე. ერთი წლის ასაკიდან შესაძლებელია მცირე ულუფებით, დაჭყლეტილი საკვების მიცემა და თანდათანობით მყარ საკვებზე გადასვლა. ეს არ ნიშნავს, რომ წლამდე პატარას პურის ყუა უნდა მისცეთ, ან სტაფილო დავაჭერინოთ ხელში, შესაძლოა ის ბავშვმა ადვილად მოკბიჩოს, მაგრამ ვერ დაღეჭავს და შესაძლოა გაჩნდეს გადაცდენის საშიშროება.

 

რა ხილით უნდა დავიწყოთ კვება და რა რაოდენობით შეგვიძლია შევთავაზოთ?

6-7 თვიდან ეტაპობრივი სქემით თავისუფლად შეგვიძლია დავიწყოთ ხილის მიცემა. აქვე სასურველია,  ხილი იყოს ადგილობრივი წარმოების. ეგზოტიკური ხილი ჩვენს გენეტიკაში არ ზის და ამიტომ უმჯობესია მისგან თავის შეკავება. უპირატესობას მივანიჭებ ვაშლს, ატამს, ქლიავს, კენკრას, ალუბალს. ციტრუსი და ზოგიერთი კენკროვანი ხილი წლამდე არ არის რეკომენდებული. ასევე სამ წლამდე არასასურველია ბალის, კარალიოკის, ლეღვისა და ყურძნის მიცემა.  აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ხილ-ფაფა არასოდეს არ არის ერთი სრულფასოვანი კვება. ის დესერტია და არა ძირითადი საკვები.

 

ძალიან ხშირად წლამდე ბავშვის კვების რაციონში გვხვდება მაწონი , რამდენად სასარგებლოა ის?

მაწონი ძალიან კარგი პროდუქტია და მასზე თაობები გაზიარდა, მაგრამ ეს იქამდე, სანამ ადაპტირებული კვება არ არსებობდა. ადაპტირებული კვება ნიშნავს იმას, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე  და სხვა ნუტრიენტებზე. მაწონი ამ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად ერთ წლამდე მაწვნის მიცემა არ არის რეკომენდებული.

 

და ბოლოს, დღეს ძალიან აქტუალურ მძიმე მეტალების თემას უნდა შევეხო, სად არის მათი საფრთხე ყველაზე მეტად, საკვებსა თუ გარემოში და ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის ის შიში, რაც დღეს საზოაგდოებაშია?

ჩვენ ქართველები ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ამიტომ ეს შიშებიც არაა გასაკვირი. ამ ეტაპზე მძიმე მეტალები ძალიან აქტუალური თემაა და  ამის პირველი მიზეზია ეკოლოგია – ჰაერი, გამონაბოლქვი,  ძველი სახლები ანუ სამშენებლო მასალა, უხარისხო სათამაშოები და საკვები. საკვები პროდუქტები, რომლებიც მიიღება და იზრდება გზისპირა ნაკვეთებზე, მანქანის გამონაბოლქვთან ახლოს, რა თქმა უნდა ისინი ნიადაგიდან ადვილად იწოვს მძიმე მეტალებს. თუმცა, ამ  ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ტოქსიურ ზღვარს პრობლემა არ შეუქმნია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მძიმე მეტალების თემა ცოტა უტრირებულია.

წყარო: Fortuna.ge