წონაში დაკლების მსურველებს! ენდოკრინოლოგის 5 ოქროს რჩევა

თარიღი: 26 იანვარი, 2017

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1980 წლიდან დღემდე სიმსუქნის მაჩვენებელი გაორმაგდა.

ორგანიზაციის 2014 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბწონიანია.

სიმსუქნე ძირითადად არასწორ კვებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ჭარბი წონა შეიძლება გამოწვეული იყოს: ენდოკრინული დარღვევით, ქრონიკული სტრესით, უძილობით, ჰიპოდინამიით, გენეტიკური განწყობით, გარკვეული ენდოკრინული დაავადებებით და სხვა. მეცნიერები აცხადებენ, რომ მჯდომარე სამსახური ან ტელევიზორის წინ ნებივრობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მაგრამ მიუხედავად რეკომენდაციებისა, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ავიწყდება თუ რა საფრთხეს შეიცავს სკამთან „მეგობრობა“.

თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარეა. თუ სპორტსმენი არ ხართ ან მოცეკვავე მაშინ თქვენი დღის რეჟიმი ძირითადად უმოძრაო იქნება. სწორედ ამიტომ, ჭარბ წონაზე ან მოდუნებულ სხეულზე ყველაზე ხშირად ოფისში დასაქმებულები დარდობენ.

მოგეხსენებათ, თვითნებურად დიეტის დაცვა სახიფათოა, რადგან თუკი არაბალანსირებულად იკვებებით, ამით ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებთ. ცნობილია, რომ ცალმხრივი დიეტები ადამიანს თავიდან სწრაფად აკლებინებს წონაში, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ შიმშილი ორგანიზმისთვის დიდი სტრესია და დიეტის შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, ორმაგად დაიბრუნებთ დაკლებულ კილოგრამებს.

დღეში რამდენჯერ ვიკვებოთ, რომელი სასმელი და საკვები უქმნის საფრთხეს ლამაზ სხეულს, მართალია თუ არა რომ საღამოს 6 საათის შემდეგ სადილობა გვასუქებს, რა ასაკიდანაა შედარებით რთული წონის კლება, რა არის მეტაბოლური სინდრომი? დღეში რამდენი ნაჭერი პური ვჭამოთ?

ამ თემებზე და თუ როგორ მკურნალობენ ჭარბ წონას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–ენდოკრინოლოგი, სოფიო ფუტურიძე.


– დღეში რამდენჯერ ვიკვებოთ?
– ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია დღეში ხუთჯერადი კვება. რაციონი სამი ძირითადი კვებისგან (საუზმე, სადილი და ვახშამი) უნდა შედგებოდეს და შუალედში დამატებითი კვება, ე.წ. წახემსებაა საჭირო. საუზმე დღის კვების 25%–ს უნდა შეადგენდეს, სადილი 35%–ს, ვახშამი 20%–ს, ხოლო წახემსება 10–10%–ს.


– გთხოვთ, განგვიმარტოთ რომელი სასმელი და საკვები უქმნის საფრთხეს ლამაზ სხეულს?
– რეკომენდებული არ არის ტკბილი და გაზიანი სასმელები. სასურველია, მაქსიმალურად შეზღუდოთ ნებისმიერი სახის ტკბილეული, შოკოლადი თუ ნამცხვრები, ცომეული და ფუნთუშეული. რაც შეეხება პურს. გირჩევთ, მცირე რაოდენობით მიიღოთ. კვების რაციონიდან ამ პროდუქტის მთლიანად ამოღება არაა სასურველი. შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მიიღოთ ქატოს ან ჭვავის პური. თუ თეთრი პური გიყვართ უარს ნუ იტყვით. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რაოდენობას მაგალითად, საუზმეზე 50 გრამი უნდა მიიღოთ, ხოლო სადილზე 75%.


– მართალია, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ სადილობა გვასუქებს?
– არაა მართალი. 19–20 საათზე მსუბუქად ივახშმეთ. ვფიქრობ, როცა ადამიანი საღამოს 6 საათის შემდეგ აღარაფერს ჭამს ეს შიმშილია და შედეგად, ადამიანის ბიოლოგიურ რიტმზე უარყოფითად აისახება. ორგანიზმის დისბალანსს თავი რომ აარიდოთ სასურველია საღამოს მიირთვათ დაბალკაროლიული საკვები მაგალითად, რძის ნაწარმი. მოერიდეთ შემწვარ პროდუქტებს. არ გირჩევთ საღამოს ხილის ჭამას. ასევე ადამიანი შეცდომას უშვებს, როცა სადილობისას საკვებს ხილს აყოლებს. ვიტამინებით მდიდარი ხილი უმჯობესია, ცალკე პროდუქტად (დამატებითი კვება,წახემსება) მიირთვათ. ამ გზით ორგანიზმი ყველა საჭირო ვიტამინს აითვისებს.


– როგორ მკურნალობთ სიმსუქნეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– პირველ რიგში ვადგენთ სიმსუქნის გამომწვევ მიზეზს. ვარკვევთ თუ რატომ მოიმატა ადამიანმა წონაში. თუ ამის მიზეზი ცხოვრების არაჯანსაღი წესია, პაციენტს ვუხსნით თუ რა არის ჯანსაღი კვების რაციონი. თუ სიმსუქნეს ორგანული პათოლოგია არ იწვევს, წონის კორექციისთვის დიეტოთერაპიას მივმართავთ. ენდოკრინოლოგი ყველა პაციენტს დიეტას ინდივიდუალურად უდგენს. ხოლო დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ავადმყოფობის სიმპტომებსა და გამომწვევ მიზეზს ვმკურნალობთ და პაციენტს ჯანსაღ რაციონს ვუნიშნავთ. როცა სასურველ შედეგს დიეტოთერაპიით ვერ ვიღებთ, პაციენტს ვთავაზობთ სლივ–გასტრექტომიას (სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი), რომელიც წარმატებით ხორციელდება ჩვენს კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ უფრო ხშირად მოგვმართავენ ქალბატონები, ხოლო მამაკაცების უმრავლესობა დახმარებას მხოლოდ მაშინ გვთხოვს, როცა სიმსუქნისგან უკვე სხვა დაავადებებია განვითარებული.


– რამდენად ეფექტურია ვარჯიშის გარეშე მხოლოდ დიეტით წონაში დაკლება?
– ვარჯიშის გარეშე წონაში კლება წარმოუდგენელია, რადგან სიმსუქნესთან ბრძოლაში სწორი კვების რაციონი 50%–ს შეადგენს, დანარჩენი 50%–ზე კი გავლენას ახდენს ფიზიკური აქტივობა. ადამიანების დიდ ნაწილს ვარჯიში ეზარება. მსურს მკითხველმა გააცნობიეროს, რომ აუცილებელი არაა სირბილი, შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე ისეირნოთ. ძალიან კარგია ცურვა, რომელსაც სხეული ტონუსში მოჰყავს და ამკვრივებს.


– რა ასაკიდანაა შედარებით რთული წონის კლება?
– ასაკის მატებასთან ერთად, წონაში კლება რთულდება. 35 წლის ზემოთ გაცილებით რთულია წონაში დაკლება.


– რას გვეტყვით მეტაბოლურ სინდრომზე და როგორ გავიუმჯობესოთ მეტაბოლიზმი?
– მეტაბოლური სინდრომი არის ორგანიზმში აღმოცენებულ იმ ცვლილებათა ერთობლიობა, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევებს იწვევს. მეტაბოლური სინდრომის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია ცენტრალური სიმსუქნე ანუ აბდომინალური სიმსუქნე, მუცლის არეში ცხიმის დიდი რაოდენობა. ამ ტიპის ჭარბ წონას ვაშლის ფორმისას უწოდებენ და ზოგჯერ მამაკაცური ტიპის სიმსუქნით მოიხსენიებენ. მეტაბოლური სინდრომი მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს აქვს. მეტაბოლიზმის გაუმჯობესების საუკეთესო გზა ვარჯიშია.


ენდოკრინოლოგის 5 ოქროს რჩევა ჩვენს ერთგულ მკითხველს
•    დღეში 2 ლიტრი წყალი დალიეთ. დადებითად აისახება როგორც წელის გარშემოწერილობაზე, ისე სახის კანზე.
•    ივარჯიშეთ, ბევრი იმოძრავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
•    გაუფრთხილდით ბიოლოგიურ რიტმს. უძილობა, ალკოჰოლი, სიგარეტი უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ 8 საათი არ სძინავს ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.
•    გააკონტროლეთ კვების რაციონი. ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.
•    აუცილებელია პოზიტიური განწყობა.     


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  ექიმ–ენდოკრინოლოგს, სოფიო ფუტურიძეს ნომერზე 593 25 11 55