ხორცის ნახარშის გამოყენება ბავშვთა მენიუში

თარიღი: 12 აპრილი, 2018

„სეუ-კლინიკის“ პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და „მზიურიმედის” პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბავშვთა მენიუში ხორცის ნახარშის გამოყენებაზე საუბრობს.

 

„ხორცს და ხორცის პროდუქტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის კვების რაციონში. ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ცილა არის ასიმილაციის მასალა. აქედან გამომდინარე, მას ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის უდიდესი როლი ენიჭება. ბოლო დროს ძალიან ბევრი კითხვა ისმის მშობლების მხრიდან, აუცილებელია თუ არა ბავშვის კვების რაციონში ხორცის ნახარშის, ეგრეთ წოდებული ბულიონის გამოყენება. მე შევაჯერე მსოფლიოს სხვადასხვა პედიატრიული სკოლის მოსაზრება და მინდა გითხრათ, რომ ხორცის ნახარშის გამოყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან რეკომენდებული არ არის.

 

ხორცი ხარშვის შემთხვევაში ნახარში გამოყოფს იმ ექსტრაქტებს, ნიტრატებს, მძიმე მეტალებს, პურინებს, მარილებს და ჰისტამინს, რომელიც შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ხორცის ბულიონის შეწოვა ძალიან სწრაფად ხდება და ბავშვის ღვიძლს, რომელიც ჯერ კიდევ უმწიფარია, არ აქვს დეტოქსიკაციის უნარი. მას არ აქვს უნარი, გადაამუშავოს და ორგანიზმიდან გამოდევნოს ის ექსტრაქტები, რომელიც მიიღო ხორცის ნახარშიდან. ბევრ დედას მიაჩნია, რომ ხორცი ნახარში აუცილებელია ბავშის კვებაში და ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს მის მიცემას. მე მაქვს შემთხვევები, როცა ნახარშს 6 ან 7 თვის ასაკიდანაც კი იწყებენ. ეს კატეგორიულად დაუშვებელია. 21-ე საუკუნეში, ჩვენი ფერმერების მუშაობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველებთან დიდი რაოდენობით გამოიყენონ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ვაქცინები, ჰორმონები. რაც ყველაზე მთავარია, ხორცი ყოველთვის განსაკუთრებული პირობებით უნდა შეავარჩიოთ. ვარდისფერი ხორცი, რომელიც ვიზუალურად კარგად გამოიყურება და მას ვარჩევთ ბავშვის კვებისთვის, უნდა განვასხვავოთ იმ ხორცისგან, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა ქიმიკატები ჰქონდეს დამატებული. უნდა შევძლოთ ახალი და ძველი ხორცის განსხვავება ერთმანეთისგან. ვარდისფერი ხორცი ძირითადად ახალია, მაგრამ თითის ნაჭდევის მეშვეობით შეიძლება გავარკვიოთ, ეს არის ახალი თუ ძველი ხორცი. ახალ ხორცზე თითის ნაჭდევი ძალიან სწრაფად სწორდება, ხოლო ძველ ხორცზე ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება. ასევე ყველას აინტერესებს, როგორ განვასხვავოთ სუფთა, ქიმიური ნაერთებისგან , ნიტრატებისგან, მძიმე მეტალებისგან გათავისუფლებული ხორცი იმ ხორცისგან, სადაც ისინი უხვადაა. ამისთვის ხორცის ნაჭერი უნდა მოვათავსოთ ტაფაზე და დავაკვირდეთ. ახალი ხორცი შეწვის პროცესში, მალევე იკეთებს ნაზ ქერქს. ხოლო ძველი ან ქიმიკატებით გამდიდრებული ხორცი ძალიან მალე იჭმუხნება, ზომაში პატარავდება და ქვის კონსისტენციის ფორმას იღებს. აქედან გამომდინარე, მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ხორცის ნახარში შეწონადია ანუ მასში შედის თავად ხორცში არსებული ყველა მავნე ნივთიერების კრებული. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ხორცის ნახარშის მიცემას და ეს ხდება 2.5 ან 3 წლის ასაკიდან, აუცილებლად პირველი წყალი უნდა გადაიღვაროს, ხორცის წამოდუღებიდან 10-15 წუთის შემდეგ. ამის შემდგომ ხორცი უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, კვლავ მოიხარშოს და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე გადაწურულ ხორცის ნახარშს ვაზავებთ წყალთან და ამ ფორმით ვამზადებთ ბოსტნეულის წვნიანს. ამდაგვარად ხორცის მიწოდება ბავშვისთვის ბევრად სასარგებლოა“, – ამბობს ინგა მამუჩიშვილი.

 

წყარო: www.fortun.ge