ზღვა, რუჯი და სოლარიუმი – ექიმის რეკომენდაციები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით

თარიღი: 09 აგვისტო, 2018

კლინიკა „ენმედიცის“ მეან-გინეკოლოგი დარია გოგია - ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით გავრცელებულ ქალურ პრობლემებზე გვესაუბრება.

 

– ქალბატონო დარია, ზაფხულში, რომელიც მეტწილად საზღვაო კურორტზე დასვენებასთან ასოცირდება, განსაკუთრებით გვჭირდება ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან მზეზე გარუჯვა, ზღვასა ან აუზში ცურვა ხშირად ქალური დაავადებების მაპროვოცირებელი ხდება.  გარდა ამისა, არსებობს მითი, თითქოს ზღვა ინფექციების მთავარი გადამტანია. თქვენ რამდენად იზიარებთ ამგვარ მოსაზრებას?

– ზოგადად, მარილის მაღალი კონცენტრაციის წყალობით ზღვა ანტისეპტიკური თვიებებით ხასიათდება და პოზიტიურად მოქმედებს კანზე და გარკვეული ტიპის წარმონაქმნებზე. მართალია, ბევრი თვლის, რომ ზღვა ინფექციური დაავადებების გადამტანია, მაგრამ ამგვარი მოსაზრება მცდარია, რადგან შეუძლებელია ადამაინს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ზღვიდან ამოჰყვეს, თუმცა, ნაპირზე, თუნდაც შეზლონგზე მოკალათებული, თავისუფლად შეიძლება დაინფიცირდეს, მაგალითად სხვისი პირადი ნივთების გამოყენებით. იგივეს თქმა შეიძლება საცურაო აუზზეც, თუ დაცულია უსაფრთხოების ნორმები, მაშინ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით დაავადება აუზზეც შეუძლებელია.

 

– შეიძლება თუ არა გახდეს აუზის ან ზღვის წყალი რემისიის სტადიაში არსებული დაავადების მაპროვოცირებელი?

– ხშირია შემთხვევები, როცა მიძინებული დაავადება სწორედ ზღვაზე დასვენების დროს იღვიძებს, რადგან ორგანიზმი შეუჩვეველ მდგომარეობაში ხვდება და  სერიოზულ სტრესს განიცდის, რაც თავის მხრივ მიყუჩებული დაავადების პროვოცირებასაც უწყობს ხელს.

 

– ქალის ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენად სასარგებლოა გარუჯვა და მზეზე დიდხანს ყოფნა?

– ზოგადად, გარუჯვა ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა მხოლოდ ზომიერების ფარგლებში, რადგან საკვერცხეები, სარძევე და ფარისებრი ჯირკვვლი ძალიან მგრძნობიარეა ზედმეტი დასხივების მიმართ. გამომდინარე აქედან, მზეზე დიდხანს ყოფნით საკმაოდ სერიოზული ზიანი შეიძლება მივაყენოთ საკუთარ თავს, როგორც ჰორმონალური, ისე სხვა  დარღვევების სახით.

 

– როგორია ოპტიმალური დრო რათა მარგებელი მზე მავბებლად არ ვაქციოთ?

– ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური დრო დილას 11 საათამე და საღამოს 6 საათიდანაა, რადგან სწორედ ამ პერიოდში შეიძლება რუჯის ყველაზე უმტკივნეულოდ მიღება.

 

– რამდენად მიზანშეწონილია ზღვაზე დასვენება ორსულებისთვის?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ორსულობა არა დაავადება, არამედ ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. შესაბამისად, თუ ორსულობას არ ახლავს გართულებები, მაშინ ზღვაზე დასვენებაც თამამდ შეიძლება, თუმცა ისევ ზომიერების ფარგლებში. მეტიც, ორსულებისთვის ძალიან სასარგებლოა ცურვა, რადგან ორგანიზმი უწონო მდგომარეობაში ისვენებს, რეგულირდება სისხლის მიმოქცევაც. ამასთანავე ცურვისას შეუძლებელია ტრავმის მიღება.

 

– ზაფხულის დადგომასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება სოლარიუმში გარუჯვა. ამ შემთხვევაში რა რჩევას მისცემთ რუჯის მოყვარულებს?

– სოლარიუმში გარუჯვის შემთხვევაში პირველ რიგში გასათვალისწინებელია ასაკი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სოლარიუმის სტუმრობა პუბერტატის ანუ 14-19 წლის ასაკში, რადგან ამგვარი დასხივება მთელ რიგ ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს. რეპროდუქციულ ასაკში, რა თქმა უნდა, დაშვებულია გარუჯვა, თუმცა აუცილებლად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები.

 

– რამდენად დაშვებულია ზღვაზე დასვენება პოსტოპერაციულ პერიოდში?

– ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რა ტიპის ოპერაცია გადაიტანა ქალბატონმა. თუ ოპერაცია ღია წესით ჩატარდა და პაციენტს ღია ჭრილობა აქვს, მაშინ რეაბილიტაციას გარკვეული დრო სჭირდება და წყალსაც უნდა მოვერიდოთ. თუმცა ყველას თავისუფლად შეუძლია დაისვენოს საზღვაიო კურორტზე და მხოლოდ სანაპიროზე სეირნობით შემოიფარგლოს.

 

– ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია გავრცელებულია „თვითმკურნალობის სენი“, რადგან ექიმთან ვიზიტს მეგობრების, ახლობლების, ნაცნობების რჩევების გათვალისწინება და ანტიბიოტიკებით მკურნალობას გვირჩევნია.  რას ურჩევთ ამგვარი მკურნალობის მოყვარულებს?

– გეთანხმებით ქართველებს ძალიან გვიყვარს ანტიბიოტიკები და უმეტესობა თვითმკურნალობითაა გატაცებული, რაც ნაკლებადაა მიზანშეწონილი, რადგან სარგებლის ნაცვლად ხშირად ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს. არსებობს პრევენციული პრეპარატების ჯგუფი, მაგალითად ფლორის აღმდგენი მედიკამენტები, რომელთა მიღება პაციენტს დამოუკიდებლად შეუძლია, თუმცა კატეგორიულად აკრძალულია ანტიბიოტიკების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება.

 

– არსებობს თუ არა პრევენციული ზომები, რომლებიც ქალბატონმა ზაფხულის დადგომასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს?

– პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და მოვერიდოთ სხვისი ნივთებით სარგებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ მთელი რიგი გართულებები.

წყარო: http://fortuna.ge