Nuk
ზღვა და გინეკოლოგიური პრობლემები

თარიღი: 27 ივნისი, 2016

ყველა ადამიანს უყვარს ზაფხულში ზღვაზე დასვენება, ცურვა, გარუჯვა და მზის აბაზანების მიღება, მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ, ამ სიამოვნებას, შესაძლოა, დიდი უსიამოვნებებიც კი მოჰყვეს ჯანმრთელობის მხრივ, თუ არასწორად იმოქმედებთ. 
კონკრეტულად რა პრობლემებს გვიქმნის ზღვაზე დასვენება, როგორია ამ დაავადებების სიმპტომები და როგორ ვუშველოთ თავს არასასურველი შედეგის გამოვლენისთანავე, ამ საკითხებთან დაკავშირებით პროფესორი გიორგი თევდორაშვილი მეტად საგულისყურო და სასარგებლო რჩევებს გვაწვდის

– კონკრეტულად რომელი დაავადებების გამწვავება ხდება ზღვაზე დასვენების შემდეგ და როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი? 
– საჭიროა, ყველამ დაიცვას შესაბამისი წესები, მაგალითად: არ იწვეს მზის სხივების ქვეშ იმ დროს, როცა მზე ზენიტშია, არ გაატაროს დიდი დრო სველ საცურაო კოსტიუმში, მოერიდოს შემთხვევით კონტაქტებს და ასე შემდეგ. მცირე დოზით თითქმის ყველაფერი სასარგებლოა ნარკოტიკისა და სიგარეტის გარდა. ადამიანს აქვს როგორც ზოგადი, ასევე ლოკალური იმუნიტეტი. იმუნიტეტი რომ ქვეითდება, დაავადებაც ადვილად იკიდებს ფეხს. ლოკალურ ანუ ადგილობრივ იმუნურ სისტემაში შედის გენიტალიური ორგანოები, კერძოდ, საშო, საშვილოსნოს ყელი, მილები, საკვერცხეები. თუ დაირღვა მჟავატუტოვანი წონასწორობა, მაშინ ჩნდება პრობლემაც. როგორც იცით, ზღვის წყალი მარილიანია და იქ დიდხანს ყოფნამ, შესაძლოა, დაარღვიოს მჟავატუტოვანი წონასწორობა. ამ დროს ირღვევა საშოს სეკრეცია, აღინიშნება ჭარბი გამონადენი, ზოგჯერ მას თან ახლავს არასასიამოვნო სუნი – გააჩნია, რომელი ბაქტერია იწყებს გამრავლებას. თუ რომელიმე პათოლოგია აღენიშნება ქალს, ამ დროს სიტუაციაც მძიმდება. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ, ბოლო დროს ძალიან იმატა ახალგაზრდა ასაკში საშვილოსნოსა და საკვერცხეების სიმსივნეებმა. ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, მაგალითად: გარემო ფაქტორები, ქიმიური ხსნარების გამოყენება, მზის სხივების აქტიური ზემოქმედება, გენმოდიფიცირებული, ნიტრატებიანი საკვების მოხმარება, პრეპარატების არასწორი მიღება, არასწორად ჩატარებული მკურნალობა და ასე შემდეგ. გადაციება, გადახურება, სველი საცურაო კოსტიუმით დიდხანს მზეზე ჯდომა გარკვეულ პრობლემას უქმნის ადამიანს. როცა მშრალი საცურაო კოსტიუმით ზიხართ სანაპიროზე, დაინფიცირების ნაკლები რისკია, მაგრამ თუ სველი კოსტიუმით ზიხართ ქვაზე ან სილაზე, მაშინ ლოკალური, სასქესო ორგანოების გადაციება ხდება. თან, არსებობს მიკროფლორის გარკვეული სახეობები, რომლებიც მშრალ საცვალზე არ გადადის, სველზე კი ადვილად იკიდებს ფეხს და ადვილადაც მრავლდება. მით უფრო, თუ იმ ადგილას ზიხართ, სადაც ინფიცირებული იჯდა ან იწვა. სასქესო ლორწოვან ადგილას ბაქტერია ადვილად ხვდება და ამის შემდეგ ვრცელდება გენიტალიურ ორგანოებში. ხშირია მიკროტრავმებიც, რომლებიც უხილავია და შეხებისას ადვილად ხდება ადამიანის დაინფიცირება. 

– ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ, აუცილებელია გინეკოლოგიური კვლევების ჩატარება? რა სიმპტომების გამოჩენისთანავე ურჩევთ ქალებს ექიმთან კონსულტაციას? 

– გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. სხვათა შორის, პაციენტები ხშირად მეუბნებიან, ჯერ ზღვაზე წავალთ, დავისვენებთ და რომ ჩამოვალთ შემდეგ ჩავიტარებთ გამოკვლევებსო. მაგრამ, ეს არ არის სწორი, რადგან, თუ ინფექცია უკვე არსებობს, ჯობია, ჯერ მკურნალობის კურსი ჩატარდეს და შემდეგ, ჯანმრთელმა დაისვენოთ, ვიდრე სიტუაცია გაირთულოთ. რადგან, ჯანმრთელ გენიტალიურ ორგანოებში ბარიერი უკვე დაცულია და ის თავისთავად ხელს შეუშლის ახალი ინფექციის შეჭრას ორგანიზმში და დაინფიცირებას. მე ყველას ვაფრთხილებ, რომ, თუ პრობლემა აქვთ, ჯობია, ჯერ მკურნალობის კურსი ჩაიტარონ, ზღვიდან დაბრუნების შემდეგ კი – საკონტროლო გამოკვლევები. დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, ნებისმიერ მიკრობს ძალიან მოსწონს ის ლორწოვანი გარსი, რომელიც ქალს აქვს, და დაინფიცირებაც ადვილად ხდება. ზღვაზე რისკ-ფაქტორები ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე საშინაო პირობებში, ამიტომ მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ. ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ სუფთა წყალი, შეიმშრალეთ ტანი და მშრალი საცურაო კოსტიუმით მიეფიცხეთ მზეს. რაც შეეხება ზღვიდან დაბრუნების შემდეგ ექიმთან კონსულტაციას, თუ, აღინიშნება ჭარბი გამონადენი, ქავილი, გაჩნდა სუნი, წვის შეგრძნება, დაირღვა მენსტრუალური ფუნქცია, ან იგრძენით დისკომფორტი სქესობრივი ცხოვრების დროს, მაშინვე მიაკითხეთ ექიმს. გარდა ამ ნიშნებისა, მე მაინც მიმაჩნია, რომ, სასურველია, ზღვიდან დაბრუნებისთანავე ყველა ქალმა ჩაიტაროს გინეკოლოგიური კვლევა, რადგან უცხო გარემოში, უცხო მიკროფლორით, შესაძლოა, უნებლიე დაინფიცირება მოხდეს. შედეგი კი, შესაძლოა, გვიან გამოვლინდეს და მკურნალობაც დიდხანს გაგრძელდეს, რადგან გინეკოლოგიური ინფექციების დიდ ნაწილს აქვს ფარული და, ასე ვთქვათ, ვერაგი მიმდინარეობა. ასეთებია: უჯრედშიდა ინფექციები – ქლამიდიოზი, ურიაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და ასე შემდეგ. თუ ქალს ტრიხომონია ან ჰონორეა დაემართა, ამას ის მაშინვე, ანუ პირველივე კვირას ან ორ კვირაში გრძნობს. როცა ინკუბაციური პერიოდი გაივლის, ჩნდება ჭარბი გამონადენი, აღინიშნება სპეციფიკური სუნი, ტკივილი შარდვის დროს, დისკომფორტი, წვა და ასე შემდეგ. სხვა პათოლოგიების დროს კი ეს სიმპტომები კლინიკურად არ ვლინდება და ჩუმად აზიანებს ორგანიზმს. ერთ მშვენიერ დღეს კი ქალი აღმოაჩენს, რომ მისი მილები დაზიანებულია, შეხორცებულია და ეს უშვილობის მიზეზი ხდება. მე ბელგიასა და მოსკოვში ვმუშაობდი და, მინდა გითხრათ, იქაური ქალები ამ მხრივ ძალიან მოწესრიგებულები არიან. რომ დავიბარებდით სამი ან ექვსი თვის შემდეგ საკონტროლო კვლევაზე პათოლოგიის მკურნალობის შემდეგ, ერთ თვეში ეწერებოდნენ მიღებაზე. 

– რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ქალმა გინეკოლოგიური გამოკვლევა? 
– სასურველია, გინეკოლოგიური გამოკვლევა ქალმა ჩაიტაროს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, რათა მოხდეს დროული პრევენცია და დიაგნოსტიკა. საქართველოში ძალიან ხშირია საშვილოსნოს ყელის ეროზიები. ამიტომ, საჭიროა, დროულად დადგინდეს, ჭეშმარიტად ეროზიაა, ცრუ ეროზია თუ, უბრალოდ, ანთება ან ჰორმონალური მოშლა. აუცილებელია დიაგნოზის სწორად დასმა, შემდეგ – სწორი მკურნალობა და მკურნალობის კურსის დამთავრება. 

– ზაფხულში, შვებულების დროს, ხშირია შემთხვევითი სექსუალური კონტაქტები. ეს რა საფრთხეს უქმნის ადამიანს? 
– შემთხვევითი კონტაქტი სასურველი არ არის, თუმცა, ამას ვერავის ავუკრძალავთ. ასეთ შემთხვევაში სასურველია, იხმარონ დამცავი საშუალებები, რადგან ამ დროს, გარდა დაინფიცირებისა, იზრდება ასევე დაორსულების რისკიც. არასასურველი ორსულობა კი ქალს პრობლემის წინაშე აყენებს. ასეთი შემთხვევა ბევრია. შემდეგ იკეთებენ აბორტს, ეს კი დიდი ცოდვაა და, გარდა ამისა, ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი ასეთი შემთხვევითი კონტაქტების დროს ინფექციებისა და ორსულობისგან. თუ ადამიანი დაინფიცირდა, ამის გამოვლენა სასწრაფოდ უნდა მოხდეს, სანამ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. რადგან, გარკვეულ პათოლოგიებს საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი აქვს. თუ შემთხვევითი კონტაქტი ჰქონდა ქალს მამაკაცთან, ზღვიდან დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ინფექცია ფარულად მიმდინარეობდეს ორგანიზმში და ამან შემდგომში შესაძლოა, ეგრეთ წოდებული აღმავალი ინფექციაც გამოიწვიოს. კერძოდ, საშოდან გადავიდეს საშოს ყელში, შემდეგ – მილებში, დააზიანოს მთლიანი პერიტუბანული სივრცე და ჩირქგროვაც კი განვითარდეს. ეს იმის მიხედვით ხდება, თუ რომელი ინფექციით დაავადდა სექსის დროს ადამიანი. შესაძლოა, ეს იყოს ქლამიდიოზი, ჰონორეა, ტრიხომონიაზი, სოკოვანი ინფიცირება და ასე შემდეგ. ამ მხრივ, პარტნიორი გამართლებაზეა, ანუ, გააჩნია, რომელი გადამდები ინფექციითაა ის დაავადებული. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია ეგრეთ წოდებული მიქს-ინფექციები. ამ დროს სხვადასხვა ინფექცია ერთადაა შერეული და ხდება ადამიანის ტრიხომონიაზით, ჰონორეით, ქლამიდიოზითა და სოკოვანი დაავადებით ერთდროულად ღრმად ინფიცირება. შესაბამისად, მკურნალობაც შედარებით რთულია, დიდ დროს მოიცავს და ორი-სამი კურსის ჩატარებაც კი არ არის საკმარისი სრული განკურნებისთვის. ამ დროს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დასმულ დიაგნოზს და სწორად ჩატარებულ მკურნალობის კურსს. მინდა გითხრათ, რომ ქალების ვიზიტი გინეკოლოგიურ კაბინეტში განსაკუთრებით მატულობს შემოდგომით, შვებულების დასრულების შემდეგ. ამ დროს მათ გარკვეული დისკომფორტი უჩნდებათ თუნდაც იგივე იმუნიტეტის დაქვეითების, ახალი ინფექციების შეძენის ან იმ ინფექციების გამწვავების გამო, რომელიც მათ დასასვენებლად წასვლის წინ ჰქონდათ და შემდგომ მეტად გართულდა. იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების შემდგომი გართულება და გამწვავება, ჯობია, ექიმ-გინეკოლოგს დროულად მიაკითხოთ და ამით აარიდოთ თავი თუნდაც უშვილობის პრობლემას, რომელიც ამ ბოლო ხანებში საკმაოდ აქტუალური გახდა. ნებისმიერი დისკომფორტის შეგრძნებისას გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ გამოკვლევები. თუ ყოველ ეტაპზე ყველა ინფექცია, პათოლოგია და ჰორმონალური დარღვევა სწორად იქნება განკურნებული და ალაგებული, მერწმუნეთ, კლიმაქტერიული პერიოდი ისე ჩაივლის, რომ ქალი ამას ვერც კი იგრძნობს. 

– ზღვაზე დასვენების შემდეგ ხშირია ცისტიტით დაავადება. ეს ინფიცირებასთან რაიმე კავშირშია? 
– რასაკვირველია, პირდაპირ კავშირშია. ხშირი შარდვა, ცისტიტი, იმის დადასტურებაა, რომ მოხდა ადამიანის ინფიცირება, თუნდაც თავისივე მიკროფლორით. ეს, შესაძლოა, არ იყოს სქესობრივი კონტაქტის მიზეზი და ის გამოიწვიოს საყოფაცხოვრებო პირობებმა, არასწორმა დღის რეჟიმმა, არაწორმა დასვენებამ. ასევე, შესაძლოა, სტრეპტოსტაფილოკოკების გამრავლება და გავრცელება მოხდეს საყოფაცხოვრებო პირობებიდან, ან სექსუალური კონტაქტის შემდეგ მამაკაცმა „დაასაჩუქრა“ ქალი ახალი მიკროფლორით. ხშირი შარდვა ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია. მე როგორც ექიმი, გირჩევთ ქალებს, გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას, რადგან ერთმა დაშვებულმა შეცდომამ და დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე შეცვალოს თქვენი ცხოვრება.