Nuk
ძილის დარღვევა და მისი გამომწვევი მიზეზები

თარიღი: 13 ივლისი, 2020

თანამედროვე მსოფლიოში ძილის დარღვევა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. ეს განსაკუთრებით პანდემიის დროს გამწვავდა, როდესაც ჩვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა. უძილობა უდიდეს ზიანს აყენებს ორგანიზმს, ამიტომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მისი სწორი დიაგნოსტიკა და სათანადო ზომების მიღება. გვესაუბრება აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, ქალბატონი ქეთევან უგულავა, ამასთან ძილთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა და მათთან გასამკლავებლად საინტერესო რეკომენდაციებიც გასცა.

„ძილის დაავადებები და პაციენტთა ჩივილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ძილის ჰეტეროგენული დაავადებები 6 ძირითად ჯგუფად იყოფა. ყველასათვის კარგად ნაცნობი ინსომნია კი ერთ-ერთი მათგანია. ინსომნიის დიაგნოზი ისმევა არა მხოლოდ პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე (უჭირს ჩაძინება, სძინავს მცირე დროით, ვერ იძინებს, აქვს მოუსვენრობა), არამედ მის გარშემო არსებული გარემოს გათვალისწინებით.

თუ ადამიანი იმიტომ ვერ იძინებს რომ ქუჩიდან შემოსული ხმა, მეზობლის ხმაური ან სხვა მსგავსი გარემოებები აწუხებს ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ადექვატური გარემო. ხოლო, თუ ადამიანს არ აწუხებს ხმაური და მშვიდი გარემოს მიუხედავად დაძინების პრობლემა აქვს, უკვე შესაძლებელია ინსომნიის დიაზნოზის დასმა.

ინსომნიის დროს უძილობა გავლენას ახდენს მეორე დღეს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე: აღენიშნება კონცენტრაციის დაქვეითება, სისუსტე, მოდუნება… ინსომნიის დიაგნოზის დასმამდე აუცილებელია ცხოვრების რეჟიმის განსაზღვრა და იმის გარკვევა, თუ როგორ სძინავს ადამიანს, ვარჯიშობს თუ არა და რა ინტენსივობით, რა რაოდენობით იღებს სითხეს, დღის რომელ მონაკვეთში უყურებს ფილმს (და როგორი სიუჟეტის ფილმს), რა მედიკამენტებს იღებს, აქვს თუ არა გულ-სისხლძარღვთა დაავადება, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და სხვა.

თუ ძილის პრობლემები 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, საქმე გვაქვს ქრონიკულ ძილის პრობლემებთან. უძილობას იწვევს დეპრესია და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ასევე მედიკამენტები (მაგალითად, ამოსახველებელი მედიკამენტები, სტიმულატორები, ანტიდეპრესანტები).  არსებობს ძილის ისეთი დაავადებაც, რომლის დროსაც ადამიანი გაუცნობიერებლად, ძილის დროს აჩერებს სუნთქვას. ამას ობსტრუქციული აპნია ეწოდება.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც უძილობის გამომწვევ მიზეზებზე შეიძლება მიგვანიშნებდეს:
- თუ ადამიანს უჭირს ჩაძინება, ეს ნიშნავს, რომ შფოთვითი აშლილობა აქვს
- თუ მარტივად იძინებს და შემდგომ ეღვიძება, შესაძლოა საქმე გვქონდეს რაიმე კონკრეტულ დაავადებასთან
- თუ ადამიანს ადრე ეღვიძება, შესაძლოა ამის მიზეზი დეპრესია იყოს

უძილობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ცირკადული რითმის დარღვევაა. ეს არის ადამიანის ბიოლოგიური, 24 საათიანი ციკლი, როდესაც ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა, მისი ტემპერატურა და ჰორმონების რაოდენობა იცვლება. ხშირად, პრობლემა მაშინ იჩენს თავს, თუ ადამიანს ხშირად უწევს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრენა ან ღამის ცვლაში უწევს მუშაობა. ასეთ დროს, ძალიან რთულია ძილის დაბალანსება.

ჯანმრთელ ძილზე გავლენას ახდენს ისეთი ფატორებიც, როგორიც არის ფარისებრი ჯირკვლის მოწესრიგება, ზედმეტი წონის დაკლება და სახსრების დაავადებების მართვა. ძილის დროს ტკივილის მიზეზით გაღვიძება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ძვლების დაავადებასთან. მაგალითად, ოსტეოქონდროზის დროს, პირველ რიგში საჭიროა პრობლემის სწორი დიაგნოსტიკა და ტკივილის მოწესრიგება. უძილობის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი წონა. ჭარბ წონიან ადამიანებს ობსტრუქციული აპნია ახასიათებთ და ამიტომ, რეკომენდებულია წონის კლება. ძილზე უარყოფით გავლენას ახდენს კლიმაქტერული პერიოდიც. ამ დროს მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები და ქალბატონებს ღამე კრთომები, ემოციურობა, ციკლის შეწყვეტა აწუხებთ ხოლმე, რაც ინსომნიას იწვევს. ძილის დარღვევის კიდევ ერთი მიზეზია ჩიყვი და მასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები. როგორც წესი, ჰიპოთირეოზის დროს პაციენტს დიდი ძილიანობა აღენიშნება, ხოლო ჰიპერთირეოზის დროს პირიქით, ნაკლებ ძილიანობა. შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგება პასუხს აგებს ჯანმრთელ ძილზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ საწოლში არ წავიკითხოთ წიგნი და არ დავკავდეთ სხვა საქმით, რადგან ეს ქმედებები იწვევს გამოფხიზლებას და ძილის დარღვევას. რეკომენდებულია, რომ  ლოგინი მხოლოდ ძილისთვის და ინტიმური ურთიერთობებისთვის გამოვიყენოთ. ძილის რეჟიმზე გავლენას ახდენს ისეთი გარემოებებიც, როგორიც არის ოთახის ტემპერატურა და კომფორტული საწოლი.“

წყარო: http://beautymagazine.ge