Nuk
ახალი კორონავირუსი ჩინეთში
ახალი კორონავირუსი ჩინეთში


თარიღი: 21/01/2020

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წელს 9 იანვარის გამოქვეყნდა განცხადება ჩინეთში პნევმონიის შემთხვევებთან დაკავშირებით. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის (58 მილიონი მოსახლეობით) დედაქლაქ ვუჰანში (19 მილიონი მოსახლეობით) დაფიქსირებულ უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევათა კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი გახდა ახალი კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში. ჩინელმა მკვლევარებმა მოახდინეს ვირუსის სექვენირება და მისი იზოლაცია ერთი პაციენტის დადებითი ნიმუშიდან.

დაავადებულთა სამუშაო პირობების, ადგილმდებარეობის და სიმპტომების გვარობამ - მიუთითა კორონავირუსზე (CoV), როგორც კლასტერში დაავადების ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევზე. ოფიციალურ წარმომადგენელთა განაცხადებით, ლაბორატორიული ტესტები გამორიცხავდა SARS-CoV, MERS-CoV, გრიპის, ფრინველის გრიპის, ადენოვირუსის და სხვა რესპირატორული პათოგენების გამოვლენას.

გლობალურად, ახალი კორონავირუსის აღმოცენება პერიოდულად იჩენს თავს. მაგალითად, 2002 წელს SARS, 2012 წელს კი MERS. რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მონიტორინგს პარტნიორებთან ერთად, ასევე მზადაა ტექნიკური დახმარება გაუწიოს ჩინეთს ეპიდაფეთქებაზე რეაგირებასა და კვლევაში.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (ECDC) ცენტრის ინფორმაცია

შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე (პეკინი, გუანდუნი),  ასევე ტაილანდსა, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ყველა აღნიშნული შემთხვევა დაკავშირებული იყო ვუჰანში მოგზაურობასთან.

ვუჰანიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება ევროპის 3 აეროპორტში, ხოლო არაპირდაპირი რეისები ევროპის სხვადასხვა ადგილებში. ევროკავშირში ვირუსის შემოტანის ალბათობა დაბალია.

20 იანვრის ინფორმაციით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 205 შემთხვევა აქედან 3 დასრულდა ლეტალურად.

რისკის შეფასება

ევროკავშირში ვირუსის შემოტანის ალბათობა დაბალია, თუმცა შემოტანის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მკაცრი ზომები (IPC).

ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ამ დროისთვის არ არის დადასტურებული, შემდგომი გავრცელების სავარაუდო ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ რისკი არ არის გამორიცხული.

არ არსებობს კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებები ფრენის დროს 2019-nCoV გადაცემის რისკის შესაფასებლად. საჭიროა ჩატარდეს კონტაქტების კვლევა შემთხვევევბის საფუძველზე.

რა არის კორონავირუსი?

კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებადმძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV. ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი არის ახალი შტამი, რომელიც ადრე არ იყო გამოვლენილი ადამიანებში.

კორონავირუსი არის ზოონოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV- ის გადაცემა ადამიანზე მოხდა კატისებრებიდან ხოლო MERS-CoV-ის შინაური აქლემისგან. რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან?

სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

· რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;

· ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;

· თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან ან გარეულ ცხოველებთან;

· რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;

· სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში