Nuk
დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიაში მონაწილეობს
დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიაში მონაწილეობს

მინისტრი სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებშიც ჩაერთვება. სესია, დღის წესრიგის თანახმად, ექვსდღიანია და 27 იანვარს დასრულდება
თარიღი: 22/01/2018

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე  აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიაში მონაწილეობს. საბჭო სამუშაო პროგრამით განსაზღვრულ საკითხებს, მათ შორის, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ 2019-2023 წლების   სამუშაო პროექტს განიხილავს. 

სესიის პირველ სამუშაო დღეს, დავით სერგეენკომ აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით, ორგანიზაციის ახლად არჩეულ დირექტორთან, დოქტორ ტედროს გებრიესუსთან  გამართულ ინტერაქციულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას მიაპყრო.  

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ  საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმისთვის, რამდენადაც იგი წარმოადგენს არა ფუფუნების საშუალებას, არამედ პირდაპირ ინვესტიციას ქვეყნების ეკონომიკისა და უსაფრთხო მსოფლიოსათვის. მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული სკითხის ხელშეწყობა ჩვენს ვალდებულებად ვაქციოთ და ნებისმიერი პლატფორმიდან - იქნება ეს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა, ტექნიკური თუ  პირდაპირი კომუნიკაცია - დაუღალავად ვიმუშაოთ. დამეთანხმებით, რომ ჯანდაცვაში  პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მნიშვენლოვანია და გლობალური ჯანმრთელობის მთავარი ნაწილია. აქედან გამომდინარე, უნდა განვამტკიცოთ კონცეფცია, რომ ჯანდაცვაზე მიწვდომადობა არ არის პრივილეგია, არამედ იგი ადამიანის უფლებაა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ პოლიტიკური პლატფორმის შექმნისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს, აღვნიშნოთ ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობის მნიშვნელობა და შევძლოთ მისი ხელშეწყობა,“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრი სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებშიც ჩაერთვება. სესია, დღის წესრიგის თანახმად, ექვსდღიანია და 27 იანვარს დასრულდება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრის რანგში უფლებამოსილების განხორციელებას  2017 წელს შეუდგა. აღნიშნული საბჭო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოა და ის 34 წევრი სახელმწიფოსგან  შედგება.