Nuk
სილვიუ დომენტე - ჯანდაცვის სამინისტრომ არსებული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები
სილვიუ დომენტე - ჯანდაცვის სამინისტრომ არსებული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები


თარიღი: 22/06/2020

სილვიუ დომენტე - ჯანდაცვის სამინისტრომ არსებული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები

ჯანდაცვის სამინისტრომ არსებული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა. სილვიუ დომენტესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ეპიდვითარების შესახებ ისაუბრეს და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

საქართველომ არსებულ კრიზისს ძალიან კარგად გაართვა თავი, რაც ჩვენმა რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემაც აღნიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის პერიოდში მოსახლეობას არ შეეზღუდოს სამედიცინო სერვისებზე წვდომა, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვა, ვაქცინაცია, ტუბერკულოზის კონტროლი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები და ამ რთულ პერიოდშიც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ სერვისებზე“- აღნიშნა სილვიუ დომენტემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამინსიტროს ვიდეოკონფერენციის აპარატურა გადასცა, ტექნიკური აღჭურვილობა ასევე 7 კოვიდ  საავადმყოფოსაც გადაეცემა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგებს ჩაატარებს. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვიდეოკონფერენციის მოწყობილობის საშუალებით (55 დიუმიანი ტელევიზორი, ლეპტოპი, მაღალი რეზოლუციის ვებ კამერები და შესაბამისი აქსესუარები) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საავადმყოფოების პერსონალს ვირტუალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ. ონლაინ ტრენინგები უახლოეს თვეებში გაიმართება და  სამედიცინო პერსონალი, COVID-19-ის მიმართულებით, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებზე, ასევე კლინიკურ მენეჯმენტში უახლეს მითითებებს მიიღებენ.  დამატებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ კლინიკებს სადეზინფექციო საშუალებებითაც მოამარაგებს.

უახლოეს მომავალში, სამინისტრო და შერჩეული საავადმყოფოები,  ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, COVID-19 ტესტირებისთვის საჭირო 25000 PCR ნაკრებს  მიიღებენ.

”ჯანმო საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს და ქვეყანას ჯანმრთელობის სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პოლიტიკის შემუშავებაში ეხმარება.  COVID-19 პანდემიის დროს, ჯანმო მთავრობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში, რისკების დადგენაში, შემცირებასა და მართვაში, სახელმძღვანელო მითითებების და რეკომენდაციების ეროვნულ კონტექსტში ადაპტირებაში, ჯანმრთელობის აუცილებელი სერვისების განხორციელებაში, ასევე საჭირო აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის შეძენაში უწყობს ხელს“, - ამბობს სილვიუ დომენტე და იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზაციის წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ტრენინგები კლინიკური მენეჯმენტის, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის, პერსონალური დამცავი მოწყობილობებისა და სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ, ხელს შეუწყობს სამედიცინო დაწესებულებების ეფექტურობას.

ტექნიკური დახმარებით ასევე ისარგებლებს სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი, შვიდი სამედიცინო დაწესებულება: ინფექციური დაავადებების, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრი (თბილისი), ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი), პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი), სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი ( ბათუმი), ტუბერკულოზი და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი), სამხედრო ჰოსპიტალი გორში (გორი) და რუხის საავადმყოფო (რუხი).

აღნიშნული სამედიცინო დახმარების გაწევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. ამერიკის მთავრობამ კორონა ვირუსის პანდემიას საქართველოში სწრაფი რეაგირებით უპასუხა და მხარდაჭერისთვის დამატებითი თანხები გამოყო. ეს ახალი დაფინანსება მოხმარდება ლაბორატორიული სისტემების აღჭურვას, ვირუსის ადრეულ ეტაპზე დადგენისთვის საჭირო ღონისძიებებს, ფაქტებზე დაფუძნებულ  კონტროლს, ტექნიკური  ექსპერტების გადამზადებას და რისკებთან დაკავშირებული კომუნიკაციების გაძლიერებას. საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.