კანონი ”თამბაქოს კონტროლის შესახებ”
კანონი ”თამბაქოს კონტროლის შესახებ”

2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში
თარიღი: 17/05/2017

85 ხმით, ერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტი  მესამე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს.

 

საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების – პიქტოგრამების დატანა ხდება სავალდებულო.

 

2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა.

 

მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, სადაც დაუშვებელი იქნება ყველა სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა, რათა სიგარ-ბარი კაფე-ბარად არ ტრანსფორმირდეს. ამასთან, სიგარ-ბარის გასახსნელად საჭირო იქნება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება, რასთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

 

2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. ამავე პერიოდიდან ისეთი ფილმების გაშვების წინ, სადაც სიგარეტის მოწევის კადრებია, სავალდებულო იქნება ანტითამბაქოს რეკლამის გაშვებაც.

 

სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. ასევე იკრძალება ე.წ. დრაივ-თამბაქო.

 

2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს ნაწარმი არა გამჭვირვალე ბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება.