Nuk
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი მიღება პარლამენტში
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი მიღება პარლამენტში

2017 წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნა „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღე და გამართა მიღება.
თარიღი: 30/05/2017

2017 წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნა „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღე და გამართა მიღება.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტის, დაავადებათა კონტროლისა დ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა ა.წ. 17 მაისს დაასრულა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა და მე-3 მოსმენით მიიღო გამკაცრებული რეგულაციები. ამ ცვლილებების განხორციელებით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე ეფექტიანი რეგულაციები აქვს; ცვლილებების მიზანი არათუ მწეველების შევიწროება, არამედ მათი, ისევე როგორც არამწეველთა ჯანმრთელობის დაცვაა.

ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს ეპიდემიის მაღალი მაჩვენებელია: აქტიური მწეველი - 33%-ია, პასიური მწეველი - 39%, ხოლო მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. სავალალოა, რომ საქართველო თამბაქოს ეპიდემიის მხრივ (მოიცავს ორივე სქესს), მსოფლიოში მე-12 ადგილზე, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა; რაც ყველაზე საგანგაშოა, კვლევებით დასტურდება, რომ სკოლებში მე-10 კლასელებიდან ყოველი მერვე (12%) რეგულარული მწეველია, ყოველ მეორეს გაუსიჯავს თამბაქო, ხოლო ყოველ მეხუთეს (19%) გაუსიჯნავს ელექტრონული სიგარეტი. კიდევ უფრო საგანგაშო ის ფაქტია, რომ დინამიკა მზარდია გოგონების ხარჯზე; დღეს ჩვენს ქვეყანაში რეგულარული მწეველობის დაწყების ასაკი 13 წელია. მწეველობის ტვირთი საგანგაშოა ამგვარი, მცირეშემოსავლიანი ქვეყნისათვის; ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით - 70 000 ადამიანი ავადდება და გარდაცვლილთა რაოდენობა - 11 000-ს შეადგენს. აქედან 300-მდე ბავშვია.

განუზომელია თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ზარალი ქვეყნისთვის. ყოველწლიურად ქვეყანა 200 მლნ ლარს ხარჯავს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, რასაც ემატება სხვა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, დაავადებათა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გაღებული ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ხარჯების ნაწილი და აგრეთვე პირდაპირი არასაბიუჯეტო ხარჯი, დაავადებათა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე პაციენტთა ჯიბიდან გადახდილი თანხა; ჯამურად პირდაპირი ზარალი წლიურად 1 მლრდ ლარია.

ეფექტიანი საკანონმდებლო რეფორმის შედეგად საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და საბოლოოდ კი ქვეყნის მოსახლეობა თამბაქოს მოხმარების შემცირებით მოკლევადიანი პერიოდში მიიღებს ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვან ბენეფიტს - მოსალოდნელია გულის შეტევებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირება (36%-მდე), მწეველობის შემცირება წლიურად 1 %-მდე და პასიური მწეველობის შემცირება წლიურად 15%-მდე.

ქართული საკანონმდებლო რეფორმა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ 20 ეფექტიანი საკანონმდებლო ღონისძიებებიდან 11 ღონისძიებას მოიცავს, რაც აღნიშნულ ცვლილებებს შთამბეჭდავს ხდის. მოწევის აკრძალვა ყველა საზოგადოებრივ შენობასა და ტრანსპორტში, რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა, კოლოფებზე პიქტოგრამების დატანა და მისი ფართობის გაზრდა, ელექტრონული სიგარეტების და დასატენი კონტეინერების რეგულირება, სტანდარტიზებული შეფუთვა, ადმინისტრირების მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის დადგენა და სხვა მნიშვნელოვანი შეზღუდვები არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით.

ამგვარად ცხოვრობს განვითარებული, ცივილიზებული მსოფლიო, ამგვარად უნდა ვიცხოვროთ ჩვენც!

ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და გერმანიაში ჩატარებულმა 26 კვლევამ დაადასტურა თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის ეფექტიანობა. ამ კვლევებმა უჩვენა, რომ მოწევის აკრძალვა სამუშაო ადგილებზე იწვევს მწეველ თანამშრომლებში მწეველთა რაოდენობის შემცირებას 3,8-%-ით; ხოლო იმათში, ვინც აგრძელებს მოწევას სიგარეტის დღიური რაოდენობის შემცირებას - 3.1 ღერით; 

რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიის ხელში მოზარდებსა და ახალგაზრდებზე მიმართულ ერთ–ერთი ძლიერ იარაღს – თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციას და რეკლამირებას: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას საშუალოდ 7%-ით, ზოგიერთ ქვეყანაში კი - 16-%-ით.

მართალია, ცივილიზებული სამყარო აქტიურად ებრძვის თამბაქოს, თუმცა ჯერაც არ არსებობს კანონი, რომელიც შეზღუდავს თამბაქოს კომპანიებს თავიანთი ნაწარმის გაყიდვაში მსოფლიოს გარშემო: სიგარეტი მზადდება, რეკლამირდება, იყიდება და დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, თამბაქოს კონტროლის საკითხებში წარმატებული ქვეყნების მაგალითები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოში 2017 წლიდან დაწყებული პროცესი რეალურად ქმედითია და დაიცავს არამხოლოდ არამწეველების, არამედ მწეველი ადამიანების ჯანმრთელობას, მოახდენს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების დაწყების პრევენციას და ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ზიანის შემცირებას.