Nuk
ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის  მემორანდუმი გაფორმდა
ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის  მემორანდუმი გაფორმდა


თარიღი: 27/05/2021

ქვეყანაში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის მიზანი ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე საინჟინრო უზრუნველყოფაა გარდა ამისა მოხდება ქართველი სპეციალისტების გადამზადება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტრანსპლანტაციის ეროვნული საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება.

მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ტრანსპლანტაციის მიმართულებით მუშაობის გაქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია. სწრაფად ვითარდება ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სერვისები. თუმცა ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. დღევანდელი შეხვედრა და მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა თურქეთის ტრანსპლანტოლოგთა საზოგაოდებასთან და ინიციატივა, რომელიც შესრულდება თურქეთის ტექნიკური კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით მიმართულია ქართველი პროფესიონალების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ, ასევე ტრენინგების ჩატარებისკენ და ზოგადად ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

ოთხმხრივი მემორანდუმი  ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა.  პროექტი TIKA-ს დაფინანსებით ხორციელდება.