Nuk
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება.

3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასაკით პენსიონერებიც ჩაერთვებიან
თარიღი: 06/09/2018

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება.

 

3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და ასაკით პენსიონერებიც ჩაერთვებიან. აღნიშნულ ჯგუფები ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო (23 დასახელების) მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლებით შეიძენენ.

„პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის მაისში დაიწყო, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდა. მათ ქრონიკულ დაავადებებების სამკურნალო მედიკამენტზე, კერძოდ 23 დასახელებაზე, მოეხსნა ფინანსური ბარიერი და მიეცათ შესაძლებლობა თვეში მაქსიმუმ 1 ლარად შეიძინონ აღნიშნული მედიკამენტები. მეორე ეტაპი კი წელს, აგვისტოს თვეში დაიწყო, როდესაც დიაბეტის მეორე ტიპის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის განახევრდა. 3 სექტემბრიდან კი საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შშმ პირთა დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე განახევრდება, ან გახდება მესამედი“ - დავით სერგეენკო.

ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული), ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.

ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PშP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

 

I.        ვინ ერთვება პროგრამაში?

ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით, ასაკით პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

•გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

•ფილტვის ქრონიკული დაავადებები

•ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

•დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

 

II.        რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტის მისაღებად?

 

•ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი  უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ    დოზას.

•ექიმი წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება.

•ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში.

•სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PშP-ს შესაბამის აფთიაქს.

•ბენეფიციარს შუძლია ერთჯერადად მიიღიოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა.

•ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც.

•აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

•მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე (სოციალურად დაუცველებისთვის).

 

III.        დამატებითი ინფორმაცია

 

•მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში

 

•თუ მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღეატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტის მიღებას.

 

დაწვრილებით: http://www.moh.gov.ge/ka/554/