ახალშობილთა სმენის სკრინინგი
ახალშობილთა სმენის სკრინინგი

სამშობიაროები ვალდებულნი იქნებიან ახალშობილთა სმენის სკრინინგი უფასოდ ჩაატარონ
თარიღი: 15/11/2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელი თითოეული დაწესებულება ვალდებული იქნება, ახალშობილთა სმენის სკრინინგი განახორციელოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამების განხორციელება 2007 წელს თბილისიდან დაიწყო. თუმცა დღეისათვის, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ თბილისში დაბადებული ახალშობილების სმენის სკრინინგულ კვლევებს ფარავს; აჭარის ჯანმრთელობის სამინისტროს და ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამით კი მოცულია აჭარის რეგიონში დაბადებული ახალშობილების სკრინინგი, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები უზრუნველყოფენ იმერეთის (ქუთაისი), სამეგრელოს (ზუგდიდი) და გურიის რეგიონებში დაბადებული ახალშობილების სმენის სკრინინგს. 

„როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული სისტემა ვერ იქნება ეფექტური, თუ ახალშობილთა სმენის სკრინინგი ქვეყნის მთელი მასშტაბით დაბადებული თითოეული ბავშვისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1-ელი მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელი თითოეული დაწესებულება ვალდებული იქნება განახორციელოს ახალშობილთა სმენის სკრინინგი“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. 

ამ საკითხზე დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენის“ ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცის თემაა „ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი საქართველოში“. კონფერენციაზე განიხილება ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგის დანერგვის პროცესში მოსალოდნელი გამოწვევები და ამ მხრივ არსებული საერთაშორისო გამოცდილება. 
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელები და დარგის საერთაშორისო ექსპერტები. 

პროექტს „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენ“, “სთეფ ფორვარდ“-თან, “თანაზიარსა” და “თაირის”-თან ერთად. პროექტის ასოცირებულ პარტნიორებს კი წარმოადგენენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი და ლენჰარდტის ფონდი.