Nuk
ტამიფლუ და გადაუდებელი ამბულატორია სრულად დაფინანსდება
ტამიფლუ და გადაუდებელი ამბულატორია სრულად დაფინანსდება


თარიღი: 11/01/2019

ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.

ანტივირუსული მედიკამენტი ხვალიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა #100-ის წარდგენის შემდეგ, სრულიად უფასოდ მიიღებს. ამ დრომდე, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველებზე გაიცემოდა.

ხვალიდანვე საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა. ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.