Nuk
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის

ექსპერტიზის მიზანს შახტაში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა და შესაბამისი ობიექტების უსაფრთხოების შესწავლა წარმოადგენს
თარიღი: 07/09/2018

ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის. გადაწყვეტილება სამმხრივი კომისიის სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღეს. შერჩევის კრიტერიუმები წინასწარ განსაზღვრული, ტექნიკური რეგლამენტით იყო გაწერილი.

140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია 5 კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს. ორგანიზაციას ამ დარგში აკრედიტებული  საერთაშორისო  დონის  75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს.

ექსპერტიზის მიზანს შახტაში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა  და შესაბამისი  ობიექტების უსაფრთხოების  შესწავლა წარმოადგენს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კომპანიასთან გასაფორმებელ კონტრაქტზე მუშაობა დღესვე დაიწყება. მათი დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდება რამდენად შესაძლებელია ობიექტზე, სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების პირობების დანერგვა და რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის ეს დაკავშირებული.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ის  დაახლოებით 50 000 ევროს შეადგენს.

სხდომას  სამმხრივი  კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელგუჯა მელაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდნენ.