Nuk
კურორტი ცემი


ცემი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ტბის თემში). მდებარეობს მდინარე ბაკურიანისწყლის (მტკვრის აუზი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ბორჯომიდან 17 კილომეტრი.


ცემი კლიმატური კურორტია. შედის ბორჯომის კურორტების ჯგუფში. იცის ზომიერად რბილი, თოვლიანი ზამთარი. მზის ნათების ხანგრძლივობაა 2200 საათი. ნალექების რაოდენობაა 550 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია ჰავა. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი.

 

საკურორტო ზონის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბორჯომის ხეობის მდიდარი მცენარეული საფარი. ხეობის 2/3 დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, სადაც მცენარეთა 1600-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. უმთავრესად წარმოდგენილია წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი და სოჭი), ფოთლოვანი (წიფელი, ნეკერჩხალი, მუხა და არყის ხე) და შერეული ტყეები. ზ.დ. 2100-2200 მ-ზე ტყეებს ცვლის სუბალპური მდელოები, რომლებიც სათიბ-საძოვრად გამოიყენება.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.

მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა, ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.

 

რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

 

მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.