საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
პიო ბაქტერიოფაგი სპრეი
Pyo Bacteriophagum Spray
აღწერილობა
სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება
პრეპარატის 1 მლ შეიცავს ბაქტერიების: Streptococcus, Staphylococcus, E.Coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს თითოეული ფაგის ტიტრი რაოდენობით არანაკლებ – 1X105;
ფარმაცევტული ფორმა
სპრეი, 20 მლ სტერილური ხსნარი ადგილობრივ და გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სპეციფიკური ანტიბაქტერიული პრეპარატი.
ათქ კოდი: J01XX.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბაქტერიოფაგი ბაქტერიის სპეციფიკური ვირუსია, რომელიც ადსორბირდება ჰომოლოგიური ბაქტერიის უჯრედის მემბრანაზე, არღვევს მის მთლიანობას, აღწევს უჯრედის შიგნით, მრავლდება და იწვევს მის ლიზისს.
ფაგიო® სპრეი -ს შემადგენლობაში არის ბაქტერიების (Streptococcus, Staphylococcus, E.Coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus) სელექცირებული, მხოლოდ ვირულენტური ფაგები, რაც განაპირობებს პრეპარატის გარანტირებულ მაღალ აქტივობას და ეფექტურობას. ორგანიზმში შეყვანის გზის მიუხედავად, ბაქტერიოფაგის პრეპარატები სწრაფად შეიწოვება სისხლსა და ლიმფაში და ადვილად აღწევს დაავადების კერამდე. გამოიყოფა ორგანიზმიდან: ძირითადი ნაწილი თირკმელების საშუალებით, ახდენს რა საშარდე გზების სანირებას, დანარჩენი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
თერაპიული ჩვენებები:
ფაგიო® სპრეი-ს გამოიყენება ბაქტერიებით (Streptococcus, Staphylococcus, E.Coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus) გამოწვეული ჩირქოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში.
პრეპარატი გამოიყენება:
ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის მკურნალობისათვის.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს: გლოსიტის, გინგივიტის, სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
დაჩირქებული ჭრილობების, დამწვრობების, აბსცესების, ფლეგმონების, ფურუნკულების, კარბუნკულების, პანარიციუმების მკურნალობისათვის.
ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს (ომფალიტები, პიოდერმია)
ბაქტერიებით: Streptococcus, Staphylococcus, E.Coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus –ით გამოწვეული სხვა დაავადებების დროს.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება:
პირის ღრუს სხვადასხვა მანიპულაციების, ოპერაციების შემდეგ (პერიოდონტალური პროცედურები, კბილის ექსტრაქცია და სხვა).
ახალი ჭრილობების დასამუშავებლად, როგორც სტაციონარულ, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში;
ქირურგიაში მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს ჩირქოვანი გართულებების პრევენციისთვის;
მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების ჩირქოვანი გართულებების პრევენციის მიზნით;
უკუჩვენებები:
პრეპარატის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის გამოყენებისას მოწოდებული არ არის.
ხმარების წინ პრეპარატიანი ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. ფლაკონის შიგთავსი უნდა იყოს გამჭვირვალე და არ შეიცავდეს ნალექს.
შემღვრეულ მდგომარეობაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
პრეპარატის ხმარების შემდეგ ფლაკონი მასში დარჩენილი სითხით ინახება მაცივარში.
დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა!
პრეპარატი გახსნის შემდეგ (პირველი გაფრქვევიდან) ინახება 20 დღის განმავლობაში 2°С - 8°С ტემპერატურაზე.
დასაშვებია პრეპარატის ჩაყლაპვა პირის ღრუს ლორწოვანის დამუშავებისას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომპლექსურ მკურნალობაში, მათ შორის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად (ანტიბიოტიკები).
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე:
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
მიღების წესი და დოზირება:
ფაგოთერაპიის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენებისას დაავადების ადრეულ ეტაპზე და უშუალოდ ინფექციის კერაზე ზემოქმედების შემთხვევაში.
ორალური (პირის ღრუ და ხახა) გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა მოხდე ჭამამდე ნახევარისაათით ადრე ან ჭამის შემდეგ, თერაპიული ეფექტის მისაღებად.
ბავშვებში 6 წლის ქვემოთ - 5 შესხურება, 2-4 საათის ინტერვალით, 4-5 – ჯერ დღეში.
6 –დან 12 –წლამდე - 8 შესხურება 2-4 საათის ინტერვალით, 4-5 – ჯერ დღეში.
მოზრდილებში და ხანდაზმულებში - 8-10 შესხურება 2-4 საათის ინტერვალით, 4-5 – ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე.
გარეგანი გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის დოზა (შესხურების ოდენობა) განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით ექიმის მიერ.
შენიშვნა:
თუ ჭრილობისა და/ან ღრუს დასამუშავებლად გამოიყენებოდა ქიმიური ანტისეპტიკური საშუალებები, პრეპარატის გამოყენებამდე დამუშავებიდან გასული უნდა იყოს 3 საათი ან შესაბამისი ადგილები უნდა დამუშავდეს სტერილური 0,9% ფიზიოლოგიური ხსნარით.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები ბაქტერიოფაგის პრეპარატების დოზის გადაჭარბების შედეგების შესახებ ცნობილი არ არის.
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატი არატოქსიურია, მონაცემები მისი გამოყენების შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების ან ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენის შესახებ გამოვლენილი არ არის.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
20 მლ –იანი შუშის ფლაკონი შევსებულია სითხით და თავდახურულია ჰერმეტული მექანიკური გამფრქვევით, რომელზეც თავის მხრივ მოთავსებულია გამჭვირვალე სახურავი. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ცალი 20 მლ-იანი შუშის ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები:
ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას 2°С - 25°С °ტემპერატურაზე.
ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის დახურული ტრანსპორტით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურულ რეჟიმის შენარჩუნებას ტრანსპორტირების მთელ პერიოდში.
ვარგისობის ვადა:
სათანადო პირობების დაცვით პრეპარატი ვარგისია 2 წელი შეფუთვაზე მითითებული დამზადების თარიღიდან.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.