Nutricia
2-დან 3 წლამდე კრიზისული ასაკია და ბავშვის ისტერიკაც საგანგაშო არაა

თარიღი: 25 ივლისი, 2020

როგორი უნდა იყოს „რთულად აღსაზრდელი ბავშვის“ გარემო, რატომ იწყებენ ბავშვები ჭირვეულობას, როგორ უნდა მართოს მშობელმა ბავშვთა ისტერიკა და არის თუ არა რეკომენდირებული ასეთ დროს დამამშვიდებელი მედიკამენტების გამოყენება. ამ და სხვა საინტერესო თემებზე კლინიკა „მზიური მედის“ ბავშვთა ნევროლოგმა, მედიცინის დოქტორმა გვანცა არველაძემ ისაუბრა.

 

– ქალბატონო გვანცა, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მინდა საუბარი დავიწყოთ კითხვით ჭირვეული ბავშვების შესახებ. როდესაც  ჩვენ, მშობლები, ვხედავთ რომ ბავშვის ქცევასთან გამკლავება რთულია, მას რთულად აღსაზრდელს ვეძახით. მაინტერესებს, ნევროლოგები თუ იყენებთ ამ ფრაზას და ზოგადად, რას ნიშნავს ეს ცნება ?
მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ეს პრობლემა მშობლებისათვის ნამდვილად აქტუალურია. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ტერმინს, ჩვენ, ნევროლოგები მას არ ვიყენებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არ არსებობენ რთულად აღსაზრდელი ბავშვები, უბრალოდ არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებს ქცევის სხვადასხვა სახის გამოვლინების სირთულეს. თუმცა ამ შემთხვევაში მათი ქცევა და ასოციალური დამოკიდებულება შეიძლება განპირობებული იყოს უამრავი მიზეზით, რომელთა შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ დღეს.

 

-ჩემი დაკვირვებით, ამ თემას მშობლები ორმხრივად უდგებიან. ერთის მხრივ, ისინი ან მალავენ ამ პრობლემას და ცდილობენ ბავშვი მოარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რომ ამის შესახებ შემდეგ მეგობარმა, მეზობელმა ან ნათესავმა რამე არ თქვას, ან ზედმეტად ფრთხილობენ, რაც კარგია, რადგან დროული რეაგირება აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი ერთი წლის ასაკამდე ნორმალურად ვითარდება, სხვადასხვა სახის პრობლემები კი, იქნება ეს კვებასთან დაკავშირებული თუ ქცევითი, შემდეგ იჩენს თავს. არის თუ არა ეს იმის ბრალი, რომ ჩვენ რაიმე შეგვეშალა აღზრდის ნაწილში პირველი წლის განმავლობაში?
მე ასე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე შეგვეშალა აღზრდაში. მოდით, ჯერ განვმარტავ, რა არის ბავშვთა ისტერიული რეაქცია. ეს არის ბავშვის დაუმორჩილებლობა, უარყოფითი ემოციის გამოხატვა და განსაკუთრებით ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს უნდა თავისი სურვილი და მოთხოვნილება დაამკვიდროს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის სწორი დამოკიდებულება და იმ ასაკობრივი თავისებურებების განსაზღვრა, რომელიც ახასიათებს და მიყვება ბავშვთა ასაკს. ძალიან ხშირად ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი დამოკიდებულება მშობლის მხრიდან, რაც შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ მშობელი არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესს და არ იცის, რა უნდა მის შვილს. ამ რეაქციის გამოხატვის გზები საკმაოდ ძნელი საყურებელია, რადგან ამ დროს ბავშვები ტირიან, წვანან იატაკზე, ხმაურობენ, იქნევენ ხელ-ფეხს და ხშირად ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი მაღაზიაშია და უნდა რამე უყიდონ. დედა ან მამა ამ დროს უშვებს ძალიან დიდ შეცდომას და ცდილობს, სურვილი შეუსრულოს, რადგან საზოგადოებაში არ უნდათ ეს ყველაფერი ცუდად გამოჩნდეს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც არასწორი საქციელია. განსაკუთრებით ხშირად მსგავს რაღაცეებს ადგილი აქვს 2-3 წლის ასაკში, რადგან როგორც მოგეხსენებათ, 3 წლის ასაკი არის „საკუთარი მეს“ დამკვიდრების პერიოდი, ბავშვი აცნობიერებს, რომ ის არის ცალკე ინდივიდი, აქვს თავისი სურვილები და მოთხოვნილებები, ის ამას იაზრებს და შემდეგ შესაძლოა გამოვლინება იყოს ასეთი სახით. აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვი ხასიათით და ემოციური სფეროთი, ტემპერამენტით მშვიდია, ის ამ პერიოდს ძალიან მშვიდად გადის, არ ვხვდებით ასეთ ქცევით რეაქციებს. მაგრამ თუ ბავშვს აქვს სხვადასხვა სახის ხასიათის სირთულე, ემოციური სიჭარბე, ახასიათებს ჰიპერაქტიურობა, აქვს სხვადასხვა სახის ყურადღების დეფიციტი, ასეთ შემთხვევაში ამ ასაკის გადალახვა ძალიან რთულია და ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის სწორი დამოკიდებულება. რაც მთავარია, ეს რაიმე სერიოზული სახის პათოლოგია არ არის. ეს არის ძალიან კარგად გადალახვადი და მართვადი.

 

-თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის მიდგომას, თუმცა დღესდღეობით ხშირად ისე ხდება, რომ დედა მუშაობს და ვერ ახერხებს ბავშვთან სრულფასოვნად დროის გატარებას. ასევეა მამის შემთხვევაში. ხშირად ბავშვს რამოდენიმე აღმზრდელი ჰყავს, მაგალითად ბებიები, დეიდა, მამიდა, ძიძა და ა.შ. რამდენად შეიძლება ამან ბავშვზე იმოქმედოს და განსხვავებული ადამიანების განსხვავებული მიდგომები ბავშვის აღზრდის ნაწილში ცვლის თუ არა მის ხასიათს?
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში არსებული წესების დამკვიდრება და ინტეგრაცია. მიდგომები, რომელსაც ჩვენ ვუწესებთ ბავშვს, უნდა იყოს შეთანხმებული. მშობლებმა, ბებია-ბაბუამ და ყველა დანარჩენმა უნდა იცოდეს რომ გარკვეულ საკითხებში არა უნდა იყოს არა და კი უნდა იყოს კი. როდესაც ვთქვათ, დედა აყენებს ერთ მოთხოვნას და ბებია ამას უარყოფს, ან პირიქით, მამის მოთხოვნას არ ითვალისწინებს დედა, რასაკვირველია ბავშვს უყალიბდება შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დასაშვებია და მისი ქცევის რეგულირება რთულდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლებსა და ოჯახის დანარჩენ წევრებს შორის აღზრდის მეთოდები და მოთხოვნები იყოს შეთანხმებული. მნიშვნელოვანია ბავშვთან კონტაქტიც, უნდა მივცეთ მას საშუალება ისაუბროს, უნდა ავუხსნათ ყველაფერი, უნდა ვასწავლოთ და გავაგებინოთ ბავშვს, რას ნიშნავს ესა თუ ის ცნება.

 

-მინდა გკითხოთ ბავშვთან მოლაპარაკების ხელოვნებასთან დაკავშირებით. მახსოვს ერთ გადაცემაში ქალბატონმა თამარ გაგოშიძემ განაცხადა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ბავშვთან ურთიერთობაში, თუმცა ერთ ნაწილში არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, კერძოდ კი იმაში, რომ ეს რაღაც ეტაპზე ემსგავსება ვაჭრობას, ხანდახან ბავშვი თვითონ გვთავაზობს, რომ თუ შენ ამას გააკეთებ, მე ამას გავაკეთებ. ამიტომ  მოლაპარაკების ხელოვნება ძალიან რთულ საკითხად მესახება. სად გადის ზღვარი? როგორ უნდა გავავლოთ ზღვარი მოლაპარაკებასა და წახალისებას, და ერთგვარ „ვაჭრობას“ შორის?
წახალისების მექანიზმი ბევრი დარღვევის სამართავად გამოიყენება და დღესდღეობით რჩევის სახით არის მიწოდებული მშობლებისათვის, რომ მათ ბავშვი წაახალისონ, უთხრან, რომ წაიყვანენ სასეირნოდ ან მიიღებს რაიმე საჩუქარს. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ბავშვის ზედმეტად გათამამება, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რაც ფინანსებს ეხება, სასურველი არ არის. მაგალითად, თუ ბავშვი მაღაზიაში აწყობს ისტერიკას იმიტომ, რომ მას რაღაც უნდა, აქ არ უნდა გამოვიყენოთ მოლაპარაკების მექანიზმი. არც იმის უნდა შეგვრცხვეს, რომ ეს ხდება საზოგადოებაში, რადგან ეს მომავალში მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მოქმედებს. საუკეთესო გამოსავალი ასეთ დროს იგნორირებაა, როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ ტირილით არაფერი გამოდის, ტირილს შეწყვეტს. ბუნებრივია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ჯინში ჩავუდგეთ და ყველაფერი ავუკრძალოთ. ბავშვი ღრუბელივითაა, ის ისრუტავს ჩვენს ქცევებს. უნდა ვიპოვოთ შუალედი და გამოვნახოთ კომპრომისი. ბავშვის ისტერიკას აქვს რამდენიმე ფაზა. თავიდან ის ყვირილით იწყებს, შემდეგ აღგზნებულია, ბოლოს კი დაღლილი და მოდუნებული. დამეთანხმებით, რომ ეს ფაზა აუცილებლად დგება, როდესაც ბავშვს აღარ აქვს საკმარისი ენერგია და დუნდება. ამ დროს ბავშვი თვითონ მიდის დედასთან და ბუნებრივია, უნდა მოვეფეროთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ჩვენი ინიციატივა, ბავშვმა არ უნდა დაინახოს, რომ ხვალაც შეუძლია იგივეს გამეორება და შემდეგ დედა მოეფერება. საერთო ჯამში გეთანხმებით, რომ ზღვრის დაცვა რთულია და ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს.

 

-ანუ თქვენი რჩევა არის ის, რომ დაველოდოთ ამ სამი ფაზის დასრულებას, არ შეგვრცხვეს, რომ ბავშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ტირის, იმიტომ, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ მოიქცევა ბავშვი ხვალ და ზეგ და როგორი ხასიათი ჩამოუყალიბდება.
ჩემი რჩევა უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ მოვახდინოთ პრევენცია, რათა არ მივიდეთ ამ მომენტამდე. პრევენციის გზებზე უკვე ვისაუბრეთ. მთელი ოჯახი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს, უნდა იყოს შემუშავებული გარკვეული წესები, შედეგად ბავშვის თვალში ოჯახის წევრებს ექნებათ ავტორიტეტი. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვართ ბავშვის დამხმარე ძალა, რომელიც მას ცხოვრებას ასწავლის. ბავშვის ცხოვრების განმსაზღვრელი არიან მაინც დედა და მამა, სხვები კი ჩემი აზრით, უფრო ნაკლებად აქტიურად უნდა ჩაერიონ.

ხდება ისეც, რომ მშობლები ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ ეს მომენტი მაინც დგება გამომდინარე ბავშვის ტემპერამენტიდან, ხასიათიდან და ადაპტაციიდან. არიან რთული ტემპერამენტის ბავშვები, რომლებსაც უჭირთ ამის გადალახვა. თუმცა თუ გულის სიღრმეში ჩავიხედავთ თითოეული მშობელი, ჩვენ შეგვიძლია თავად გავცეთ პასუხი კითხვას: რატომ არის ჩემი შვილი დღეს ასე?

 

-ინტერნეტში ძალიან ბევრ მოსაზრებას მოისმენთ. ერთ-ერთი დამჯერ ბავშვებს ეხება. ამბობენ, რომ როდესაც ბავშვი ძალიან მშვიდი და დამჯერია, ეს მაინცდამაინც კარგი არ არის, რადგან ბავშვს უნდა ჰქონდეს თუ ისტერიკა არა, პროტესტის გრძნობა მაინც, რადგან პროტესტის გრძნობა ეხმარება მას ხასიათის და პრინციპების ჩამოყალიბებაში. აქაც ისევ იმას გკითხავთ: სად გადის ზღვარი?
ფსიქოლოგიაში გამოყოფილია ოჯახში აღზრდის ტიპები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, თუ დედა ხშირად ერევა ბავშვის ცხოვრებაში იმის მიუხედავად, საჭიროა თუ არა ეს, ან პირიქით, თუ ის ძალიან პასიურია ამ მხრივ, მკაცრია ის თუ მოსიყვარულე, აუცილებლად იქონიებს გავლენას ბავშვის ხასიათზე. საერთო ჯამში, თუ ბავშვს საშუალებას არ ვაძლევთ, გამოხატოს საკუთარი აზრი და სურვილი, ჩვენ მას ვთრგუნავთ, რადგან ყველა ადამიანს აქვს სურვილი, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ცხოვრების წესის ან სხვა საკითხის მიმართ. ხანდახან ეს პრობლემას ქმნის, რადგან როდესაც ბავშვს ეძლევა მოქმედების თავისუფლება, ის ცდილობს ერთგვარად აინაზღაუროს დაკარგული. სწორედ ინდივიდუალიზმის გამოვლენის საშუალება უნდა მიეცეს ბავშვს, არ არის აუცილებელი რომ ეს ტირილით და ჭირვეულობით გამოიხატოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი კუთხე, საკუთარი გარემო, სადაც ჩვენ კითხვის გარეშე არ შევალთ და მის ნივთებსაც უკითხავად არ შევეხებით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ინდივიდია, აქვს საკუთარი გარემო, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის.

 

-ისტერიკის მართვისას ბავშვების კონტროლი ზოგადად რთულია, განსაკუთრებით თუ გარეთ ვართ. ბევრი კითხვა იყო ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში. რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც გარეთ ყოფნისას ბავშვი შეიძლება გაიქცეს, შეიძლება ქუჩაზე გადაირბინოს და ფიზიკურად ვერ მივყვეთ. მინდა გკითხოთ საზოგადოების დამოკიდებულებაზეც, უცხო ადამიანები ხშირად ერევიან სიტუაციაში, როდესაც მაგალითად ბავშვი მაღაზიაში ტირის. ხალხს ის ეცოდება და ზოგიერთი მათგანი ეუბნება: „წამოდი, მე გიყიდი“. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
თუ ეს სახლში ყოფნის დროს ხდება, უნდა მივმართოთ „ტაიმ აუტის“ პრინციპს. ბავშვი უნდა შევიყვანოთ თავის ოთახში, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ. არ შეიძლება ამ დროს ბავშვი მარტო, უყურადღებოდ დავტოვოთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დედა აკონტროლებს იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვის მიერ თვითდაზიანების მიყენების რისკი, იქნება ეს სახლში თუ ქუჩაში.

რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, რასაკვირველია ძალიან რთულია, როდესაც ბავშვი ისტერიკას გარეთ აწყობს. რთულია საზოგადოებას აუხსნა, რატომ ტირის ბავშვი ხმამამღლა, რატომ არის გაწოლილი ძირს, რატომ არ ვუსრულებთ სურვილს და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია ბავშვი ავიყვანოთ, წავიყვანოთ, ჩავსვათ მანქანაში, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მისი სურვილის შესრულება არ უნდა მოხდეს, ეს არ არის გამოსავალი და მომავალში უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს.

 

-ცხოვრების დღევანდელი რიტმიდან გამომდინარე, ბავშვებს მშობლების გარეშე დიდი დროის გატარება უწევთ. ისინი ძალიან დიდ დროს ბაღში ან ძიძასთან ატარებენ და როგორც ბრძანეთ, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდის მეთოდები იყოს შეთანხმებული. მინდა გკითხოთ ბავშვის განებივრების შესახებ. როგორც თქვით, სასურველი არ არის მისი სხვადასხვა ნივთებით განებივრება, ამიტომ მინდა გკითხოთ რამდენად ხშირად შეიძლება ბავშვს ავუსრულოთ სურვილი, ვაჩუქოთ საჩუქარი, ან ახალი სათამაშო ისე, რომ ეს უარყოფითად არ აისახოს მისი ხასიათის განვითარებაზე?
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს რა შეიძლება და რა არა. ამას ჩვენ განვსაზღვრავთ. რაც შეეხება რეკომენდაციას, ზუსტი რეკომენდაცია ბუნებრივია არ არსებობს იმაზე, თუ რამდენად ხშირად უნდა ვუყიდოთ სათამაშო. ჩემი აზრით, ეს უნდა ხდებოდეს გარკვეული პერიოდულობით, რადგან თუ ახალ სათამაშოს ბავშვს ყოველდღე მივუტანთ, რაღაც დროის მერე ეს მას იმ სიხარულს აღარ მოუტანს, რასაც თავიდან. ის ინტერესს დაკარგავს . შეიძლება ბავშვი დავასაჩუქროთ დღესასწაულებზე, გარკვეული ინტერვალებით, მაგრამ არა ყოველდღე. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ მშობელს ყოველთვის არ შეუძლია შეიძინოს ესა თუ ის სათამაშო, რადგან ეს გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩემი აზრით ეს ბავშვს თავიდანვე უნდა ავუხსნათ, მისი წახალისება კი შეგვიძლია პერიოდულად.

 

-ჩვენ უკვე ვახსენეთ პროტესტი ბავშვებში და ვთქვით, რომ 2-3 წლის ასაკში ყალიბდება ბავშვის ხასიათი, მისი „მე“ და ამიტომ გასაგებია, რომ ის რაღაცას აპროტესტებს. ძალიან ხშირად სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა, საკმაოდ გავლენიან ვებგვერდებზე ვაწყდებით პუბლიკაციებს იმის შესახებ, რომ ბავშვის მხრიდან პროტესტი ნიშნავს მის პრინციპულობას. თითქოს პროტესტი ნიშნავს იმას, რომ მას საკუთარი პრინციპები ექნება. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
ვერ ვიტყვი, რომ აუცილებელია ბავშვი პროტესტს გამოხატავდეს ასეთი აღგზნებული და ჭირვეული სახით იმისათვის, რათა მას პრინციპები ჩამოუყალიბდეს. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც ძალიან მშვიდები იყვნენ ამ პერიოდში, შემდეგ კი ჩამოუყალიბდათ ძალიან მტკიცე ხასიათი და არიან ძალიან წარმატებულები. ადამიანს ხასიათი ბავშვობის ასაკიდანვე ეტყობა. ხშირად ასეთი აღგზნებადობა,ჰიპერაქტიურობა და ტემპერამენტი ბავშვებს მოზრდილობის ასაკშიც მიჰყვებათ, არიან იმპულსურები ან მოუთმენლები. ნევროლოგიაში არ არსებობს ასეთი აზრი, რომ ბავშვის მხრიდან პროტესტი და ჭირვეულობა მიუთითებდეს მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბების მაღალ შანსზე. ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ ბავშვთა ასაკში პროტესტის გამოხატულება მიუთითებს ხასიათის განვითარების დადებით ან უარყოფით მახასიათებელზე. ხშირად ჭირვეული და აღგზნებული ბავშვები მშვენივრად ახდენენ ადაპტაციას და ლახავენ ამ პერიოდს, ასაკთან ერთად ისინი უკან ტოვებენ ამ ჭირვეულობას. ხანდახან პირიქითაც ხდება.

თქვენ ახსენეთ ერთი წლის ასაკი. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვს უყალიბდება გარკვეული უნარები, შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, რაღაცის აღება. შემდგომ ეტაპზე უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა დამოკიდებულება აქვთ გარშემომყოფებს მისი საქციელის მიმართ. ამას ბავშვი ამჩნევს უკვე 1,5- 1,7 წლის ასაკიდან. მან იცის თუ რის უფლებას აძლევს დედა, რის უფლებას ძიძა და ა.შ. ამ პერიოდში ბავშვი მშვენივრად ხვდება და ამ ასაკიდანვე შეიძლება დაიწყონ ჭირვეულობის გამოხატვა. ამიტომაც ჩვენ უნდა დავიჭიროთ ოქროს შუალედი ბავშვთან ურთიერთობაში.

 

-მინდა ძალიან აქტუალური კითხვა დაგისვათ. როდის არის საჭირო ნევროლოგის დახმარება? სამწუხაროდ ბევრ მშობელს საქართველოში უჭირს იმის აღქმა, რომ დახმარებაა საჭირო. ძალიან ხშირად ჩვენ ვცდილობთ „თავი გავიმართლოთ“, რომ ესა თუ ის პრობლემა რაღაც კონკრეტულის ბრალია და ექიმი საჭირო არ არის. რა შემთხვევაშია აუცილებელი მივმართოთ ნევროლოგს?
მოდით ასე გეტყვით – თუკი მშობელმა გაითვალისწინა ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, თუ სცადა ყველა მიდგომა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს ბავშვის ქცევის მართვას ვერაფრით, მათ შორის ვერც წახალისებით, რასაკვირველია ასეთ დროს გვჭირდება სპეციალისტის დახმარება. ჯერ გვჭირდება ნევროლოგის და ფსიქოლოგის რჩევები. ფსიქოლოგები დღეს ძალიან კარგად აკვირდებიან გარემოს, ბავშვის ქცევას, დედის ქცევას და აქედან გამომდინარე, მშობელს კომპეტენტურ რჩევას აძლევენ. დღეს ეს სფერო კარგადაა განვითარებული და შესაბამისად, მშობლებს ძალიან კარგი და საჭირო რჩევების მიღება შეუძლიათ.

 

-ალბათ დამეთანხმებით, რომ ის, რაზე უარის თქმაც გვიჭირს საქართველოში, არის მკურნალობის მოძველებული მეთოდები და დამამშვიდებლები. მინდა გკითხოთ დამამშვიდებელ საშუალებებზე. რასაკვირველია არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტის ჩართვა აუცილებელია და ის უნდა დანიშნოს ექიმმა ნევროლოგმა. ხშირად ჩვილობის ასაკიდანვე ჭირვეულ ბავშვებს აძლევენ თუნდაც მცენარეულ დამამშვიდებელ საშუალებებს. ამ დროს შესაძლოა ნევრული პრობლემები არაფერ შუაში იყოს და „დამნაშავე“ იყოს მუცლის კოლიკა, მაგრამ მშობლები ამას მაინც აკეთებენ. შეიძლება ეს მოხდეს მაშინ, როდესაც წლიდან ბავშვს უჭირს ჩაძინება და ა.შ. რას გვეტყვით ამის შესახებ, როდის შეიძლება დამამშვიდებლების გამოყენება ბავშვებში ან შეიძლება თუ არა?
რაც შეეხება ჩვილობის და ახალშობილობის ასაკს, მე შემიძლია გითხრათ რომ ამ ასაკში დამამშვიდებლების გამოყენება არ არის აუცილებელი და სასურველი. ხშირად მშობლები დამამშვიდებლებს ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ვუხსნით, რომ თუნდაც ძილის პრობლემები არის ასაკობრივი, ფიზიოლოგიური მახასიათებელი. თუ ბავშვი ნორმალური განვითარებისაა, თუ  მისი მოტორული განვითარება და კოგნიტური სფერო ნორმალურია, ეს უმნიშვნელო პრობლემაა იმდენად, რომ დამაშვიდებელი საშუალება არ არის ამ დროს რეკომენდირებული. თუ სახეზეა ნევროლოგიური ორგანული დაზიანება, გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფსიქიკური პრობლემები, გულყრა, კრუნჩხვა, ამ შემთხვევაში რასაკვირველია ინიშნება დამამშვიდებელი საშუალება, სხვა შემთხვევაში კი ეს არ არის სასურველი. ამ დროს უბრალოდ უნდა დაველოდოთ და გამოვიჩინოთ მოთმინება ამ საკითხების მიმართ.

 

-საბოლოო ჯამში შეგვიძლია შეჯამების სახით ვთქვათ, რომ თუ ბავშვი არ გვემორჩილება და რთულია მისი ქცევის რეგულირება, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი ტემპერამენტით, შესაძლოა ამას იწვევდეს გარემო-ფაქტორები ან ოჯახში დამკვიდრებული გარკვეული წესები მის მიმართ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ასეა თუ ისე ეს გადალახვადია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამაზე მუშაობა.
აბსოლუტურად გეთანხმებით და ერთს დავამატებ: ხშირად ეს პრობლემა გვაქვს ბავშვებში, რომლებსაც ამა თუ იმ დოზით აქვთ გარკვეული სახის დარღვევა, იქნება ეს ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი თუ სხვა. სწორედ ამიტომ არის საჭირო სპეციალისტის დროული ჩართულობა, ექიმთან ვიზიტი. სწორედ ექიმმა უნდა განსაზღვროს, საქმე გვაქვს უბრალოდ გარემო-ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგალითად გათამამებით გამოწვეულ ქცევით დარღვევასთან, თუ სახეზეა სხვა სახის დარღვევა, რომელსაც სხვა მიმართულებით სჭირდება მუშაობა. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ეს სფერო ძალიან კარგადაა განვითარებული და ნევროლოგები, ნეიროფსიქოლოგები და ა.შ ბავშვებს ძალიან ეხმარებიან.

 

-თუ განვითარების ამ ეტაპზე,  2-3 წლის ასაკში შეგვიძლია  გარკვეულწილად ნორმალურად ჩავთვალოთ ბავშვის ჭირვეულობა და პროტესტი, როდის უნდა დასრულდეს ეს? უნდა დასრულდეს ეს 3 წლის ასაკში?
შესაძლოა 3 წლის ასაკშიც, თუმცა მე ვიტყოდი რომ 6 წლის ასაკისთვის უკვე უნდა დასრულდეს. ამ დროს ბავშვს უყალიბდება ნებელობა. ხომ საინტერესოა, რატომ არის ბავშვი სკოლაში მისასვლელად მზად 6 წლის ასაკში? იმიტომ, რომ ამ ასაკში მან იცის, რომ მისი ინტერესის გარდა სხვისი ინტერესიც არსებობს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს. თუმცა რასაკვირველია ამ პერიოდს შესაძლოა მოჰყვეს უკვე გართულებები პუბერტატის პერიოდში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ზემოქმედებით. ამას ცხადია ისტერიკის ხასიათი აღარ ექნება, მაგრამ შესაძლოა იყოს გარკვეული გართულებები. უშუალოდ თქვენს შეკითხვაზე გეტყვით, რომ როგორც წესი, 4-5 წლის ასაკში ბავშვები მშვიდდებიან და 6 წლიდან ნელ-ნელა ხდება ამ პრობლემის ალაგება.

წყარო: https://fortuna.ge/