Nutricia
6 წლამდე ბავშვებთან კომუნიკაცია სტრესულ გარემოში

თარიღი: 18 სექტემბერი, 2020

„ალბათ უკვე ვეღარ გავუძლებ – აქეთ სამსახური, იქეთ ბავშვები, ყველაფერი ერთმანეთშია არეული”, „ისეთი შეცვლილია ჩემი შვილი, ხან უმიზეზოდ აგრესიული, ხან კი საერთოდ არაფერი აინტერესებს, მივარდნილია”, „ვეღარ გავიგე, როდის რა ვუთხრა ბავშვებს, სულ ჩემთან არიან, კონცენტრაციას ვეღარაფერზე ვახერხებ”, „რა აზრი აქვს ასე ყოფნას – ვითომ სულ სახლში ვართ, მაგრამ ბავშვებისთვის მაინც ვერ ვიცლით – ეს უარესი არაა?” – ეს ფრაზები ყველასათვის კარგად ნაცნობია. პანდემიამ მშობლების და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა და ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გააჩინა.

პანდემიის პერიოდში სტრესთან გამკლავება მცირეწლოვანის ბავშვების მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა.

ჩვენს ბლოგპოსტში 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ვთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ სიტუაციებში შვილთან ჯანსაღი კომუნიკაციისა და ურთიერთობის ჩამოყალიბების სტრატეგიებს. მართალია, რჩევები პანდემიის კონტექსტშია, მაგრამ ნებისმიერ სხვა სტრესულ სიტუაციაში გამოადგებათ მშობლებს.

1. „ემოციებს ვერ ვაკონტროლებ… ძალიან არ მინდა, რომ ვბრაზდებოდე, მაგრამ არ გამომდის”

ემოციის რეგულაცია არ იწყება ემოციის კონტროლით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ემოციებს საერთოდ არ განვიცდიდე.ემოციის რეგულაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს და თითოეული მათგანი თვითკონტროლისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ხშირად ჩვენ ვამბობთ: „არ მინდა, რომ ნერვები მეშლებოდეს”, „მინდა, რომ არ ვბრაზდებოდე”, „მინდა, რომ ჩემს შვილს არ ეშინოდეს, მინდა, რომ არ ნერვიულობდეს, არ შფოთავდეს”.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ ემოციები ავტომატურია და კონკრეტულ სიტუაციაში ლოგიკურიც. საკუთარი სურვილისამებრ მათი გამოწვევა თითქმის შეუძლებელია. ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ემოციის განდევნა პრობლემას არ აგვარებს. რეპრესირებული, უარყოფილი, განდევნილი, ყურადღებამიუქცეველი ემოციები აუცილებლად ბრუნდება, ოღონდ დამახინჯებული და არაჯანსაღი გზით. ყველას გვქონია მსგავსი გამოცდილება – შეიძლება მთელი დღე ვითმინო, ვითმინო და ბოლოს ისეთ ადამიანთან ავფეთქდე, რომელთანაც ყველაზე ნაკლებად უნდა ვაკეთებდე ამას.

როგორ მოვიქცეთ?

ამოვიცნოთ ჩვენი ემოცია – დავფიქრდეთ, რას განვიცდით: „ვშფოთავ, მეშინია, გაღიზიანებული ვარ…” და რატომ ვარ ასე. ხშირად, ჩვენთვის უფრო ადვილია ფიქრებისა და სურვილების ვერბალიზება, მაგრამ განცდების სახელდება ძალიან გვჭირის. არადა, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მათი მართვა.

მივიღოთ ის, რასაც განვიცდით – ჩვენ თითქოს ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ ზოგი ემოცია მისაღებია, ზოგი – არა. გვასწავლიან არ გავბრაზდეთ, არ გვეწყინოს, არ გვძულდეს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ემოცია, რომელსაც განვიცდით, მისაღებია. „ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, რომ მე ვშფოთავ, რომ მე მეშინია, რომ გაბრაზებული ვარ”- ეს ნორმალურია და ლოგიკური. დანაშაულის გრძნობა იმ ემოციის გამო, რასაც განვიცდით, უსარგებლოა.

გამოვხატოთ ჩვენი ემოციები და ვისაუბროთ მათ შესახებ მისაღები ფორმით– კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ემოცია მისაღებია, მაგრამ მათი გამოხატვა ნებისმიერი გზით მისაღები არ არის. ჩვენი საუბარი საკუთარ განცდებზე უნდა იყოს ჯანსაღი ფორმით, კონსტრუქციული, არადამანგრეველი, სიტუაციის შესაბამისი. ისეთი, რომ არც საკუთარი თავი დავიზიანოთ და არც გარშემო მყოფები დაზიანდნენ. შეგვიძლია მივმართოთ „ემოციური ვენტილაციის“ სტრატეგიას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან ისეთ ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა იმავეს განიცდიდნენ. ინტერნეტ სივრცეში ბევრი პლატფორმა (მშობლებისთვის, თანამშრომლებისთვის, დიასახლისებისთვის) იძლევა ამის შესაძლებლობას.

მოვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროთ – მას შემდეგ, რაც მოვახდენთ საკუთარი ემოციის სახელდებას და მივიღებთ მას, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რა დაგვეხმარება მის დარეგულირებაში. შფოთვის შესამცირებლად სხვა სტრატეგია გვჭირდება, შიშის დასაძლევად – სხვა და ა.შ. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა გვხდის კარგად. ეს შეიძლება იყოს მეგობართან საუბარი, მუსიკის მოსმენა, ყავის დალევა, ბავშვებთან თამაში, ცოტა ხანი მარტო დარჩენა, რაღაცაზე ფიქრი, სახლის დალაგება და ა.შ.

2. „ძალიან ვცდილობ შვილებთან ნაკლებად გამოვხატო ჩემი ემოციები…არც კი ვიცი, სწორად ვიქცევი?”

ემოციის გამოხატვა ბავშვებთანაც შეგვიძლია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რატომ გამოვხატავთ, რას გამოვხატავთ, როდის, რა ინტენსივობით და რა ფორმით.

რატომ გამოვხატავთ

ბავშვი სწავლობს დაკვირვებით, ამიტომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მოდელი. არ არის მართებული ჩვენი ემოციების სრულად დამალვა ბავშვისგან. თუკი ის ვერ ხედავს, რომ დედა / მამა შფოთავს, რაღაცის ეშინია, რაღაცაზე ღელავს, რაღაცა აბრაზებს, თუკი ის ვერ ხედავს, როგორ საუბრობენ მშობლები საკუთარ განცდებზე და რა ფორმით გამოხატავენ ამას, ძალიან გაუჭირდებათ ისწავლონ საკუთარ ემოციებზე საუბარი და მათი გამოხატვა. ამიტომ ბავშვის თანდასწრებით, ან მის მიმართ, ჩვენი ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ მაგალითი მივცეთ, ვაჩვენოთ მოდელი სწორი ქცევის, ემოციის სწორი სახელდების და გამოხატვის. ამგვარად, ჩვენ ბავშვს ვასწავლით, როცა შეეშინდება, როცა გაბრაზდება, როცა გაღიზიანდება, სათამაშო კი არ უნდა ისროლოს ან ჩაარტყას ვინმეს, არამედ თქვას, რომ რაღაც არ მოსწონს, რაღაც არ სიამოვნებს, რაღაცის ეშინია…

რას გამოვხატავთ

არის საკითხები, რომლებზეც ბავშვთან არ ვსაუბრობთ. მაგალითად, პანდემიის გამო საკუთარი შფოთვების შვილთან გასიტყვება არ არის სასურველი. აქ მე ვარ ის, ვინც მას უნდა იცავდეს და არა ის, ვისაც თავად ეშინია.

„ემოციური ვენტილაციაც“, ცხადია 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან არ არის რეკომენდებული. თუ ოჯახის წევრს ვესაუბრებით, მეგობართან ვსაუბრობთ, სასურველია, ბავშვი ამას არ ისმენდეს, რადგან ზრდასრულთან და ბავშვთან საუბრის ფორმები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

საჭიროა, შვილებს ვესაუბროთ იმ ემოციებზე, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებათ. მაგალითად, ისეთ სიტუაციებში, როცა ვშფოთავ იმაზე, რომ ვიდეო ჩართვა მეწყება და ამ დროს ჩემმა შვილმა ხმაური არ დაიწყოს, არ ატირდეს, რაღაც არ მომთხოვოს; ან უკვე ონლაინ ჩართვა მაქვს და ჩემი შვილი ძალიან ხმაურობს, მე კი ეს ძალიან მაბრაზებს და მანერვიულებს.

როგორ გამოვხატავთ

სრულად და კონკრეტულად აღვუწერ ქცევას და ვეუბნები: „ახლა, როცა მე სამსახურის შეხვედრა მაქვს და შენ ძალიან ხმაურობ, მე ვნერვიულობ და მიჭირს საქმის კეთება. და ეს იცი, რატომ არის ცუდი? შეხვედრისთვის მეტი დრო დამჭირდება. თუ ახლა დამაცდი, რომ ეს გავაკეთო, მერე ბევრად მეტი დრო გვექნება, მე და შენ რომ ერთობლივად რაღაცები გავაკეთოთ.”

თუ გაბრაზებული ხართ, ნუ მოგერიდებათ და ნუ შეგეშინდებათ, პირდაპირ შეგიძლიათ თქვათ: „მე გაბრაზებული ვარ, შენი ხმაურის გამო და შეიძლება ისე მოვიქცე, რომ მე არ მომეწონოს და არც შენ მოგეწონოს.” ან მაგალითად, თუ გეწყინათ რაღაც, შეგიძლიათ ვთქვათ, „ჩემთვის საწყენია, რომ სამსახურის შეხვედრის დროს, ასე ხმამაღლა ყვიროდი …”, ან „ჩემთვის დამღლელია, ოცჯერ ავალაგო სათამაშოები, რომელსაც შენ ყრი. მოდი, ახლა ერთად ავალაგოთ და შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შენ თვითონ დაალაგებ”.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან ჩვენი ემოციის გამოხატვისას ვიყოთ მშვიდად. სიმშვიდე უნდა იგრძნობოდეს, როგორც სიტყვებში ისე ქცევაში, ექსპრესიებში და ხმაში. ბავშვები ოსტატურად გრძნობენ ჩვენს ემოციებს, ამიტომ მხოლოდ სიტყვიერად თქმა არ არის საკმარისი. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ხმა არ გვიკანკალებს, არ გვეტირება, ცრემლები არ მოგვდის და შეშინებული გამომეტყველება არ გვაქვს.

როდის გამოვხატავთ

გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდებული არ არის ძილის, ჭამის წინ შესაშინებელ, რთულ, უარყოფით ემოციებზე ბავშვთან საუბარი. ამ დროს მას შეიძლება გაუჭირდეს ინფორმაციის გადამუშავება, რაც შესაძლოა ქცევის ცვლილებებშიც კი გამოვლინდეს.

3. „როგორ ვუთხრა რა ხდება? რას ნიშნავს პანდემია? უნდა ვესაუბრო თუ არა საფრთხეებზე?“

მოვარიდოთ ბავშვები სატელევიზიო და ინტერნეტ საინფორმაციო წყაროებს

მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ბავშვმა ინფორმაცია მიიღოს მშობლისაგან და არა სატელევიზიო ან ინტერნეტ მედიიდან. მათ მიერ მოწოდებული ამბები არ არის გათვლილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და, ხშირად, ზრდასრულებისთვისაც კი სტრესულია. ამიტომ, მცირეწლოვანების გარემო, შეძლებისდაგვარად, „სუფთა“ უნდა იყოს საინფორმაციო საშუალებებისგან. დღეს ეს ძალიან მარტივი შესასრულებელია მშობლებისთვის, მათ შეუძლიათ ყურსასმენების გამოყენება ან ნიუსების მოსმენა / წაკითხვა ბავშვებისგან მოშორებით.

ავუხსნათ, რას ნიშნავს ვირუსი, რა არის პანდემია

2 წლამდე ასაკის ბავშვებს, ცხადია, პანდემიაზე ვერ ვესაუბრებით. თუმცა, 3 წლიდან მათ უკვე საკმაოდ გონივრულად შეუძლიათ ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება. ვკითხოთ, „შენ როგორ გგონია, რა არის პანდემია, ვირუსი?“. მისი პასუხის შესაბამისად, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ განმარტებას მივაწვდით. მაგალითად: „პანდემია, იცი, რას ნიშნავს? შენც ხომ გემართება ზოგჯერ ვირუსი, გრიპი? წარმოიდგინე, ასეთი ვირუსი, ოღონდ ბევრ ქვეყანაში, ბევრ ადამიანს რომ დაემართოს.”

არ არის საჭირო დიდი აქცენტი პანდემიის ნეგატიურ მხარეებზე – იმის აღნიშვნა, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები იღუპებიან, უბედურებები ხდება, ჯერ ვაქცინა არ არის და ა.შ. ბავშვისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა იყოს მისთვის სტრესული, საშიში.

ნაკლები ვესაუბროთ პანდემიაზე და მეტი მასთან გამკლავების მექანიზმებზე

სასურველია, ბავშვებს ვუთხრათ, რომ უამრავი ძალიან კარგი ექიმი და მეცნიერი არსებობს. ისინი მუშაობენ ბევრს, რომ წამალი გამოიგონონ და ჩვენამდე ვირუსმა არ მოაღწიოს. ვეუბნებით, რომ ჩვენ, ზრდასრულები ყველანაირად დავიცავთ მის უსაფრთხოებას. ცოტას ვსაუბრობთ, თუ რა არის პანდემია და ვირუსი და ბევრს მასთან გამკლავების მექანიზმზე. ამ შემთხევაში სტრესი ნაკლებია და ამას გარდა, ბავშვს პირდაპირ ვეუბნებით, რომ ის კარგად იქნება, და ამაზე ვზრუნავთ მისი მშობლები, ექიმები, ყველა მის გარშემო და სადარდებელი არაფერია.

ავუხსნათ, რისი გაკეთებაა საჭირო და რატომ

შემდეგი ეტაპია ყურადღების გადატანა ყველა რეკომენდაციის დაცვაზე – ხელებს ხშირად ვიბანთ, ვიმუშავებთ სადეზინფექციო ხსნარით, ვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს, მაღაზიებში ვიყენებთ პირბადეს.

2-3 წლიდან ბავშვს უკვე შეუძლია გარკვეული პასუხისმგებლობის აღეება. ჩვენც შეგვიძლია შევუთანხმდეთ, რომ სხვა ადამიანებთან ახლოს არ მივიდეს, სახლში დაბრუნებულმა კი ხელები და სახე აუცილებლად კარგად დაიბანოს. ჩვევის გასამყარებლად ნუ გამოვიყენებთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „თუ არ დაიბან, ვირუსი დაგემართება“, „მაინცდამაინც გინდა კორონა შეგეყაროს?” და ა.შ. ამის ნაცვლად, ავუხსნათ, რომ „ხელების დაბანა გვჭირდება იმისათვის, რომ თავი დავიცვათ – არც ჩვენ დაგვემართოს ვირუსი და არც სხვას გადავდოთ. წესების დაცვით ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით”.

გამოვიყენოთ ილუსტრაციები, როლური თამაშები

პირველად, როცა პანდემიაზე საუბარს ვიწყებთ, სასურველია გამოვიყენოთ ვიზუალური მასალა: ილუსტრაციები, სათამაშოები. მაგალითად, ბავშვი აფერადებს ვირუსის ნახატს და თან მარტივად ვეუბნებით – „აი, ამას ჰქვია კოვიდ 19“. ასევე, შეგვიძლია ისეთი ილუსტრაცია შევთავაზოთ გასაფერადებლად, რომელზეც პირბადიანი ადამიანებია გამოსახული.

ჰიგიენის წესების ასახსნელად კი ასეთ თამაშს გთავაზობთ: სარკის მარჯვნივ და მარცხნივ გააკარით ორი ნახატი – მარცხენა მხარეს გამოსახულია ხელი, რომელიც ჭუჭყიანია და ტირის, მარჯვენა მხარეს კი ხელი, რომელიც სუფთაა და იღიმება. ბავშვს ჰკითხეთ: „ხომ გვინდა, რომ ჩვენი ხელები იღიმებოდნენ? ამისთვის რა გვჭირდება?” ასევე შეიძლება გასაფერადებელი ილუსტრაციები ხელების, რომელთაგან ერთ-ერთს ბაქტერიები ახატია, მეორეს კი არა.

შეგვიძლია ვითამაშოთ როლური თამაშები: როგორ ვიქცევით მაღაზიებში, ქუჩაში, პარკში. მაგალითად, მაღაზიაში შევდივართ პირბადით, ვიმუშავებთ ხელებს, ვიცავთ დისტანციას სხვა ადამიანებთან.

გავანეიტრალოთ ინფორმაციით გამოწვეული სტრესი

დავუშვათ, რომ ბავშმა ყური მოკრა, ვირუსით, ბევრი ადამიანის გარდაცვალების ინფორმაციას და ამის შესახებ გვიყვება ან შეკითხვებს გვისვამს. ამ შემთხვევაშიც სიკვდილზე აქცენტს არ ვაკეთებთ და ვეუბნებით: „ჩვენ თუ დავიცავთ წესებს, არაფერი გვემუქრება“. ჩვენი პასუხი უნდა იყოს სელექციური, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე კი არ ვუბრუნებთ უკუკავშირს, არამედ მხოლოდ იმაზე, რაც ბავშვისთვის არის საჭირო. შესაბამისად, ყურადღებას არ ვამახვილებთ გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობაზე. სანაცვლოდ, შეგვიძლია ვუთხრათ, რაღაც ამდაგვარი: „შენ შეგეშინდა, ხომ? იმიტომ გეშინია, რომ ჩვენც არ დაგვემართოს… მაგრამ, ნახე, თუკი ჩვენ ხელებს დავიბანთ ხოლმე, ნიღაბს გავიკეთებთ, უცხო ადამიანებთან ახლოს არ მივალთ, თუ სტუმრად წავალთ და იქაც ამ წესებს დავიცავთ, მაშინ ჩვენ არაფერი გვემუქრება და საშიში არაფერია”. აქვე შეგვიძლია გულწრფელად გავუზიაროთ ჩვენი განცდებიც,: „იცი რა, ეს რომ გავიგონე, მეც ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ წესებს ზედმიწევნით ვიცავთ და ახლა საერთოდ აღარ მეშინია.”

4. სამუშაოზე კონცენტრაცია მჭირდება, ჩემი შვილი კი ყოველ წუთს მელაპარაკება ან რაღაცას მთხოვს, წყობიდან გამოვდივარ… ვუმეორებ, „ხომ ხედავ, რომ ვმუშაობ!, ცოტა ხანი დამაცადე!“ მაინც არაფერი გამომდის…”

გავაცნობიეროთ, რომ ბავშვს არ ესმის „არ მცალია! დამაცადე!“

ბავშვებს მშობლებთან ურთიერთობის დეპრივაცია (ნაკლებობა) აქვთ. პანდემიამდე ისინი მთელი დღე საბავშვო ბაღში ან სკოლაში იყვნენ და საღამოობით სახლში კვლავ მომუშავე ან სახლის საქმეებით დაკავებულ მშობლებს ხედავდნენ. პანდემიის დროს ოჯახი ერთ სივრცეში აღმოჩნდა, ბავშვებს კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილება გაუჩნდათ მშობლებთან ურთიერთობის, მაგრამ კვლავაც ვერ ახერხებდნენ მათთან სათანადო კომუნიკაციას. 6 წლამდე ასაკის ბავშვს არ ესმის, რომ მშობელს მისთვის არ სცალია. მას არ შეუძლია თავისი თავი გაირთოს, მშობლებს კი მუშაობა დააცადოს. თუ მშობლები ამას გააცნობიერებენ, ნაკლებად გაღიზიანდებიან და გაბრაზდებიან შვილებზე.

მოვაწესრიგოთ ბავშვის ყოველდღიური რუტინა

ცხადია, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვი მშობლის განრიგს ვერ მოერგება – ვერც მის სამსახურს, ვერც განწყობას და ვერც ვალდებულებებს. პირიქით, მშობელი უნდა მოერგოს ბავშვს. თუ ამას გავიაზრებთ, ბავშვს პასუხისმგებლობას აღარ დავაკისრებთ და ჩვენც ნაკლებად გაღიზიანებული ვიქნებით.

ამას გარდა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღის რუტინა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მისი განვითარებისთვის აუცილებელი – ის ერთსა და იმავე დროს უნდა იძინებდეს, იკვებებოდეს, სეირნობდეს, თამაშობდეს, ბანაობდეს და ა.შ.

მოწესრიგებული რუტინა მშობელს ეხმარება თავადაც სტრუქტურირებულად გაანაწილოს საკუთარი დრო, როგორც სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესასრულებლად, ასევე პირადი საჭიროებებისთვისაც

შევადგინოთ დღის განრიგი და შევთანხმდეთ წესებზე

ყოველდღიური დღის განრიგის შედგენა არის ძალიან პრაქტიკული და სასარგებლო გამოსავალი. ჩვენ გირჩევთ, გაითვალისწინოთ:

ბავშვის ჩართვა და მასთან შეთანხმება: 3 წლიდან ბავშვებს უკვე შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქმედებებზე. ასევე, შეუძლიათ გამოთქვან აზრი იმაზე, თუ რისი გაკეთება უნდათ და რისი – არა. აუცილებელია, რომ დღის განრიგი მშობლებმა ბავშვების უშუალო ჩართულობით და მათთან შეთანხმებით შეადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, უბრალოდ, არაეფექტური იქნება, – არ იმუშავებს!

დამოუკიდებლად თამაშის დრო: მნიშვნელოვანია დღის განრიგში განსაზღვრული იყოს, რომ ამა და ამ საათებში, ბავშვი რაღაცას დამოუკიდებლად აკეთებს, მშობლები კი დამოუკიდებლად მუშაობენ. ამ დროს ბავშვმა იცის, რომ დღის კონკრეტულ მონაკვეთში, სანამ დედა და მამა საქმიანობენ, მან თავად უნდა ითამაშოს, თავი გაირთოს.

როლების გადანაწილება: საჭიროა გარკვეულწილად განსაზღვრული იყოს დღის განმავლობაში ამ განრიგის ფარგლებში რას აკეთებს დედა, მამა, ბებია, უფროსი შვილი, უმცროსი შვილი, ძიძა და ა.შ.

დავიწყოთ დამოუკიდებელი, ადაპტური უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობა

ეს ძალიან მარტივია!

მაგალითი #1: ბავშვს დაულაგეთ გარეცხილი წინდები, მაისურები, შარვლები და სთხოვეთ: „სანამ მე ვწერ, შენ დაალაგე მაისურები ერთად, შარვლები ერთად, წინდები ერთად… მერე კი ვნახოთ, რამდენად კარგად გამოგივა. მოდი, შევთანხმდეთ, რომ სანამ არ დაასრულებ, არ დამიძახებ. როცა დაასრულებ, მერე დამიძახე, მოვალ და შევხედავ“.

მაგალითი #2: „მე და შენ ერთად უნდა ვითამაშოთ. მაგრამ იმისთვის, რომ ვითამაშოთ შენ უნდა გააკეთო მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები – ეს სათამაშოები შენ თვითონ დაალაგე, მე მოვალ და ვნახავ. შემდეგ კი ერთად ვითამაშებთ.”

აქტივობის დასრულების შემდეგ, მშობელი აღნიშნავს: „შენ რომ ეს დამოუკიდებლად გააკეთე, მე უფრო მალე დავასრულე მუშაობა. ახლა მეტი დრო გვაქვს და შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რაც შენ გინდა”.

დროის ათვლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაიმერი, ქვიშის საათი, ტელეფონი ან ისრებიანი საათი. დაინიშნეთ დრო („როცა ტაიმერი დარეკავს“, „დიდი ისარი რომ აი, აქ მივა”, „ქვიშა რომ სულ ქვემოთ ჩამოიყრება”), ოღონდ შეეცადეთ, რომ მუდმივად მასზე არ იყოს ბავშვი კონცენტრირებული.

მშობელი ქმნის ძირითად ჩარჩოს (დაალაგე წინდები, მაისურები…). უშუალო მოქმედებისას კი ბავშვს სრული თავისუფლება აქვს, თავად იღებს გადაწყვეტილებას (ჯერ მაისურებს დაალაგებს თუ წინდებს, ფერების მიხედვით დაალაგებს თუ ზომის მიხედვით და ა.შ.). ბავშვი სწავლობს ცდისა და შეცდომის გზით, ამიტომ მან თავად უნდა მოსინჯოს და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით შეცვალოს ან არ შეცვალოს მოქმედების სტრატეგია.

მთავარი მიზანია, რომ ბავშვმა სცადოს, ძალისხმევა გასწიოს, და არა ის, რომ იდეალურად დაალაგოს ტანსცმელი ან სათამაშოები. შესაბამისად, ჩვენ მის მცდელობას აღვნიშნავთ და ამისთვის ვაქებთ. შეიძლება 30 წუთი გვქონდა განსაზღვრული, მაგრამ 15 წუთზე მეტი ვერ გაძლო. აუცილებლად ვუთხრათ „როგორ მიხარია, რომ ეს 15 წუთი შეძელი. ვიცი, რომ ეს შენთვის არ იყო მარტივი, მაგრამ რა მაგარი ხარ, რომ 15 წუთი მაინც შეძელი.” რამდენიმე დღეში 20-30 წუთი შეძლებს დამოუკიდებელად თამაშს ან საქმიანობას.

ამგვარი აქტივობების შედეგად ბავშვს უვითარდება ისეთი უნარები, როგორიცაა:

დამოუკიდებლად თამაში

გუნდური მუშაობა

საკუთარი ქცევის რეგულაცია

იმპულსის კონტროლი

დროის განსაზღვრა და დროის განცდა

ემპათია

დაგეგმვა და განხორციელება

გადაწყვეტილების მიღება

ბავშვი განიცდის საკუთარი თავის მნიშვნელობას, ის გრძნობს, რომ მნიშნელოვან როლს ასრულებს ოჯახის წესების შესრულებაში. მშობელი კი მშვიდადაა და გამოთავისუფლებულ დროს აუცილებელი საქმისთვის იყენებს.

5. „ჩემს შვილი ისე შეიცვალა, ვეღარ ვცნობ… ვერ ვხვდები, რატომ იქცევა ასე… ძალიან მაბრაზებს!“

გავაცნობიეროთ, რომ ბავშვის ქცევა სასიგნალოა

ბავშვს არა აქვს რესურსი საკუთარ ცუდად ყოფნაზე სიტყვიერად გვესაუბროს და საკუთარ მდგომარეობას გამოხატავს იმ რესურსით, რაც აქვს – ქცევით.

მაგალითად, სტრესის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც ბავშვი თითქოს კარგავს შეძენილ უნარებს – უფრო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ახლა მნიშვნელოვნად მიეჯაჭვა მშობელს და მის გარეშე მარტივი საჭიროებების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს, მუდმივად ითხოვს დედის / მამის სიახლოვეს. შესაძლოა ავლენდეს უფრო პატარა ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელ ემოციებს, იყოს მუდმივად გაღიზიანებული, დაიწყოს ტანტრუმი. მოიშალოს დიდი ხნის წინ გამომუშავებული ტუალეტის ჩვევა – უფრო რთულ შემთხვევებში. დაიწყოს თითის წოვა, მოიშლოს კვების და ძილის რეჟიმი.

მეორე მხრივ, ბავშვი ამ ასაკში შესაძლოა სტრესზე საპირისპირო რეაქციებით რეაგირებდეს. კერძოდ, იყოს მოდუნებული, თითქოს ძალაგამოცლილი, უენერგიო, დაკარგოს მოტივაცია თამაშის და ინტერესი მისთვის აქამდე საინტერესო აქტივობების მიმართ. შესაძლოა სახეზე იყოს ემოციური გაღარიბება. ბავშვი საერთოდ არ გამოხატავდეს ემოციებს.

მშობლისთვის ეს სიგნალია პრობლემის შესახებ. თუკი მისი ქცევა შეიცვალა – უფრო პასიური ან მეტად აგრესიული გახდა, ესე იგი მას რაღაც აწუხებს და ამაზე მშობელი კი არ უნდა გაბრაზდეს ან გაღიზიანდეს, კი არ უნდა უსაყვედუროს და დასაჯოს ბავშვი, არამედ, პირიქით შეეცადოს ემოციებზე აალაპარაკოს.

დავახატინოთ შვილებს მათი ემოციები

მაგალითი #1: ვაძლევთ ადამიანის ილუსტრაციას ან ვთხოვთ, რომ თავად დახატოს და ვეკითხებით „შენ ახლა რასაც გრძნობ, სად გრძნობ?”. ბავშვმა შეიძლება მუცელზე დაადოს ხელი, შეიძლება თავზე და ა.შ. ამის შემდეგ ვთხოვთ ფერადი ფანქრებიდან ამოარჩიოს საკუთარი ემოციის ფერი და გააფერადოს ადამიანის სხეულის ის ნაწილი, სადაც ამ ემოციას გრძნობს. ბავშვი აფერადებს მუცელს, ან თავს და ა.შ. ამგვარად მას ვეხმარებით ვიზუალურად წარმოაჩინოს თავისი განცდა – წუხილი, სევდა, შიში, ბრაზი…ეს ამცირებს ამ ემოციებს და ეხმარება ბავშვს მის მართვაში.

მაგალითი #2: ვთხოვოთ, რომ ჩვეულებრივი ფურცლებისგან ან ერთჯერადი თეფშებისგან დაამზადოს სხვადასხვა ემოცია. თითოეულს გავუკეთოთ შუაში ჯოხები და დავახატოთ სხვადასხვა ფორმის ტუჩები. შევთანხმდეთ, რომ, როცა გაბრაზებული იქნება, ყვირილის ნაცვლად, აირჩევს დამზადებული ემოციებისგან რომელიმეს, მომიტანს და მაჩვენებს. მეც, როცა გაბრაზებული ვიქნები, „სიბრაზის“ ემოციას გამოვიყენებ.

დავეხმაროთ ისაუბრონ საკუთარ ემოციებზე

ბავშვი თუ აგრესიულია იმის ნაცვლად, რომ გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ (ნუ მესვრი, ნუ მირტყამ, როგორ იქცევი? ეს რა უბედურებაა? ხომ შეგიძლია ადამიანურად მოიქცე?), უმჯობესი იქნება თუ მასთან კონსტრუქციულ კომუნიკაციას შევძლებთ. ამისათვის მიუახლოვდით მას, დაიხარეთ მის სიმაღლეზე, შეხედეთ სახეში და უთხარით: „ვხედავ რომ რაღაცა გაწუხებს, მაგრამ არ ვიცი, რა? აბა, მითხარი, რა გაწუხებს და ვეცადოთ, რომ ერთად გამოვასწოროთ”.

ჩვენ ვართ მოდელები შვილებისთვის. ისინი ჩვენგან სწავლობენ. როცა დედა / მამა გაღიზიანებულია და ყვირის, ჩხუბობს, ბავშვიც იგივეს აკეთებს. ამიტომ, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

მივმართოთ სპეციალისტს

თუკი ატყობთ, რომ თქვენი ძალისხმევა (ემოციების დახატვა, გახმოვანება, გაფერადება თუ საუბარი) საკმარისი არ არის და პრობლემა სერიოზულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც კონკრეტულად მიგითითებთ, რის გაკეთებას შეძლებთ თქვენი შვილისთვის.

6. „თითქოს სულ ერთად ვართ სახლში, მაგრამ მაინც უფრო საქმეებით ვარ დაკავებული და ვერ ვახერხებ შვილთან ნორმალურ ურთიერთობას… ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ”

ჩავრთოთ სახლში საქმიანობის პროცესში

სახლში საქმიანობისას, როცა ბავშვებიც ჩვენთან ერთად არიან, შეგვიძლია ჩვენი მოქმედებები გავახმოვანოთ და ჩავრთოთ საქმეში. მაგალითად, სადილს მოსამზადებლად ვასუფთავებთ ხახვს. თან ვეუბნები: „ აი, ახლა, გემრიელი კერძის მოსამზადებლად ხახვი გვჭირდება. ნახე, როგორი სუნი აქვს. მოგწონს? ხახვმა თვალები რომ არ აგვწვას, საჭიროა…” შემდეგ შეიძლება რაღაცეები თავადაც გააკეთოს, მაგალითად, სათამაშოებით: „მოდი, ახლა, შენც ჩემსავით ვითომ ჭრი ბოსტნეულს, ვითომ სადილს ამზადებ”. ან სულაც მარტივ რაღაცეებში დავიხმაროთ: „გამოაღე მაცივარი და მომიტანე სტაფილო. სტაფილო ძალიან სასარგებლოა და თან გემრიელიც”.

ამავდროულად, ვმუშაობთ მეტყველების განვითარებაზე (3 წლამდე ასაკის ბავშვებთან), პროცესი არის შემეცნებითი და ამავე დროს ვინარჩუნებთ მასთან კონტაქტს. ზუსტად ეს არის მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი კომუნიკაცია. ისინი ფიზიკურადაც ერთ სივრცეში არიან და ფსიქოლოგიურადაც ერთად არიან. ბავშვი სწავლობს იმიტაციას, მას უვითარდება წარმოსახვა და სოციალური უნარები. ამასობაში, მშობელიც ბედნიერია და ბავშვიც. დედას / მამას არ უწევს თქმა: „ხელი არ მოკიდო! დამაცადე! იქეთ გაიწიე! აქეთ გამოდი!”. ამის ნაცვლად ძალიან კონკრეტულად ეუბნება მშობელი შვილს რა უნდა გააკეთონ ერთად და თან ისე, რომ არც ხელი შეეშალოს და არც ბავშვს ჰქონდეს მშობელთან ურთიერთობის დეპრივაცია (ნაკლებობა).

ბავშვი განიცდის, რომ „მნიშვნელოვანი ვარ, საჭირო ვარ, დამხმარე ვარ”. საკუთარი თავის შესახებ პოზიტიური ცოდნა უყალიბდება, დადებითი და ადეკვატური თვითშეფასება. ის, რომ ტვირთი კი არაა, პირიქით, დამხმარეა და თან ამდენი რამის გაკეთება შეუძლია.

ვითამაშოთ საოჯახო თამაში – „5 წვრილმანი“

მშობლები და შვილები ერთმანეთის პირისპირ სხდებიან და კარგად აკვირდებიან. მათ უნდა აღმოაჩინონ 5 მახასიათებელი, მაგალითად, „დედაჩემს ლოყაზე მარცხნივ აქვს პატარა ნაოჭი”, „ჩემს შვილს თვალში ახატია მზესუმზირა”, „მამაჩემს ფეხზე პატარა ხალი ჰქონია” და ა.შ. ეს ძალიან სახალისო და სასარგებლო თამაში იწყება ფიზიკურ ნიშნებზე დაკვირვებით და გრძელდება ინტერესების აღმოჩენით. მშობლები და შვილები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ: „რა არის შენი ყველაზე საყვარელი ფერი?”, „რისი კეთება გიხარია ყველაზე მეტად?” ეს წვრილმანები საბოლოო ჯამში უზარმაზარ ინფორმაციად გროვდება ერთმანეთის შესახებ და ძალიან პოზიტიურ განწყობას ქმნის, ურთიერთობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და სტრესის დაძლევაშიც გვეხმარება. რეკომენდებულია, ამ თამაშისთვის 15 წუთის დათმობა, საღამოობით, ოჯახური რუტინის გამრავალფეროვნებისა და ოჯახის წევრების დაახლოებისთვის.

ამ ტიპის თამაშები გვეხმარება შევცვალოთ დამოკიდებულებები მოვლენებისა თუ ადამიანების მიმართ. წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა, როცა სულ სხვაგვარად ვხედავ ჩემს პარტნიორს (ცოლს, ქმარს), ასევე, ჩემი შვილის თვალით შემიძლია დავინახო საკუთარი თავი. ამას გარდა, რამდენი რამ შემიძლია აღმოვაჩინო ბავშვში და ასევე, გავიგო თავად ჩემი შვილი როგორ აღიქვამს საკუთარ თავს.

გავატაროთ ბავშვებთან დროის მცირე მონაკვეთი მაინც

ხშირად მშობლებს, იმის გამო, რომ სათანადო ვერ ახერხებენ შვილებისთვის დროის დათმობას, უჩნდებათ განცდა „ცუდი დედა / მამა ვარ“. თუმცა ამგვარად „ბედთან შეგუების“, „ხელის ჩაქნევის“ და შინაგანი „თავის მართლების“ ნაცვლად უმჯობესი იქნება ისე დავაორგანიზოთ ჩვენი დრო, რომ მცირე მონაკვეთი მაინც გამოგვითავისუფლდეს ბავშვებისთვის. დღის განმავლობაში, თუნდაც 30 წუთის, ერთი საათის მანძილზე თუ მოვახერხებთ შვილებთან პირისპირ, ჯანსაღ ურთიერთობას, ესეც ძალიან სასარგებლო იქნება, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვისაც. მშობლებისთვის შვილებთან გატარებული დრო შეიძლება, თავისთავად, თერაპიული, ენერგიის შევსებისა და სტრესთან გამკლავების სტრატეგია იყოს.

შევხედოთ სამყაროს ბავშვების თვალებით

ვეცადოთ, რომ ბავშვის თვალით დავინახოთ გარემო. ჩვენი შვილების სამყარო იმდენად საინტერესოა, რომ ყველანაირ სირთულეს გვავიწყებს. ბავშვებს აქვთ უნარი ყველაფერი გახადონ შესაძლებელი და როდესაც ბავშვის თვალით ვცდილობთ რაღაცის აღქმას ან გაკეთებას, ყველაფერი შესაძლებელია, პანდემიის დამარცხებაც, გაცოცხლებაც, ფრენაც… ნუ წავართმევთ ჩვენ თავს ამ შესაძლებლობას და ეს იქნება ყველაზე სწორი სტრატეგია ნებისმიერ რთულ სიტუაციასთან გამკლავებისთვის.

მასალა მომზადებულია „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრისა“ (ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი) და Huppy-ს გუნდის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის„ პროექტის „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მიერ.