მშობლების საყურადღებოდ - გახსოვდეთ დროული დიაგნოსტირება თავიდან აგაცილებთ სმენის შეუქცევად დაზიანებას

თარიღი: 06 ნოემბერი, 2019

ევსტახიტი და ექსუდაციური ოტიტი

 

მშობლებო ნუ მივაწერთ უყურადღებობას, თუ თამაშში ჩართულობას,დაძახებაზე პასუხის გარეშე არსებობას თქვენი შვილების მხრიდან. გახსოვდეთ დროული დიაგნოსტირება თავიდან აგაცილებთ სმენის შეუქცევად დაზიანებას...

ბავშვებში სმენის ნაწილობრივი დაქვეითება ყველაზე ხშირად გამოწვეულია ექსუდაციური ოტიტით, დაფის ღრუში მიმდინარე ექსუდაციური ანთებით, რომელსაც, თავის მხრივ, ხშირად იწვევს ევსტახის მილის (შუა ყურის ცხვირის ღრუსთან დამაკვშირებელი არხის) დისფუნქცია და ცხვირ-ხახის ადენოიდები. ცნობილია, რომ დღე-ღამეში შუა ყურს ევსტაქის მილით 1000 ჰაერის ულუფა უნდა მიეწოდებოდეს. როდესაც ეს ვერ ხერხდება, ვითარდება ექსუდაციური ოტიტი, რომელიც გადაიზრდება შუა ყურის ქრონიკულ ჩირქოვან ანთებაში. მას მოჰყვება დაფის აპკის პერფორაცია და სასმენი ძვლების დაზიანება. გამორიცხული არ არის, განვითარდეს მასტოიდიტი (საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის ანთება), რასაც ქალასშიდა სასიცოცხლო გართულებებიც მოყვება.

სმენის დაქვეითების პირველ რგოლს ევსტახიტი და ექსუდაციური ოტიტი წარმოადგენს. როგორც წესი ეს ორი ნოზოლოგია ერთმანეთის გარეშე არ გვხვდება. შესაბამისად მათი დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა თავიდან აგვაცილებს სმენის შუქცევად დაქვეითებას

ნიშნები:
ევტახიტსა და ექსუდაციურ ოტიტს არ ახასიათბს ყურის ტკივილი, პაციენტი აღნიშნავს სმენის დაქვეითბას ,დაგუბებას ყურებში, ხმის გაორებას. შორსწასული პროცესი სმენის დაქვეითების ფონზე პაციენტი წონასწორობის დარღვევასაც აღნიშნავს.

მოსახლეობაში გავრცელებული აზრით ყურის პრობლემებს ყურის გადაციება ან წყლის ჩასვლა განაპირობებს. სწორედ ამის გამო ოტორინოლარინგოლოგთან მოხვედრილი პაციენტი გაოცებული ხვდება დანიშნულებას, სადაც ჩაწერილია ცხვირის წვეთები და არა ყურის. საქმე იმაშია რომ ევსტახიტს ,თუ ექსუდაციურ ოტიტს იძლევა ცხვირის დისფუნქცია,უხვი გამონადენი ცხვირიდან და არ აქვს მნიშვნელობა რინორეას მიზეზი ანთებითი პროცესია ,თუ ალერგია. ცხვირის ფუნქციის აღდგენა ,გამონადენის დაშრობა და სწორი სუნთქვა არამარტო ექსუდაციური ოტიტის და ევსტახიტის პრევენციის გარანტია, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ყურის დაავადებების სწორი მკურნალობისთვის.

მკურნალობა:
საწყის ეტაპზე თუ ამბულატორიული მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა, მოგვიანებით პერიოდში საჭირო ხდება ქირურგიული მეთოდის გამოყენება,კერძოდ ადენოტონზილექტომია დაფის აპკზე სავენტილაციო მილის ჩაყენებით . ეს უკანასკნელი მიკროსკოპული ზომის დრეკადი მილია,რომელიც დაფის აპკში ჩაყენების პირობებში ხელს უწყობს შუა ყურის ანთებადი სითხის ევაკუაციას და შუა ყურის დაშრობას. რამდენიმე თვეში ხდება აღნიშნული შუნტის ამოღება, მშრალი შუა ყურის ფონზე კი დაფის აპკი მარტივად აღდგება და ბავშვი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების წესს, სმენის დაქვეითების გარეშე.

 ხათუნა ჩიტაძე - ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი