Nuk
გველის ნაკბენი და ზოგადი რჩევები

თარიღი: 09 ივლისი, 2019

გველის ნაკბენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ხდება გველის ნაკბენის მსხვერპლი, რომელთაგან შხამიანი გველების გავრცელების არეალებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 138000-მდე იღუპება, ხოლო დაახლოებით სამჯერ მეტს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება ქირურგიული მკურნალობაც, ამპუტაციის ჩათვლით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გველის მიერ დაკბენილთა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა სამედიცინო სერვისების ნაკლოვანებისა და მოსახლეობისგან ხელმიუწვდომლობის გამო ძალიან პრობლემურია. ასევე საკმაოდ პრობლემურია შხამიანი გველის შხამის საწიანააღმდეგო ანტიტოქსინებისა და იმუნოგლობულინების წარმოების მოცულობაც, რაც არ იძლევა მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. გველის თავდასხმისა და კბენისგან დაზარალებულები ძირითადად სოფლად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები არიან.

მსოფლიოში 600 სახეობამდე გველია, რომლთა 70% შხამიანია. საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულით, ძლიერი სიცხეების დადგომამდე შეიძლება დღისითაც შეგვხვდეს. ძლიერი სიცხეების დროს გრილ და ჩრდილიან ადგილებში ისვენებს.
გველის ნაკბენი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობას შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია.
შხამიანი გველისგან დაკბენის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ხშირად დაკბენის შემდგომ ვითარდება:
  • კანზე გველის კბილის ნიშანი;
  • სისხლმდენი ჭრილობა;
  • მხედველობის ბუნდოვნება;
  • დაკბენის ადგილის წვა;
  • კრუნჩხვა;
  • დიარეა;
  • თავბრუსხვევა;
  • ოფლიანობა;
  • გრძნობის დაკარგვა;
  • ცხელება;
  • წყურვილის შეგრძნება;
  • ქსოვილის ლოკალური კვდომა;
  • კუნთების მუშაობის კოორდინაციის დაკარგვა;
  • გულისრევა, ღებინება;
  • გაშეშება, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ნაწილში;
  • პულსის აჩქარება;
  • მწვავე ტკივილი;
  • კანის გაფერმკრთალება;
  • ნაკბენის შეშუპება;
  • საერთო სისუსტე.
გართულებების თავიდან ასაცილებლად გველის ნაკბენისას ყოვლად დაუშვებელია:
- ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
- ნაკბენი არის გაკვეთა;
- მოწვა;
- ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი);
- ლახტის დადება;
- ყინულის დადება;
- სპირტიანი სასმელის მიღება;
- არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი;
პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:
  • დაკბენილი ადამიანი დააწვინეთ ბრტყელ ზედაპირზე, სიცივის შეგრძნებისას გადააფარეთ საბანი ან პლედი;
  • გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანაფილაქსიური შოკის პრევენციისთვის სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილის დროს ასევე რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება.
  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით და მიმართეთ ექიმს, რომელიც ნაკბენის მიხედვით გაარკვევს კბენა არის შხამიანი თუ უშხამო გველისგან;
  • ეცადეთ დაკბენილიც და თანმხლებიც იყოთ მშვიდად. დაკბენილი პიროვნება დაარწმუნეთ, რომ ექიმი ეფექტურად უმკურნალებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. დაზიანებული (დაკბენილი) არე უმჯობესია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა;
  • თუ კბენა მოხდა ხელის არეში მოიხსენით ბეჭედი ან სხვა რაიმე მორთულობა, რაც დაზიანებულ არეზე ან მის ახლოს გიკეთიათ, ვინაიდან ნაკბენისათვის დამახასიათებელია შეშუპება;
  • თუ დაზიანებული ადგილი შეშუპდა და კანმა ფერი შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გველი შხამიანი იყო;
  • რეგულარულად აკონტროლეთ დაზარალებულის სასიცოცხლო ნიშნები – ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სისხლის წნევა;
  • თუ დაკბენის შემდგომ მოკლავთ გველს, ხელი არ მოკიდოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით სრულ უსაფრთხოებაში. თუ დამკბენი გველის მოკვლა ვერ მოახერხეთ, ნუ დაკარგავთ დროს და ზედმეტად ნუ გარისკავთ. ტრანსპორტირების შემთხვევაში მკვდარი გველი მოათავსეთ მყარ ყუთში ან მკვრივ ტომარაში (პარკი). მიუხედავად ამისა, მკვდარი გველის თავთან იყავით ფრთხილად, ვინაიდან რეფლექსურად 1 საათის განმავლობაში მას კიდევ შეუძლია კბენა.
  • სამედიცინო დაწესებულებებში გველის ნაკბენის შემთხვევაში, მკურნალობისთვის გამოიყენება მონო (თუ გველის სახეობა იდენტიფიცირებულია) და/ან პოლივალენტური (თუ სახეობის იდენტიფიცირება ვერ მოხდა) გველის შხამის საწინააღმდეგო შრატები.
პრევენცია
  • მინდვრად, ტყეში ან სხვაგან ყოფნისას თუ მიწაზე შენიშნავთ ჭრელ, ლამაზ ჯოხს ან მსგავს საგანს არ ეცადოთ მისი ხელში აღება, ან ფეხის დადგმა, ეს შესაძლოა გველი იყოს.
  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული გველების უმეტესობა არაა შხამიანი, თავი აარიდეთ ხელის ხლებასა და მათთან თამაშს, თუ არ გაქვთ სპეციალური მომზადება გავლილი.
  • ნაკბენთა უმეტესობა გამოწვეულია დაზარალებულის მიერ გველის პროვოცირებით (გაღიზიანებით).
  • თუ ხართ გველების გავრცელების ტერიტორიაზე, ან გეეჭვებათ ამ ადგილას გველების არსებობა, ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ჩექმა).
  • თუ თან გაქვთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ, რადგან მსგავსი გამაფრთხილებელი ხმის გაგონებისას გველი თვითონ მოგერიდებათ.

მასალის წყაროები:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი